მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალები: ვინ არიან ისინი და როგორ იშოვეს ამდენი ფული

როდესაც ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი და მისი ცოლი იყრებიან, ყველასთვის გასაგები იყო, რომ განქორწინების პარალელურად, უზარმაზარი ქონების გაყოფის ჯერი დადგებოდა. ასეც მოხდა: Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი ცოლი მაკენზი ახლახანს შეთანხმდნენ, როგორ უნდა გაენაწილებინათ კაპიტალი.

მაკენზი ბეზოსი Amazon-ის აქციების 4%-ს შეინარჩუნებს, რაც 35,6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ამ ქონებით, ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 24-ე ადგილს დაიკავებს. კაპიტალის მოცულობით, მაკენზი ქალებს შორის მესამე ადგილზე იქნება.

მაშ ასე, ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალები და როგორ შეძლეს მათ ამდენი ფულის შოვნა?

  1. ფრანცუაზა ბეტანკურ-მაიერსი (Françoise Bettencourt Meyers)

კაპიტალი: 49,3 მლრდ დოლარი. ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის მე-15 ადგილს იკავებს. 

მდიდარი მემკვიდრეობა მან დედისგან, ლილიან ბეტანკურისგან მიიღო, რომელიც პარფიუმერული და კოსმეტიკური კომპანია L’Oréal-ის მფლობელი იყო. ახლა მის ქალიშვილს კომპანიის აქციების 33% ეკუთვნის.

ფრანცუაზას დედასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, 2007 წელს სასამართლოში უჩივლა კიდეც. იგი ამტკიცებდა, რომ ლილიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა და გარემოცვა მის ფინანსურ ექსპლუატირებას ცდილობდა.

დედამ და ქალიშვილმა ურთიერთობები ლილიან ბეტანკურის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე აღადგინეს.

65 წლის ფრანცუაზა ბეტანკურ-მაიერსი გატაცებულია სამეცნიერო-კვლევითი მუშაობით. მან რამდენიმე ნაშრომი გამოაქვეყნა ბერძნულ ღმერთებზე, ასევე, ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის ისტორიულ კავშირებზე.

2. ელის უოლტონი (Alice Walton)

კაპიტალი: 44,4 მლრდ დოლარი. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის მე-17 ადგილზეა. 

69 წლის ელის უოლტონი სემ უოლტონის, Walmart-ის სუპერმარკეტების ქსელის დამფუძნებლის ერთადერთი ქალიშვილია. თავისი ძმებისგან განსხვავებით, ელისი არ მონაწილეობდა კომპანიის მართვაში და ხელოვნებით იყო დაკავებული. ბენტონვილში, არკანზასის შტატში ის ამერიკული ხელოვნების მუზეუმის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

3. მაკენზი ბეზოსი

კაპიტალი: მინიმუმ, 35,6 მლრდ დოლარი. ეს მხოლოდ Amazon-ის აქციების მისი კუთვნილი წილის ღირებულებაა. სინამდვილეში, მისი ქონება, შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს. 

მაკენზი ბეზოსი (დაბადებით – მაკენზი ტატლი) 48 წლისაა. 1993 წელს ის ცოლად გაჰყვა ჯეფ ბეზოსს, მათ 4 შვილი ჰყავთ. წარმოშობით კალიფორნიიდანაა. მაკენზი Amazon-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი იყო. მას გამოქვეყნებული აქვს 2 რომანი. მაკენზიმ, ასევე, დააფუძნა ბულინგის საწინააღმდეგო არასამთავრობო ორგანიზაცია Bystander Revolution.

4. ჟაკლინ მარსი (Jacqueline Mars)

აპიტალი: 23,9 მლრდ დოლარი. ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის ამჟამად 33-ე ადგილს იკავებს.  

79 წლის ჟაკლინ მარსს კომპანია Mars-ის მესამედი ეკუთვნის. კომპანია მისმა ბაბუამ, ფრენკ მარსმა 1911 წელს დაარსა. Mars შინაური ცხოველების საკვების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია აშშ-ში, ასევე, უშვებს ამავე სახელწოდების ცნობილ შოკოლადს.

ჟაკლინი კომპანიაში 20 წლის განმავლობაში მუშაობდა და 2016 წლამდე, დირექტორთა საბჭოშიც იყო. ახლა იგი ფილანტროპიითაა გატაცებული და ვაშინგტონის ნაციონალური ოპერისა და ნაციონალური არქივის დირექტორთა საბჭოს წევრია.

5. იან ჰუეიანი (Yang Huiyan)

 

 

 

კაპიტალი: 22, 1 მლრდ დოლარი. ის ჩინეთში ყველაზე მდიდარი ქალია. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში კი 42-ე ადგილს იკავებს. 

 

 

 

 

 

 

37 წლის იან ჰუეიანი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის Country Garden Holdings-ის აქციათა დიდი ნაწილის მფლობელია. ეს კომპანია მსოფლიოს სამშენებლო კომპანიებს შორის წამყვან ადგილს იკავებს.

იან ჰუეიანი აშშ-ში, ოჰაიოს უნივერსიტეტში სწავლობდა. მან კომპანიის აქციათა 57% მამისგან მემკვიდრეობით მიიღო.

6. სიუზან კლატენი (Susanne Klatten)

კაპიტალი: 21 მლრდ დოლარი. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის 42-ე ადგილს იკავებს. 

56 წლის სიუზანი, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, ფარმაცევტული და ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების აქციების შედეგად გამდიდრდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მან ქიმიური კომპანია Altana AG-ის აქციათა 50% მემკვიდრეობით მიიღო, მოგვიანებით კი, აქციათა ყველა პაკეტი შეიძინა. მასა და მის ძმას ასევე ეკუთვნით BMW-ს აქციების თითქმის 50%.

7. ლორინ პაუელ ჯობსი (Laurene Powell Jobs)

კაპიტალი: 18, 6 მლრდ დოლარი. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის 54-ე ადგილზე.

ლორინი Apple-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, სტივ ჯობსის ქვრივია. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მან და მისმა ოჯახმა Apple-სა და Disney-ში 20 მილიარდიანი ქონება მიიღეს.

ამის შემდეგ, 55 წლის ლორინმა ინვესტიციები ჩადო ჟურნალისტიკაში, შეიძინა ჟურნალ Atlantic-ის აქციათა უმეტესობა, ასევე, კაპიტალი დააბანდა Mother Jones-სა და ProPublica-ში.

ლორინი ხშირად ეხმარება ორგანიზაციებს, რომლებიც განათლების სისტემასა და საემიგრაციო კანონმდებლობაში რეფორმების განხორციელების მოთხოვნით გამოდიან.

წყარო: BBC

ფოტოები: REUTERS, GETTY IMAGES, AFP, FORBES.

 

  • 8
  •  
  •  
  •  
  •