სიკვდილი მეუღლის ღალატისა და ჰომოსექსუალიზმისთვის – ბრუნეიმ შარიათის კანონებით ცხოვრება დაიწყო

ბრუნეის სულთანატში ძალაში შევიდა შარიათის კანონები, რომლის თანახმად, მეუღლის ღალატის ან ჰომოსექსუალური კავშირისთვის, ბრალდებული სიკვდილით დაისჯება, მას ქვებით ჩაქოლავენ ან სიკვდილამდე გაამათრახებენ; ქურდს კი – ხელის მოკვეთა ემუქრება. პირის დამნაშავედ გამოცხადებისთვის კი 4 მუსლიმის ჩვენებაც საკმარისია. 

ბრუნეი პირველი ქვეყანა გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც შარიათის კანონები ეროვნულ დონეზე ამოქმედდა. მიმომხილველები ამბობენ, რომ ქვეყანა “აზიურ საუდის არაბეთს” ემსგავსება.

გაერო და Amnesty International სასტიკი საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვენ, ცნობილი დასავლელი მსახიობები და მომღერლები კი ბრუნეის კომპანიების და მათი კუთვნილი სასტუმროების ბოიკოტირებით იმუქრებიან. ცოტა ხნის წინ, ჯორჯ კლუნიმ განაცხადა, რომ აღარასოდეს გაჩერდება სასტუმროებში, რომლებიც სულთანატის სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოს ჰოლდინგს, Dorchester Collection-ს ეკუთვნის.

“ბრუნეი მონარქიაა და, რა თქმა უნდა, ვერანაირი ბოიკოტი ვერ შეძლებს ამ კანონების გაუქმებას. მაგრამ ნუთუ ჩვენ ფულს გადავუხდით მათ, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს, – განაცხადა მსახიობმა, – ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ამ სასტუმროებში ვჩერდებით, ვსადილობთ ან ვინმეს ვხვდებით, იმ ადამიანების ჯიბეებში ვდებთ ფულს, ვინც საკუთარ მოქალაქეებს სიკვდილამდე ქვებით ქოლავს და ამათრახებს”.

სასტუმროების ბოიკოტირების კამპანიას ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონიც შეუერთდა.

თავდაპირველად, ახალი კანონები ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღეს, თუმცა 2019 წლის 3 აპრილამდე ძალაში არ შესულა. საკანონდებლო ცვლილებების ინიციატორი ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი იყო.

ჰომოსექსუალიზმი ბრუნეიში ადრეც დანაშაულად ითვლებოდა, თუმცა დამნაშავეს ამისთვის მხოლოდ ციხეში სვამდნენ. გეებმა, ლესბოსელებმა და ტრანსგენდერებმა ქვეყანა რამდენიმე წლის წინ დატოვეს, როცა შარიათის კანონების ამოქმედების შესახებ პირველად გახდა ცნობილი. მაგრამ ბრუნეიში ლგბტ თემის  ნაწილი მაინც დარჩა. ახლა ისინი მოსალოდნელ სიკვდილს შიშით ელოდებიან.

“ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, – ამბობს ზოუი, ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ბრუნეიდან გაიქცა და ახლა კანადაში თავშესაფრის მიღებას ელოდება, – ჩვენი ნავთობის მარაგები იწურება, სულთანს კი სჭირდება ძალაუფლების გამყარება, მას შემდეგ, რაც ახალი გადასახადები შევა ძალაში და სუბსიდიები შემცირდება”.

ამერიკული გამოცემის, Oil and Gas Journal-ის შეფასებით, ბრუნეი, ნავთობის მარაგით, რეგიონში მეოთხე ადგილს იკავებს. მოპოვებული ენერგორესურსების ძირითად ნაწილს სულთანატი აზიელ მყიდველებს აწოდებს. მიმდინარე წელს, ჩინური Zhejiang Hengyi Group ბრუნეიში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის და დიდი ნავთობქიმიური კომპლექსის აშენებას აპირებს.

“რეჟიმი სულ უფრო ცდილობს, გახდეს თეოკრატიული და კონსერვატულ ისლამურ იდეოლოგიაზე აპელირებს. და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკა სუსტდება და რეჟიმისადმი ნდობა იკლებს”, – ამბობს ბრიჯიტ უელში, ჯონ კებოტის უნივერსიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საკითხთა ექსპერტი.

ანალიტიკოსების აზრით, ბრუნეის შეუძლია, საბოლოოდ შეაბრუნოს ეკონომიკა ჩინეთის მიმართულებით, თუკი დასავლეთი მის კრიტიკას გააგრძელებს და სანქციების დაწესებასაც გადაწყვეტს. უფლებადამცველები კი იმედოვნებენ, რომ ბრუნეის მეზობლები რეგიონში ასევე გააპროტესტებენ ახალ კანონებს. თუმცა ჯერჯერობით ისინი დუმან.

წყარო: BBC

ფოტოები: GETTY IMAGES

 

  • 5
  •  
  •  
  •  
  •