ქართველ ფეხბურთელს გერმანიიდან საქართველოში დეპორტი ემუქრება

ქალაქ ბილეფელდის მოსახლეობა ფეხბურთელის მხარდასაჭერ კამპანიას ატარებს

22 წლის ქართველ ფეხბურთელს, ნიკა მდორეულს გერმანიიდან საქართველოში დეპორტი ემუქრება. მდორეული ქალაქ ბილეფელდის საფეხბურთო კლუბ VFL Theesen-ში თამაშობს და ვეშტფალენის ფუტსალის ლიგაში გამოდის.

ნიკა მდორეული საქართველოში გამოსადეპორტებელთა სიაშია, ადგილობრივები კი ჩრდილოეთ რაინ-ვეშტფალიის მიწის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ფეხბურთელს მხარს გუნდიც უჭერს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანდრეას ბრანდაინი ამბობს, რომ მდორეული კარგად არის ინტეგრირებული გარემოში, რისთვისაც ფეხბურთი იდეალური პლატფორმა იყო. მან გერმანული ენა მალე შეისწავლა და საუბარიც დაიწყო. ბრანდაინის თქმით, ის კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელია.

ქალაქის მაცხოვრებლები ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ, რომ მდორეულის დეპორტირება უსამართლობა იქნება.

22 წლის მდორეული, რომელმაც მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგა, გერმანიაში 2014 წლიდან ცხოვრობს. ქართველი ფეხბურთელი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან არის. ჟურნალისტი სტატიაში აღნიშნავს, რომ გერმანია საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, თუმცა ქვეყნის საგარეო უწყება, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, საკუთარ მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავის შეკავებას მკაცრად მოუწოდებს.

ვეშტფალენის ლიგაში მდარეული 18 წლიდან თამაშობს. ამ ეტაპზე ის ვარჯიშებს ვეღარ ახერხებს, რადგან ხშირად აქვს შეხვედრები და გასაუბრებები სასამართლოსა და სხვადასხვა უწყებაში. 22 წლის ფეხბურთელს, გასულ წელს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრეს და 6 თვიანი ვიზა მისცეს.

ის, ახლა, ყოველდღიურად ქვეყნიდან გამოძევების მოლოდინშია. როგორც ნიკა მდორეულმა ჟურნალისტებს უთხრა, არც კი ახსოვს, ბოლოს როდის ეძინა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა გასულ კვირას ბილეფელდში სამოქალაქო მამაცობა და გმირობა გამოიჩინა. ავტობუსში, სადაც ნასვამი მამაკაცი მგზავრებს თავს ესხმოდა, ქართველმა ფეხბურთელმა მას წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის მოსვლამდე სიტუაციის განეიტრალება სცადა.
ბილეფელდში ქართველი ფეხბურთელის გადასარჩენად კამპანია დაწყეს. გერმანელები ფეხბურთელის ფოტოს აზიარებენ სოციალურ ქსელებში და ხელისუფლებას მდორეულის გადეპორტებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ.
წყარო: www.nw.de
  • 186
  •  
  •  
  •  
  •