“სამეფო კარის თამაშები”: ბრან სტარკის როლის შემსრულებელი BBC-ს გადაღებების შესახებ საინტერესო დეტალებს უმხელს

როგორ "დაასპოილერა" ქეითლინ სტარკმა ნედ სტარკი

კინოსაგა “სამეფო კარის” თამაშების ბოლო სეზონი უკვე დაიწყო. მალე მაყურებელი საკულტო სერიალს სამუდამოდ გამოემშვიდობება, თუმცა მანამდე, დარჩენილი ისტორიის გაგრძელებას მოუთმენლად ელის.

როგორც აღმოჩნდა, სწორედ ასე ელოდნენ საკუთარ ბედს ტელესერიალის მსახიობებიც. “როდესაც ისინი ახალი სერიის სცენარს იღებდნენ, პირველი, რასაც ეძებდნენ – სიკვდილი იყო. აინტერესებდათ, უნდა მომკვდარიყვნენ ამ სერიის ბოლოს თუ სიცოცხლეს გააგრძელებდნენ”, – უთხრა BBC-ს ბრან სტარკის როლის შემსრულებელმა, აიზეკ ჰამპსტედ-რაიტმა.

ბრაიან სტარკის პერსონაჟი სერიალში პირველივე ეპიზოდიდან ჩნდება, როდესაც მას კოშკიდან ჯეიმს ლანისტერი აგდებს. შეიძლება ითქვას, რომ ბრანს მაშინ გაუმართლა – ის ცოცხალი დატოვეს. მას შემდეგ აიზეკი ყოველ წელს ნერვიულობდა იმაზე, დაიღუპებოდა თუ არა ბრან სტარკი. და ნერვიულობდა არა მხოლოდ ის.

“პირველი, რასაც მსახიობები სცენარის მიღებისას აკეთებდნენ, ამოწმებდნენ, უნდა მომკვდარიყვნენ თუ არა და მეორე – ამოწმებდნენ, იღუპებოდნენ თუ არა მათი მეგობრები”,- ამბობს აიზეკ ჰამპსტედ-რაიტი.

მისი თქმით, როდესაც წასვლის ჟამი დგებოდა, (როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით), მსახიობებისთვის ეს არანაკლებ რთულად გადასატანი იყო, ვიდრე სერიალის ფანატებისთვის.

აიზეკი ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სცენა “სისხლიანი ქორწილი იყო,” მესამე სეზონში, როდესაც ერთდროულად მოკლეს რამდენიმე მთავარი პერსონაჟი – სტარკების ოჯახიდან:

“ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა და ჩვენს ძვირფას მიშელს (ფეირლი), რიჩარდს (მედენი) და უნუს (ჩაპლინი) დავკარგავდით. ეს ძალიან სამწუხარო ამბავი იყო.”

მსახიობი იხსენებს, რომ ყველაზე ადრე საკუთარი პერსონაჟის – ნედ სტარკის გარდაცვალების შესახებ ცნობილმა მსახიობმა, შონ ბინმა შეიტყო, ისიც – შემთხვევით. ის “დაასპოილერეს”:

“ჩვენ “პილოტს” ვიღებდით და ჯენიფერ ელთან ვსაუბრობდით, რომელიც ქეითლინ სტარკის როლს ასრულებდა. და ამ დროს ის მას ეუბნება: “კი, შენ პირველი წიგნის ბოლოსვე კვდები, შონ!” მან კი გაოგნებულმა უპასუხა: “რა? მართლა?” არ იცოდა, რომ ასე მალე მოკლავდნენ”.

ახლა აიზეკი 20 წლისაა. როცა სერიალის პირველი სეზონის გადაღება დაიწყო, ის მხოლოდ 11-ის იყო. მისმა გმირმა მთელი 8 სეზონი გაძლო, იმოგზაურა კედლის მიღმა, რათა დაეცვა 7 სამეფო და დაბრუნებულიყო, როგორც სამთვალა ყორანი – წინასწარმეტყველი და დროში მოგზაური.

ახალგაზრდა მსახიობი აღიარებს, რომ წლების წინ, როდესაც პროექტზე მუშაობა დაიწყო, ჯერ კიდევ არ იცოდა, გაუძლებდა თუ არა გადაღებების რიტმს.

“მახსოვს პირველი დღე. გადაღებები ძალიან ლამაზ ადგილას იყო – ტოლიმორის ტყეში, ბელფასტთან ახლოს. ვიღებდით იმ სცენას, როდესაც გარეული მგლის ლეკვებს ვპოულობთ, – იხსენებს აიზეკი, – მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა. ეს მართლა სისასტიკე იყო. როდესაც გადაღებიდან სასტუმროში დავბრუნდი, დედას ვუთხარი, რომ არ ვიყავი დარწმუნებული, გავუძლებდი თუ არა. ეს მართლაც რთული იყო. მართალია, მეორე დღეს გამოიდარა, მაგრამ მთელი ამ 10 წლის განმავლობაში, სანამ გადაღებები მიმდინარეობდა, პირობები არც ისე გაუმჯობესებულა – ამინდს ვგულისხმობ”.

აიზეკს საკმაოდ პატარა ასაკში მოუწია სერიალში ისეთ თემებთან შეხება, როგორიც ინცესტი, ძალადობა და სექსი იყო. პირველ სერიაში ის კოშკიდან სწორედ იმის გამო გადმოაგდეს, რომ ლანისტერების ინცესტის თვითმხილველი გახდა.

აიზეკი აღიარებს, რომ ამ ეპიზოდების სანახავად ის ჯერ კიდევ პატარა იყო, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ სერიალში ზოგიერთი შოკისმომგვრელი სცენის ყურება მისთვის არც ისე მტკივნეული იყო, როგორც უბრალო მაყურებლისთვის.

“როდესაც თქვენ გადასაღებ მოედანზე ხედავთ თავმოჭრილ სხეულს და ბიჭს, რომელიც იმალება ბუჩქების უკან და პროტეზიდან სისხლს ქაჩავს, ამით ყველანაირი მაგია იმსხვრევა”, – ამბობს აიზეკი.

რაც შეეხება სექსს, როგორც ბრან სტარკის როლის შემსრულებელი იხსენებს, დედა მას ათასგვარ უხერხულ ლექციას უკითხავდა და თან უმეორებდა: “მისმინე, ძვირფასო, სექსი და-ძმებს შორის არ უნდა მოხდეს, ეს არასწორია”.

იმის მიუხედავად, რომ ცდილობდა, სერიალთან დაკავშირებული ამბები გულთან ახლოს არ მიეტანა, “სამეფო კარის თამაშებმა” აიზეკ ჰამპსტედ-რაიტის ცხოვრებაზე გავლენა მაინც მოახდინა. პირველად ეს მან ბირმინგემის უნივერსიტეტში იგრძნო, როდესაც, 8 კვირიანი სწავლის შემდეგ, 2017 წელს, მათემატიკისა და მუსიკის კურსები მიატოვა, რადგან ძალიან დიდ ყურადღებას იქცევდა.

“აუდიტორიიდან გამოსვლაც კი არ შემეძლო ისე, რომ ვინმესთან სელფის გადაღება არ ეთხოვათ. მეშინოდა სადმე გასვლის, დალევის, რადგან ყველა მე მიყურებდა და ფოტოებს მიღებდა”, – ამბობს მსახიობი.

“დადიოდა ხმები იმის თაობაზე, რომ ყველა, ვინც პირველი სეზონიდან ბოლომდე გაძლებდა, ტატუს გაიკეთებდა, – ამბობს ბრან სტარკის როლის შემსრულებელი, – ასეთი სულ 8 ადამიანი ვართ, ვინც პირველი სეზონიდან დღემდე ცოცხალი გადარჩა. ეს მართლაც უცნაურია.

ყველა ჩვენგანი გრძნობს, რომ თითქოს მთელი ცხოვრება და კარიერა გავიდა, და ამავდროულად, თითქოს ჩვენი ცხოვრება ეს-ესაა დაიწყო… ეს მართლაც სულისშემძვრელი გრძნობაა. უცნაური და სულისშემძვრელი”.

წყარო: BBC

 

 

  • 6
  •  
  •  
  •  
  •