ყველაზე სახიფათო და სასარგებლო პროდუქტები – ცნობილი მეცნიერების რჩევები კვების ყოველდღიური რაციონის შესახებ

ყოველი მეხუთე ადამიანი მსოფლიოში არასწორი კვების გამო იღუპება

კვების არასწორად დაბალანსებული რაციონის გამო, ყოველწლიურად, მსოფლიოში 11 მილიონი ადამიანი იღუპება, – ამტკიცებს სამეცნიერო ჟურნალში Lancet გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომელიც ავტორიტეტულ კვლევებს ეფუძნება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არასწორი კვება უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ვიდრე სიგარეტი. დღეისდღეობით, ყოველი მეხუთე ადამიანი მსოფლიოში, სწორედ არასწორი კვების გამო, ნაადრევად იღუპება.

ამასთან, მკვლევარებმა შეისწავლეს არა ზედმეტი წონის პრობლემა, არამედ, არასწორი დიეტა, რაც აზიანებს გულს და შესაძლოა, გახდეს კიბოს გამომწვევი მიზეზი.

კვლევების თანახმად, ყველაზე მეტად სიცოცხლის ხანგრძლივობას მარილი ამცირებს, სადაც არ უნდა იყოს ის – პურში, სოიოს სოუსში თუ მზა საკვებში.

სახიფათოდ ითვლება რაციონი, თუ მასში:

  1. ბევრი მარილია – ამის გამო იღუპება 3 მლნ. ადამიანი;
  2.  მარცვლეული პროდუქტების სიმცირეა – იღუპება 3 მლნ. ადამიანი;
  3. არასაკმარისი რაოდენობით ხილია – იღუპება 2 მლნ. ადამიანი.

განსაკუთრებული რისკის მატარებელი, შესაძლოა, აღმოჩნდეს რაციონიდან ნიგვზის, ბოსტნეულის, ასევე, ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების გამორიცხვა, რასაც ზღვის პროდუქტები და ბოჭკოვანი მცენარეები შეიცავს.

“ჩვენი დაკვირვებით, კვება არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მსოფლიოში. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს”, – განუცხადა BBC-ს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ქრისტოფერ მარეიმ.

11 მილიონი გარდაცვალებიდან მსოფლიოში, რისი გამომწვევი მიზეზიც არასწორად დაბალანსებული კვების რაციონი იყო, დაახლოებით, 10 მილიონი ადამიანი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო დაიღუპა, რაც მარილის ჭარბი გამოყენების საფრთხეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მარილი მაღლა სწევს არტერიულ წნევას, რაც, თავის მხრივ, გულის შეტევის და ინსულტის საშიშროებას ქმნის; ის, ასევე, აზიანებს გულსისხლძარღვთა სისტემას და გულის უკმარისობას იწვევს. მეცნიერების აზრით, მარილის დასაშვები ნორმა დღეში მხოლოდ 3,2 გრამია.

მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული საპირისპირო, დადებით ეფექტს ახდენენ. ისინი ეხმარებიან გულს მუშაობაში და ამცირებენ გულსისხლძარღვთა დაავადებების რიკს. მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანმა დღეში 126 გრამი მარცვლეული უნდა მიიღოს.

არასწორმა კვებამ, შესაძლოა,ასევე, გამოიწვიოს კიბო და შაქრიანი დიაბეტი.

კვლევების შედეგების მიხედვით, მსოფლიოში ადამიანების უმეტესობა არ იღებს საჭირო რაოდენობით ნიგოზს და თესლეულს – რეკომენდებული ნორმა დღეში 25 გრამია.

“ჩამოყალიბდა ისეთი მოსაზრება, რომ ეს ენერგიის მომცემი პროდუქტები ადვილად ასუქებს. სინამდვილეში, მათში ძალიან ბევრი სასარგებლო ცხიმია. გარდა ამისა, ბევრი არ თვლის, რომ ამ პროდუქტების მიღება ყოველდღიური რაციონის აუცილებელი ელემენტია. ამას გარდა, ძვირიც ღირს”, – ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ნიტა ფორუჰი.

ბოლო დროს, ხშირად იმართება პოლემიკა იმის თაობაზე, რა უფრო უარესია – ცხიმის ჭარბი გამოყენება თუ შაქრის, ასევე, რამდენად უკავშირდება კიბოს გაჩენა წითელი და გადამუშავებული ხორცის მოხმარებას. მეცნიერების რეკომენდაციით,  დღეში მხოლოდ 22 გრამი წითელი ხორცის და 2,1, გრამი გადამუშავებული ხორცის (სოსისი, ძეხვი) მიღებაა დასაშვები.

“ეს სინამდვილეში სახიფათო ფაქტორებია, რასაც ჩვენ კვლევებშიც ავსახავთ. მაგრამ მარცვლეული პროდუქტების, ხილის, ნიგვზის, თესლეულისა და ბოსტნეულის არასაკმარის მოხმარებასთან შედარებით, ეს პრობლემა ნაკლებად აქტუალურია”, – ამბობს პროფესორი ქრისტოფერ მარეი.

კვლევები ასევე ცხადყოფს, რომ მთელ მსოფლიოში გაზირებულ სასმელს გადაჭარბებული რაოდენობით მოიხმარენ, იმ დროს, როცა მის ნაცვლად, სასურველია 443 გრამი რძის მიღება.

მეცნიერები თვლიან, რომ დადგა დრო, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი კამპანიის მიმართულება შეიცვალოს და ცხიმისა და შაქრის რაოდენობაზე კი არ ვიმსჯელოთ, არამედ ძირითადი აქცენტი ჯანსაღ საკვებზე გადავიტანოთ.

როგორც დადგინდა, არასწორი კვება სიცოცხლის ხანგრძლივობას, საშუალოდ, 2 წლით ამცირებს. თუმცა, პროფესორ მარეის თქმით, ეს მხოლოდ საშუალოსტატისტიკური მაჩვენებელია. სინამდვილეში, მისი აზრით, ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავს ასეთი კითხვა უნდა დაუსვას: “მოვკვდები თუ არა 50 წლის ასაკში, გულის შეტევით? თუ – მოვკვდები 40 წლის ასაკში, კიბოთი, რისი მიზეზიც, შესაძლოა, არასწორი კვება იყოს?”

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც მხოლოდ ჯანსაღ საკვებს მიირთმევენ. თუმცა ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში, კერძოდ, საფრანგეთში, ესპანეთსა და ისრაელში არასწორი კვებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საპირისპირო ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში. მაგალითად, თუ ისრაელში, არასწორი კვების გამო, წელიწადში 100 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 89 იღუპება, უზბეკეთში ეს მაჩვენებელი ყველაზე საგანგაშოა – 892 ადამიანი.

იაპონიასა და ჩინეთში მარილისადმი სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. ნაციონალურ ჩინურ სამზარეულოში უხვადაა წარმოდგენილი სოიოს და სხვა სოუსები, რომლებშიც მარილის დიდი ოდენობაა. მზა საკვების პოპულარობის ზრდასთან ერთად, ჭარბ მარილს სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს, ამის გამო, ჩინეთში – სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იზრდება.

ანალოგიური მდგომარეობა იყო იაპონიაში, 30-40 წლის წინ, თუმცა მას შემდეგ, ქვეყანაში მარილის მოხმარება შეამცირეს. მართალია, იაპონურ სამზარეულოს მარილის გამოყენებაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ იაპონელების დიეტა ხშირად შედგება ხილისა და ბოსტნეულისგან, რაც მარილისგან გამოწვეულ ზიანს ანეიტრალებს და ხელს უშლის გულის დაავადებების გაჩენას.

ბრიტანეთში ახლა პოპულარულია კამპანია, რომელიც კვების რაციონის ხილითა და ბოსტნეულით შევსებას გულისხმობს. მას “დღეში ხუთი”ჰქვია და გულისხმობს იმას, რომ ყოველდღე ადამიანმა ხილისა და ბოსტნეულის 5 ულუფა უნდა მიირთვას.

“თუ ადამიანებს ექნებათ საკმარისი ინფორმაცია და შემოსავალიც, ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესს აირჩევენ. მაგრამ თუ ამ დროს მაღაზიები დაიწყებენ მავნე პროდუქტის გაყიდვას აქციით – “ორი ერთის ფასად”, მთელი ეს მცდელობა წყალში ჩაიყრება, – ამბობს პროფესორი ნიტა ფორუჰი, – ამიტომ აუცილებელია, მოვიხმაროთ პროდუქტები, რომლებიც სასარგებლოცაა და იაფიც. ამის მოხერხება კი შეიძლება”.

წყარო: BBC

ფოტოები: GETTY IMAGES.

 

 

  • 21
  •  
  •  
  •  
  •  
  •