ნიუ-იორკში “სამეფო კარის თამაშების” გრანდიოზული პრემიერისთვის ემზადებიან (ფოტო, ვიდეო)

სერიალის ფინალური სეზონის პრემიერა 14 აპრილს შედგება

მთელი მსოფლიო 14 აპრილს ელოდება. ამ დღეს ეპიკური სერიალის – “სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონის პირველი სერიის პრემიერა შედგება.

“რეკორდერს” ნიუ იორკიდან მარიამ ავსაჯანიშვილმა ფოტო და ვიდეო მასალა გამოუგზავნა, თუ როგორ ემზადებიან სერიალის შემქმნელები გრანდიოზული პრემიერისთვის.

რაც უფრო მცირე დრო რჩება ბოლო სეზონის პრემიერამდე, მით უფრო მეტი “სპოილერი” ჩნდება მაყურებლისთვის. ჯიმი ფელონის შოუში, არია სტარკის როლის შემსრულებელმა, მეისი უილიამსმა გაამხილა, რომ მისი პერსონაჟი კვდება.

“მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ არია სტრაკი კვდება…” და მსახიობმა პირზე ხელი მიიფარა, თუმცა, მოგვიანებით, მან ამ ფაქტზე იხალისა და განაცხადა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო.

არანაკლებ დამაინტრიგებელია საკულტო სერიალის ბოლო ოფიციალური თიზერი, სადაც მაყურებელი ხედავს, რომ ვინტერფელში ადამიანებმა “თეთრი მოხეტიალეების” წინააღმდეგ ბრძოლა წააგეს. თოვლში მოჩანს ჯონ სნოუს და არია სტრაკის ხმლები და ასევე, ჯეიმი ლანისტერის ხელი, რაც სწორედ მარცხზე აფიქრებინებს მაყურებელს.

როგორც GOT-ის შემქმნელებმა დაანონსეს, ვინტერფელის ბრძოლა კინოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე დიდი საბრძოლო სცენა იქნება.

“ბოლო სეზონის მესამე ნაწილში ბრძოლა გველის, რომელიც შოუს შემქმნელთა გათვლებით, ტელევიზიის ისტორიაში უდიდესი იქნება. ის თითქმის მთელი ეპიზოდის განმავლობაში, ერთ საათს გაგრძელდება”, – განაცხადა ღამის მეფის როლის შემსრულებელმა, ვლადიმირ ფურდიკმა.

მერვე სეზონი 6 სერიისგან შედგება. მსახიობები საზოგადოებას ჰპირდებიან, რომ ის შოკისმომგვრელი იქნება და მაყურებელს პროფესიონალების დახმარებაც კი დასჭირდებათ სტრესისგან გამოსასვლელად.

GOT-ის ფინალური ეპიზოდის გამოსვლამდე ზუსტად 10 დღე დარჩა. ისღა დაგვრჩენია, ავითვალოთ დრო და ვნახოთ, როგორ ემზადებიან ნიუ -ორკში პრემიერისთვის.

 

  • 60
  •  
  •  
  •  
  •