სად გაქრა “სამყაროს მხსნელი”? ლეონარდო და ვინჩის შედევრს ისევ ვერ პოულობენ

აბუ-დაბის ახალ მუზეუმში ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა გამოეფინათ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი – “სამყაროს მხსნელი”. ახლა მუზეუმის თანამშრომლები გაზეთ New York Times-ს ეუბნებიან, რომ არ იციან, სად გაქრა ფერწერული ტილო.

2017 წლის დეკემბერში აბუ-დაბის ლუვრმა (მუზეუმი, პარიზის ლუვრის ნებართვით, მის სახელს ატარებს) სოციალურ ქსელ “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ “სამყაროს მხსნელი” მასთანაა. ნახატის გამოფენა, თავდაპირველად, 18 სექტემბერს იგეგმებოდა, თუმცა მუზეუმმა ჩვენება ისე გადადო, რომ მიზეზი არ აუხსნია.

ახლახანს გაზეთ New York Times-მა, აბუ-დაბის ლუვრის ინკოგნიტო თანამშრომელზე დაყრდნობით, ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, მუზეუმმა არ იცის, სად არის ფერწერული ტილოს ადგილსამყოფელი. როგორც ჩანს, არც პარიზის ლუვრში აქვთ წარმოდგენა, სად გაქრა ლეონარდო და ვინჩის შედევრი, თუმცა ოფიციალურ კომენტარს ამ თემაზე თავს არიდებენ.

“სამყაროს მხსნელი” 2017 წლის ნოემბერში ნიუ-იორკის Christie’s აუქციონზე რეკორდულ თანხად – 450 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. მყიდველი აუქციონში მონაწილეობას ტელეფონით იღებდა და მან ინკოგნიტოდ  დარჩენა არჩია. New York Times-ის ინფორმაციით, ლეონარდო და ვინჩის შედევრში რეკორდული თანხა საუდის არაბეთის პრინცმა, ბადერ ბინ აბდულა ბინ მუჰამედ ბინ ფარხან ალ-საუდმა გადაიხადა. ის ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორია.

სხვა ინფორმაციას აქვეყნებს ფრანგული ყოველკვირეული გამოცემა Journal du Dimanche, რომლის თანახმად, ორმა ინვესტორმა რამდენიმე მსხვილ მუზეუმთან გარიგება დადო და ფერწერული ტილო გამოისყიდა. გამოცემის ცნობით, ინვესტორები ახლო აღმოსავლეთში ან აზიაში მუზეუმებისთვის ნახატის არენდით გადაცემას ან მიყიდვას აპირებდნენ.

როგორ უნდა აღმოჩენილიყო აბუ-დაბის მუზეუმში ნახატი საუდელი არაბებისგან, ესეც უცნობი რჩება.

ფერწერული ტილოს გაურკვეველი ადგილსამყოფელი და მომავალი სპეციალისტებს აშფოთებს და ისევ აჩენს კითხვას მისი ავთენტურობის შესახებ. ექსპერტმა ჟაკ ფრანკმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს წერილი გაუგზავნა, სადაც ნახატის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს.

“სამყაროს მხსნელი” და ვინჩის 20-მდე ნახატს შორის ერთადერთია, რომელიც დღემდე კერძო კოლექციაშია. ვარაუდობენ, რომ და ვინჩიმ ის 1505 წელს დახატა. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ფერწერული ტილო, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ინგლისის მეფე კარლ პირველს ეკუთვნოდა.

1958 წელს ნახატი ლონდონის აუქციონზე პირველად გაიყიდა – 60 აშშ დოლარად, რადგან ითვლებოდა, რომ ის და ვინჩის ერთ-ერთმა მიმდევარმა დახატა.

“სამყაროს მხსნელის” ისტორია, დიდი ხნის განმავლობაში, ბურუსით მოცული იყო. ის მხოლოდ 2005 წელს გამოჩნდა ისევ ბაზარზე და დიდი ინტერესი გამოწვია, როგორც ლეონარდოს “დაკარგულმა” ნამუშევარმა. თუმცა, ოფიციალურად, 2011 წლამდე ითვლებოდა, რომ ეს იყო ლეონარდო და ვინჩის იტალიელი მოსწავლის ნახატის ასლი. 2011 წელს კი, ხელოვნებათმცოდნეების და ექსპერტების კონსორციუმმა დაასკვნა, რომ ნამუშევარი თავად ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნოდა. იმავე წელს, ნახატი ლონდონის ნაციონალურ გალერეაში გამოფინეს, როგორც და ვინჩის შედევრი.

2013 წელს რუსმა მილიარდელმა კოლექციონერმა, დიმიტრი რიბოლოვლევმა ფერწერული ტილო 127,5 მილიონ დოლარად შეიძინა. 2017 წელს კი მისმა მემკვიდრეებმა ნახატი ნიუ-იორკის აუქციონზე გაიტანეს.

New York Times “სამყაროს მხსნელის” ადგილსამყოფელის შესახებ კიდევ ერთ ვერსიას ავითარებს. ინკოგნიტო წყარომ, რომელმაც ნახატის გაყიდვის დეტალების კარგად იცის, გაზეთს უთხრა, რომ ნიუ-იორკიდან, გაყიდული ნახატი ევროპაში გაიგზავნა. დიანა მოდესტინიმ – ნიუ-იორკის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორმა, ასევე განაცხადა, რომ მან, რესტავრაცის ექსპერტის, დანიელ ფაბიანისგან გაიგო, რომ მას გასული წლის შემოდგომაზე ციურიხში ფერწერული ტილოს შეფასება სთხოვეს. მაგრამ, როგორც გაირკვა, ექსპერტიზის ჩატარება გადაიდო და ახლა თავად ექსპერტი კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს. ამის შემდეგ, ნახატის კვალი უგზო-უკვლოდ ქრება.

ფოტოები: CARL COURT/GETTY IMAGES, AFP.

 

  • 19
  •  
  •  
  •  
  •