137 დაღუპული: სისხლიანი კათოლიკური აღდგომა შრი-ლანკაში

სულ მცირე, 137 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა შრი-ლანკაში, ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებების შემდეგ. აფეთქებები დღეს მოხდა, როცა მთელი კათოლიკური სამყარო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა 6 ადგილას განხორციელდა: სამ ეკლესიაში -კოხჩაიკადეში, ნეგომბოსა და ბატიკალოაში აფეთქებები აღდგომის წირვის დროს მოხდა, ასევე, შეტევის მსხვერპლი აღმოჩნდნენ კოლომბოში მდებარე სასტუმროები: The Shangri La, Cinnamon Grand და Kingsbury.

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ქვეყნის დედაქალაქ ნეგომბოში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში – წმინდა სებასტიანის სახელობის ტაძარში მომხდარი თავდასხმაა ასახული – კედლები ჩამონგრეულია და ყველგან სისხლია. როგორც BBC-ს ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა უთხრა, დაღუპულთა შორის, მინიმუმ, 9 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, ტურისტები არიან.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან ახლოს მდებარე სასტუმრო “სინამონ გრანდის” წარმომადგენელმა “ფრანს პრესთან” საუბრისას აღნიშნა, რომ აფეთქებამ რესტორანი მთლიანად გაანადგურა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, მაითრიპალა სირისენამ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა, მხარდაჭერა აღმოუჩინონ გამოძიებას.

მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ფოტოები: REUTERS

 

  • 16
  •  
  •  
  •  
  •