18 წლამდე მორაგბეებმა რუსეთი 64:10 გაანადგურეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა, კალინინგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელ რუსეთს 10 ლელო გაუტანა, 64:10 დაამარცხა და ფინალში ტიტულს ესპანეთთან დაიცავს.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. დავით ჩავლეიშვილის შეგირდები პირველ ტაიმში, უმეტესად, ძალისმიერ სტილში თამაშობდნენ, მეორეში კი ბურთი გაშალეს და შედეგი, ფაქტობრივად, ერთნაირი დადგა – თითო ტაიმში 5-5 ლელო გავიდა.

ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა. შერკინების შემდეგ ბურთი მარჯვენა ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა, ლაშა კაკაურიძე მცველს ერთი-ერთზე გასცდა და ბურთი ლელოს ალამთან მიაწვდინა. დაჩი პაპუნაშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა. მე-17 წუთამდე მასპინძლები დაცვას ახერხებდნენ, მერე ლუკა მატკავამ მცველები შეცდომაზე დაიჭირა, ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში ბურთი ლუკა ივანიშვილს შეაყოლა. თამაში განახლდა თუ არა, მატკავამ ერთხელაც გაჭრა ხაზი და ბურთი ტატო გვიმრაძეს გაატანა, რომელმაც ლელოში თორნიკე ზაქარიაძე შეუშვა. პაპუნაშვილმა ორივე გარდასახა – 19:0.

მალე საქართველომ ნაცად ხერხს მიმართა, დერეფნიდან მოლი დააყენა და გვიმრაძემ ლელო გაიტანა. ამაზე რუსეთმა ჯარიმით გვიპასუხა, თუმცა შესვენებამდე ბოლო სიტყვა კვლავ საქართველოსი იყო. ამჯერადაც მატკავამ გაიბრწყინა, რომელმაც ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაძვრენა მოახერხა, მოკლე დისტანციაზე სამ მბოჭავს დაუსხლტა და მის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა – 31:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ დააყენა მოლი, დაახლოებით, 15 მეტრი დაფარა და ლუკა პეტრიაშვილმა ჩვენი გუნდის მეექვსე ლელო გაიტანა. გარკვეული დროით, თამაში გათანაბრდა და მასპინძლებმა ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ, ერთი საპასუხო ლელო გაიტანეს, რამაც უმცროსი ბორჯღალოსნები გამოაფხიზლა და დასკვნით 12 წუთში კიდევ ოთხი ქართული ლელო გავიდა.

ზაურ ლუტიძემ ხაზი 59-ე წუთზე გაჭრა, ორ მბოჭავს გაექცა და ლელო გაიტანა. ტემპის მატებასთან ერთად, მეტოქის დაცვაში სივრცეები გაჩნდა, თემურ კოხოძემ მარცხენა ფრთაზე ხაზი გაჭრა, ბურთი საპირისპირო ფრთაზე ჩათამაშდა და ლევან ქუშაშვილმა ლელო გაიტანა. კიდევ ორ წუთში ლუტიძემ, კოხოძემ და ნინიაშვილმა ხელით კარგად გაითამაშეს ბურთი და ამ უკანასკნელმა მორიგი ლელო გაიტანა. მერე გიორგი ყუფარაძემ გაჭრა ხაზი და მეათე ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა, დაახლოებით, ერთ წუთში ფრთაზე ჩათამაშდა ბურთი და მიზანს კოხოძე მიყვა. პაპუნაშვილმა ხუთიდან ოთხი გარდასახვა გაიტანა და საქართველომ რუსეთი 64:10 დაამარცხა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი – საქართველო ტიტულს ფინალურ მატჩში ესპანეთთან მატჩში დაიცავს, რომელმაც ნახევარფინალში პორტუგალიას 20:5 აჯობა. შეხვედრა 20 აპრილს, საქართველოს დროით, 20 საათზე დაიწყება.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

კალინინგრადი (რუსეთი)

ნახევარფინალები. 17 აპრილი

ესპანეთი – პორტუგალია 20:5

საქართველო – რუსეთი 64:10

საქართველო: 15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი), 14. ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), 11. ლევან ბრაგვაძე (არმაზი), 10. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. რობი ნერსეზაშვილი (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა), 7. ლუკა ჩქარეული (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).

მარქაფა: 16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია), 17. საბა ხონელიძე (აია), 18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური  (ხვამლი), 22. ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), 24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), 25. თემურ კოხოძე (აია), 26. ლევან ქუშაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ფოტო: რაგბის კავშირი

  • 512
  •  
  •  
  •  
  •