მითები და რეალობა: ჯაშუშები რეალურ ცხოვრებაში

ინტერვიუ ბრიტანელ საიდუმლო აგენტებთან

როგორია, იყო ჯაშუში რეალურ ცხოვრებაში? ჰგავს თუ არა ეს ჯეიმს ბონდის თავგადასავალს, ძვირადღირებული ავტომანქანებით, საიდუმლო ოპერაციებით ეგზოტიკურ ქვეყნებში და არაყი-მარტინით, რომელიც უნდა შეაზავო, მაგრამ არ მოურიო? 

ექვსმა აგენტმა ბრიტანეთის სამი საიდუმლო სამსახურიდან: მი-5 (უსაფრთხოების სამსახური), მი-6 (საგარეო დაზვერვის სამსახური) და GCHQ (სამთავრობო კავშირის ცენტრი) BBC-ს თავის საქმიანობაზე უამბო და სპეცსამსახურების შესახებ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევას შეეცადა.

ექვსივე მათგანის სახელი შეცვლილია. 

  1. მი-6-ში მუშაობა ჯეიმს ბონდის თავგადასავალს ჰგავს. 

სინამდვილეში, ეს რეალობასთან ახლოსაც არ არის.

“მაგრამ ჩვენ ხშირად ვაწყდებით მსგავს სტერეოტიპს”, – ამბობს ქეითი, რომელიც უკვე 10 წელია, მი-6-ში კადრების შერჩევასა და მომზადებას უზრუნველყოფს.

“მართალი გითხრათ, ჩვენ მოგვწონს ჯეიმს ბონდთან შედარება, რომლის ცხოვრება სავსეა გლამურით, – აღიარებს იგი, – მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანი არ ატარებს “ასტონ მარტინს”. ძირითადად, მეტროთი ან ავტობუსით დავდივართ”.

ჯონი კი, რომელმაც მი-6-ში 15 წელი იმუშავა, მათ შორის, უცხოეთის მისიებშიც, ამბობს:

“ყველა ეს სტერეოტიპი, რომ იღლიის ქვეშ პისტოლეტი გვაქვს, ხელში კი – ჭიქა მარტინით, არ არის სიმართლე. მაგრამ ბონდის ფილმებში არის ნამდვილი დეტალებიც: ჩვენ გვყავს საკუთარი Q (კვლევითი და ტექნოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი – აგენტ 007-ის შესახებ გადაღებული ფილმების პერსონაჟი). Q რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს. გარდა ამისა, ჩვენ მართლა გვყავს საუცხოო ინჟინრები, რომლებიც ყველა საჭირო გაჯეტით გვამარაგებენ. ოღონდ ჩვენი ბიჭები უფრო მაგრები არიან, ვიდრე ბონდს ჰყავს”.

2. ჯაშუშად მუშაობის დაწყება წარმოუდგენლად რთულია.

სინამდვილეში, ეს, ნაწილობრივ, ასეცაა. ჯო, რომელიც მი-5-ში 15 წელი კადრების შერჩევით იყო დაკავებული, ამბობს, რომ კანდიდატების შემოწმებას, ჩვეულებრივ, 6-დან 9 თვემდე სჭირდება:

“ეს ხანგრძლივი და მოსაწყენი პროცესია, მაგრამ ჩვენ გვყავს შემოწმების სპეციალისტთა ჯგუფი. ისინი საქმეს მნიშვნელოვნად გვიმარტივებენ”.

ამიშამ მი-5-ში ანალიტიკოსად მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო.

“ამ პროცესში რაღაც თერაპიული ეფექტიც კი არის”, – ასე აფასებს ის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს, რომელიც 3-დან 8 საათამდე გრძელდება. ამ დროს კანდიდატი შემოწმების სპეციალისტთან პირისპირ ზის.

3. თქვენ სამსახურში აგიყვანენ, თუ საზოგადოების მაღალი ფენიდან ხართ და ოქსფორდი ან კემბრიჯი დაამთავრეთ. 

სინამდვილეში, ეს ასე სულაც არ არის.

BBC-ს ექვსი რესპოდენტიდან რამდენიმემ მართლაც დაამთავრა ოქსფორდი ან კემბრიჯი. შესაძლოა, ისინი არისტოკრატული ოჯახებიდანაც იყვნენ.

მაგრამ, როგორც დია ამბობს, ეს საქმე არ არის მხოლოდ ამგვარი ადამიანებისთვის. “ეს ძალიან გავრცელებული, არასწორი მოსაზრებაა, – აღნიშნავს ის, – მე არც ოქსფორდში მისწავლია და არც კემბრიჯში. ჩვენთან მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც საშუალო სკოლები დაამთავრეს, ზოგს საერთოდ არ აქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ ჩვენს საქმიანობაში წვლილის შეტანა”.

დიას ჯონიც ეთანხმება: ” 15 წლის წინ ყველა ფიქრობდა, რომ საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო თეთრკანიანი მამაკაცი, რომელმაც პრესტიჟული სასაწავლებელი დაამთავრა. მაგრამ მაშინაც კი ეს სტერეოტიპი არ შეესაბამებოდა რეალობას. დღეს ხომ სინამდვილესთან ახლოს საერთოდ არ არის, – ამბობს ის, – მაგალითად, მე ჩვეულებრივ სახელმწიფო სკოლაში ვსწავლობდი”.

სამივე ბრიტანული საიდუმლო სამსახური ცდილობს, შეარჩიოს თანამშრომლები სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური ჯგუფიდან, განსაკუთრებით, გასულ წელს გამოქვეყნებული საპარლამენტო ანგარიშის შემდეგ, სადაც მათი საკადრო პოლიტიკა გაკრიტიკებული იყო.

4. თუ ნარკოტიკი ერთხელ მაინც გაგისინჯავთ, თქვენთვის გზა საიდუმლო სამსახურისკენ სამუდამოდ გადაკეტილია

სინამდვილეში, აუცილებელი არ არის, ასე მოხდეს.

“ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება, – ამბობს ჯო, – თუ თქვენ, მაგალითად, 16 წლის ასაკში რაღაცას ეწეოდით, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ საიდუმლო სამსახურში სამუშაოდ არ აგიყვანენ. მაგრამ კანდიდატი, თავისთავად ცხადია, ნარკოტიკს არ უნდა იღებდეს”.

კანდიდატები, მუშაობის დაწყებამდე, სავალდებულო ნარკოტესტს აბარებენ – მათ სისხლის ანალიზს უღებენ და ხშირად, თმის ნიმუშსაც ითხოვენ.

ლილი, რომელიც GCHQ-ში ინჟინერ-მკვლევარად 7 წელია, მუშაობს, ამბობს, რომ ტესტის ჩაბარება ზოგჯერ გაუთვალისწინებელ სიტუაციებს იწვევს: “როცა ეს პროცედურა გავიარე, საპარიკმახეროში წავედი. ჩემს სტილისტს, საერთოდ, ბევრი ლაპარაკი უყვარს, მაგრამ მან უცებ შეძრწუნებულმა იყვირა. მე კი ვუთხარი: “უი, თმა არის ამოჭრილი? ნუ ნერვიულობ – ეს შენი ბრალი არაა!”

5. არავისთვის არ შეიძლება იმის თქმა, თუ სად მუშაობთ.

სინამდვილეში, შეიძლება. მაგრამ ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ, ვის ეუბნებით ამას.

“მი-5-ის თანამშრომლებისთვის ასეთი საერთო რეკომენდაციაა: შეგიძლიათ, უამბოთ ოჯახს და ახლო მეგობარს”, – ამბობს ჯო.

ის იხსენებს, რომ გასაუბრების წინ გადაწყვიტა, გაემხილა ოჯახის წევრებისთვის, რომ მი-6-ში მუშაობის დაწყებას აპირებდა.

“მამაჩემი მაშინვე შევიდა თავის კაბინეტში, იქიდან ჯონ ლე კარეს თხზულებებით დაბრუნდა და მითხრა: წაიკითხე ესენი გასაუბრების წინ”, – ჰყვება ჯო, – გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არც ისე კარგი რჩევა იყო… ჩემს ქმარს კი სამსახურზე მხოლოდ მაშინ მოვუყევი, როდესაც ერთად უკვე ნახევარი წელი ვცხოვრობდით. საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მაგრამ ჩვენ დღემდე ერთად ვართ”, – ამბობს ის.

თუმცა საიდუმლო სამსახურების თანამშრომელთა დიდი ნაწილი ამჯობინებს, თქვას, რომ სახელმწიფო სამსახურში მუშაობს ან უბრალოდ, თავს არიდებს პირდაპირ პასუხს.

ჯო აღნიშნავს, რომ მი-5-ში მუშაობის დაწყების მსურველი ზოგიერთი კანდიდატი გასაუბრებაზე მომავალ სამსახურთან დაკავშირებით საკმაოდ უცნაური წარმოდგენებით მოდის. “ზოგჯერ იმასაც მეკითხებიან: შეიძლება, სამსახურში საკუთარი ტანსაცმლით ვიარო, თუ უნდა შევინიღბო?.. ჩემი საყვარელი კითხვა კი, რომელიც ერთმა კანდიდატმა დამისვა, ასეთია: ჩემი შეყვარებული უნდა მივატოვო, თქვენთან მუშაობა რომ დავიწყო? თუ ასეა, მივატოვებ”.

6. ჯაშუშები საკუთარ თავს ამ სახელით არ მოიხსენიებენ. 

სინამდვილეში, როგორ არ მოიხსენიებენ, თუმცა არც ისე ხშირად.

“ვინაიდან ჩვენ იშვიათად ვსაუბრობთ საკუთარ სამსახურზე, ამიტომ ეს სიტყვა ჩვენს ლექსიკონში ხშირად არ გამოიყენება”, – ამბობს ჯო.

ჯონი კი აღნიშნავს, რომ მას სიტყვა “ჯაშუში” ძალიან მოსწონს.

“მე თავს ჯაშუშად ვთვლი. ჯაშუშობაა ის, რასაც ჩვენ ვსაქმიანობთ. ჩვენ ამას კეთილშობილური მიზნებისთვის ვაკეთებთ, ასე რომ, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ საკუთარი თავი ჯაშუშად ჩავთვალო”.

ჯონს ქეითიც ეთანხმება: “ჩვენ საიდუმლოებებთან გვაქვს საქმე. ამიტომ სახელიც შესაფერისია – საიდუმლო აგენტი, ჯაშუში”.

7. ეს სამუშაო ძალიან სერიოზულია, ამიტომ – არანაირი მხიარულება.

სინამდვილეში, ეს იმაზეა დამოკიდებული, ვის თვლით მხიარულ ადამიანად.

ჯონი ჰყვება, რომ ყოველწლიურად მი-6 თანამშრომლებისთვის მხიარულ წარმოდგენას მართავს.

“არის საკითხები, რაშიც ერთმანეთს მეტოქეობას დიდი აზარტით ვუწევთ. ჩვენ, მაგალითად, კულინარიულ დუელებს ვაწყობთ,” – ამბობს ის.

დია კი, რომელმაც GCHQ-ში 10 წელი იმუშავა, დასძენს: “ჩვენთანაც იმართება თანამშრომლებს შორის კულინარიული კონკურსები და ესა ძალიან სახალისოა”.

8. სამსახურში თქვენ დანარჩენ სამყაროს მოწყვეტილი ხართ. 

სინამდვილეში, ეს ასეცაა და არც არის ასე.

სიმართლეა ის, რომ მი-5-ში შესვლისას აუცილებელია მობილური ტელეფონის დატოვება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლები სამყაროსგან აბსოლუტურად იზოლირებულები არიან. განსაკუთრებით, თუ მათ შვილები ჰყავთ.

“არსებობს სპეციალური ტექნოლოგიები, რომლებიც სკოლებს შესაძლებლობას აძლევს, აუცილებლობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდნენ”, – ამბობს ლილი, რომელსაც შვილი თავადაც ჰყავს.

ჯოც დედაა. ის აღნიშნავს, რომ “არ არსებობს სიტუაცია, როდესაც ჩვენი შვილების მასწავლებლებს ჩვენთან დაკავშირება არ შეუძლიათ. მე ვერ ვიმუშავებდი ისეთ ადგილას, სადაც შვილთან კონტაქტს შემიზღუდავდნენ. რაც შეეხება მობილური ტელეფონების გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვას, ეს ზოგჯერ სასარგებლოცაა – მათგან ვისვენებთ”.

9. ჯაშუშებს არ უყვართ ჯაშუშებზე გადაღებული ფილმების ყურება.

სინამდვილეში, ეს გემოვნების საკითხია. BBC-ის ექვსივე რესპოდენტს, მაგალითად, ნანახი აქვს სერიალი “მცველი”.

“ძალიან მომეწონა, – ამბობს ქეითი, – შესანიშნავი ფილმია. მასში საუბარია ორგანიზაციაზე, რომლის შესახებაც ცოტა რამაა ცნობილი. რა თქმა უნდა, ეს ისტორია გითრევს. რაც შეეხება უზუსტობებს, რომლებიც ფილმში მრავლადაა – მე მათ ვერ დავაკონკრეტებ”.

ნამდვილ ჯაშუშებში პოპულარულია BBC-ის კიდევ ერთი სერიალი – “ევას მკვლელობისას”. მასში საუბარია საიდუმლო აგენტებზე, რომლებიც მი-5-სა და მი-6-ში მუშაობენ.

“ძალიან ვისიამოვნე. მსახიობები შესანიშნავად თამაშობდნენ! – ამბობს ამიშა, – თუმცა, ზოგჯერ მინდოდა მეყვირა: ეს ხომ ტყუილია! ეს ასე არ არის! და მინდოდა, ტელევიზორი დამემსხვრია”.

წყარო: BBC

ფოტოები: GETTY IMAGES, GCHQ, COLUMBIA PICTURES, SID GENTLE FILMS.

 

 

 

 

 

.

  • 10
  •  
  •  
  •  
  •  
  •