“სამეფო კარის თამაშები” პოლიტიკაში: HBO ტრამპს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ გამოიყენოს სერიალი პოლიტიკური მიზნებისთვის

ტელეარხი HBO აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ სთხოვს, არ გამოიყენოს სერიალის სტილისტიკა და სიმბოლოები მის პოლიტიკურ კოლაჟებში. სერიალის შემქმნელების თქმით, ტრამპი ამას პირველად არ აკეთებს.

18 აპრილს პრეზიდენტის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა კოლაჟი, რომელშიც ტრამპის სილუეტი ნისლის ბურუსშია გახვეული. სურათს ახლავს წარწერა, რომელიც “სამეფო კარის თამაშებში” გამოყენებული შტრიფტითაა აკრებილი:

“თამაში დასრულდა! მოძულეებსა და მემარცხენე რადიკალ დემოკრატებს: არავითარი შეთქმულება! არავითარი ობსტრუქცია!”  

ტრამპის “ტვიტერის” პოსტს HBO-ს პრეს-სამსახური მალევე გამოეხმაურა და საკუთარი აღშფოთება გამოხატა:

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად დიდია ინტერესი “სამეფო კარის თამაშების” მიმართ, განსაკუთრებით – ახლა, როდესაც ბოლო სეზონი გამოვიდა, მაინც ვისურვებდით, რომ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის”, – ნათქვამია HBO-ს განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა ადრე უკვე ორჯერ ისარგებლა “სამეფო კარის თამაშების” თემატიკით. იანვრის დასაწყისში, “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე მან ფოტოკოლაჟი განათავსა, რომელიც მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობას ეხება. მასში გამოყენებული იყო სლოგანი “The Wall Is Coming” (კედელი ახლოვდება). წარწერა ასევე სერიალის საფირმო შრიფტით იყო დაწერილი. თავად ფრაზა კი ძალიან ჰგავდა სერიალის ცნობილ სლოგანს “Winter Is Coming” (ზამთარი ახლოვდება).

ორი თვით ადრე კი, პრეზიდენტმა, “ტვიტერით”, ამავე სტილში განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები განახლდება. წარწერა ფოტოკოლაჟზე იუწყებოდა: “Sanctions are coming” (სანქციები ახლოვდება).

საპასუხოდ, ირანელმა გენერალმა, კასემ სულეიმანმა “ინსტაგრამში” თავისი ფოტო გამოაქვეყნა, მანაც – “სამეფო კარის თამაშების” სტილიზებული  პოსტერით: “I will stand against you” (მე დავდგები შენს წინააღმდეგ). მოგვიანებით, ეს პოსტი წაიშალა.

ნოემბერში HBO-მ პირველად მოუწოდა პრეზიდენტს, არ გამოიყენოს სერიალი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის.

“ჩვენ არ ვიცოდით ამ შეტყობინების შესახებ და ვამჯობინებდით, რომ ჩვენი სამარკო ნიშნები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის”, – განაცხადა მაშინ ტელეარხმა.

“სამეფო კარის თამაშების” პირველი სეზონი 2011 წელს გამოვიდა. 7 წლის განმავლობში, ის გახდა ერთ-ერთი ყევლაზე მაღალბიუჯეტიანი და ძვირადღირებული პროექტი ფენტეზის ჟანრში, თანამედროვე ტელევიზიების ისტორიაში.

მე-8 სეზონის პრემიერა მიმდინარე წლის 14 აპრილს შედგა.

წყარო: BBC

 

  • 1
  •  
  •  
  •  
  •