ბიზნესმენი აჭარის მთავრობის მეთაურს და მერს კორუფციაში ადანაშაულებს

ლევან კანთელაძე: „არის შავი სია, სადაც გარკვეული ხალხი ჰყავთ შეყვანილი. თუ სარგებელი არ აქვს მთავრობას, ხელს არ გაგანძრევინებენ.“

მაგდა კლდიაშვილი

„დექსთერ დეველოპმენტის“ დამფუძნებელი ლევან კანთელაძე აჭარის მთავრობის მეთაურს, თორნიკე რიჟვაძესა და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღიად უპირისპირდება და კორუფციაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი ჩინოვნიკებს ზეწოლასა და მისი კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობაში სდებს ბრალს. საქმე ეხება ბათუმში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, 18- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რისი უფლებაც კომპანიამ 2016 წელს მიიღო, თუმცა მესამე წელია, მერიისგან მშენებლობის დაწყების ნებართვას უშედეგოდ ელის.

როგორც ლევან კანთელაძე „რეკორდერთან“ საუბარში აცხადებს, ბათუმის მერმა მას პირდაპირ უთხრა, რომ აღნიშნული პროექტით რამდენიმე მაღალჩინოსანია დაინტერესებული და აქედან ერთი – თორნიკე რიჟვაძეა, რომელმაც, „დექსთერ დეველოპმენტის“ დირექტორის განცხადებით, ბათუმის მერს კომპანიასთან ურთიერთობა აუკრძალა და დაავალა, რომ ბიზნესმენთან პირისპირ შეხვედრა მოეწყო, რაზეც ლევან კანთელაძემ უარი განაცხადა.

კანთელაძემ აჭარის ხელისუფლებას ორკვირანი ვადა მისცა. ვადის ამოწურვის შემდეგ კი, ის იმმასალების გამოქვეყნებით იმუქრება, რომლებიც, მისი თქმით, აჭარის მთავრობის მაღალჩინოსნებს ამხელს. 

რა მასალებსა და სამხილებზეა საუბარი, ვინ შესთავაზა „დექსთერ დეველომპენტს“ ფული, პროექტის სანაცვლოდ და ვისთან უნდა „მოაგვაროს“ ლევან კანთელაძემ საქმე თბილისში – „რეკორდერი“ ბიზნესმენს ესაუბრა.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პირველი პრობლემა როდის და რომელ სამთავრობო რგოლთან შეიქმნა?

– 2015 წელს, ამ პროექტთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან საბუთები შევიტანეთ. მაშინ, ბატონმა არჩილმა გვიშუამდგომლა მერიასთან და მოგვანიჭეს კოეფიციენტი, რის შემდეგაც უკვე პროექტის გაკეთება დავიწყეთ, ტექნიკური მხარე მოვაგვარეთ. 9 თვის განმავლობაში გვიქმნიდნენ პრობლემებს, რადგან, სადაც ჩვენ უნდა გაგვევლო, იმ ტერიტორიაზე ორი ძეგლია, მაგრამ მას არ ვეხებოდით. პროცესი 9 თვე გაიწელა და აქედან დაიწყო პრობლემებიც. როგორც კი ხაბაძემ ხელი მოაწერა, მთავრობის მხრიდან ინტერესი გამოიკვეთა – პროექტის წართმევა უნდოდათ. ხელოვნურად გვიქმნიდნენ პრობლემებს, თუმცა მაინც მოვახერხეთ მისი გატანა. ძეგლები გავიარეთ და გვაქვს მონიჭებული K1 და K2 კოეფიციენტი. პროექტი დამტკიცებულია და შეთანხმებულია ბათუმის მერიასთან. ძველ მერს, ერმაკოვს აქვს ხელი მოწერილი. დაგვრჩა ბოლო ეტაპი – ბარაკული საცხოვრებლის დემონტაჟი და მშენებლობის ნებართვა. ორი წელია, სიტყვიერი პასუხები მოდიოდა მთავრობიდან, რომ ამ საქმეს ვერ გააკეთებთ, პროექტს ვერ მოგცემთო. ბოლო 4 თვეა, რაც ბათუმში ჩამოვედი, აქამდე ვერ ვახერხებდი. ელექტრონულად ჩავეწერე ქალაქის მერთან, შევხვდი და მქონდა საუბარი, რაზეც განმიცხადა, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდება, დამთავრებულია საქმეო. როდესაც ვკითხე, რას გულისხმობდა, მიზეზი რა იყო, რატომ ვერ უნდა ავაშენოთ – არგუმენტი არ აქვთ, სიტყვიერად ვერ მისაბუთებს და ხელს იშვერს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელისკენ, თორნიკე რიჟვაძისკენ. ბრძანება მაქვს ბატონი თორნიკესგან, რომ ეს სახლი არ უნდა აშენდესო. სიტუაციას რომ გადავხედე, მშენებლობებს ბულვარში, ვეცადე სიტუაციიდან გამოსავალი მომეძებნა. შევთავაზე, თუ თქვენ დამისაბუთებთ, რომ ჩემი პროექტი ბულვარს ცვლის ან ქალაქ ბათუმისთვის გამოუსადეგარია, ან ცუდი პროექტია, დავთმობ მას და ჩანაცვლება გამიკეთეთ, რომ წავიდე და სხვა ადგილზე განვახორციელო, რადგან უკვე დიდიხარჯი მაქვს გაწეული ამ პროექტზე. ჩანაცვლებაზე დამთანხმდა – წერილიმოვამზადოთო. მაშინ მიწაც მაჩვენეს და წერილის პროცედურა დაიწყეთო, სამი კვირა მატარეს ერთსა და იმავე წრეზე. იცოდნენ, რომ ბანკში „მრიცხველი“ მქონდა ჩართული და ელოდებოდნენ. 3 თვე ვერ გავხარჯე ფული ბანკიდან და ისინიც პირობას მიყენებდნენ, ან გაიტანე ფული ან დახარჯეთო. მთავრობა ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო და სწორედ ამით უნდოდათ ჩემი ჩაძირვა. გავიდა სამი კვირა და მერი  მეუბნება, ბატონი თორნიკე არ მაძლევს მიწასო. მიწას, რომელიც თვითმმართველობას ეკუთვნის, რომელიც დამოუკიდებელია, მერიც ხომ დამოუკიდებელია?! – თუმცა, მაინც ვერ განკარგავს კუთვნილ მიწას, თავმჯდომარის გარეშე.

ამ პროექტზე თანხის შემოთავაზებაც იყო, რაზეც უარი ვუთხარით. ვიკითხე ამ თანხის წარმომავლობა, ეს ბიუჯეტის ფული იყო თუ დაინტერესებული პირის, ვინც ამის უკან იდგა, ამაზე სიჩუმით მიპასუხა. ვუთხარი, რომ პასუხი მჭირდებოდა, რადგან იურისტები მელოდებიან თბილისში და რა პასუხს გამცემთ-მეთქი.  რა პასუხი გაგცეთო? რასაც მეუბნებით, ის პასუხი გამეცით, გადაიტანეთ ფურცელზე და არა, ლევან, ამას როგორ დავწერთო. ასეთი მიდგომა აქვთ ყველაფერზე. აქ მარტო მე არ ვარ ამ დღეში. არის შავი სია, სადაც გარკვეული ხალხი ჰყავთ შეყვანილი. თუ არ ხარ მათთან დაახლოებული პირი და შენი საქმიდან სარგებელი არ აქვს მთავრობას, ხელს არ გაგანძრევინებენ.

– ბათუმის მერიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ პროექტში დარღვევები იყო, მანამდე თუ იყო საუბარი ამ საკითხზე?

– არავითარი საუბარი არ ყოფილა. პროექტი 2016 წელს დამტკიცდა. შეთანხმდა მერიის არქიტექტურის სამსახურთან, არქიტექტორმა და მერმა ხელი მოაწერეს და არანაირ ხარვეზზე, ვიდრე ეს განცხადება არ გაკეთდებოდა, საუბარი არ ყოფილა. ახლა მოიმიზეზეს, თუმცა ამასაც ვერ ასაბუთებენ. ამაში გამოვლინდა მათი კრიმინალური მიდგომა.

– თქვენ თორნიკე რიჟვაძე ახსენეთ, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ მის უკანაც ვიღაც დგას.შეგიძლიათ, დაასახელოთ კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მშენებლობის შეფერხებით?

– ვერ გეტყვით. როგორც მერმა განმიცხადა,  ამ დღეებში ვიღაც ოთხ მაღალჩინოსანს უნდა შეხვდეს და ერთადერთი,რაც შემიძლია გიკარნახო, წადი თბილისში და იქიდან მოაგვარე ყველაფერიო. მე განვუცხადე, თბილისში წამსვლელი არ ვარ და კანონის მიხედვით, აქედანვე მოვამთავრებ ყველაფერს. თბილისში ვინ ვეძებო?

– რა მოთხოვნებს უყენებთ აჭარის მთავრობას?

ჩემი მოთხოვნაა,აღსრულდეს კანონი,  სხვა არაფერი.ყველაფერი შეთანხმებული მაქვს, ყველა გზა გავიარე, დემონტაჟის უფლებას არ მაძლევენ, რომელიც კანონიერად მეკუთვნის. დარღვეულია ყველანაირი ვადა და ცოცხალი თავით არ იძლევიან ნებართვას.

 – ორკვირიან ვადას აძლევთ ხელისუფლებას, რომ თქვენი წერილის საფუძველზე მოახდინოს რეაგირება… რა იქნება წინააღმდეგ შემთხვევაში?

– არაფერი. ამ ორი კვირის განმავლობაში, ვაგროვებ შავ სიაში შეყვანილ ხალხს. გარკვეულ ფაქტებს ამოვატივტივებ ზედაპირზე. მინდა, ხალხმა გაიგოს, რომ მე მხოლოდ ჩემი სახელით არ ვსაუბრობ. მინდა ყველას გავაგებინო, რა ხდება და როგორი კორუფციაა აჭარის მთავრობაში, როგორ მუშაობენ აქ.

– თქვენ ამბობთ რომ გაქვთ შესაბამისი მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ ხდებოდა თქვენზე ზეწოლა და ა.შ… რატომ არ ასაჯაროებთ? 

– ასე გიპასუხებთ – ჯერ ველოდები. ბიზნესომბუდსმენსაც მივმართე. აქ, მერიის მრჩეველთა საბჭოში შევიტანე, ხვალ საკრებულოში შევიტან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსაც“ მივმართე. ყველაფერ ამას თავისი პროცედურული ვადა აქვს. ამას ველოდები, როდესაც ამოიწურება, უკვე შევუდგები შემდეგ ეტაპს.

– რა სახის მტკიცებულებებია – დოკუმენტები, თუ ჩანაწერები? კონკრეტული მაღალჩინოსნების მამხილებელია?

– მოკლედ გეტყვით, თავს შევიკავებ ზუსტი პასუხისგან. არის ისეთი სამხილები, რომ  საკმარისია ამ საქმისთვის.

– გამოსავალი რა არის. გაქვთ იმედი, რომ მშენებლობის უფლებას მიიღებთ?

– ამისთვის ვიბრძვი. აქ მეორეხარისხოვანი ხდება უკვე მშენებლობა ჩემთვის. პირველხარისხოვანი სხვა რაღაცა არის. უკანონობას ვებრძვი და არ მინდა, ასე გაგრძელდეს. აქედან, ინფორმაციის 80% არ ჩადის თბილისში. ჩაკეტილები არიან და აქვე აგვარებენ ყველაფერს. ერთადერთი ადამიანი ვარ ამ შავი სიიდან, რომელიც გავიქეცი თბილისში, ბრიფინგი მოვაწყვე, მედიაჩავაყენე საქმის კურსში. ყველაფერს ვამბობ და პასუხი არ აქვთ. თქვენ ბრძანეთ, ამბობენ, პროექტში უხეში დარღვევებიაო… როგორი არარეალურია, მერია, რომელსაც დამტკიცებული აქვს პროექტი, იმას ამბობს, რომ არქიტექტურაში ხარვეზებია. თავის თავს ეწინააღმდეგება.

სასამართლოს ძალით არ შეგიძლიათ, მიიღოთ ეს ნებართვა?

– დღეს ჩემმა ახლობელმა ადამიანმა დამირეკა, რომელსაც სამი ინსტანცია აქვს სასამართლოში მოგებული. მასაც დემონტაჟის უფლებას არ აძლევდნენ, პროექტი დამტკიცებული ჰქონდა. მერმა აღსრულების ვადა დაარღვია და ამ ვადის დარღვევის შემდეგ, ადგა და იმ სახლს, რომელზეც დემონტაჟი უნდა გაეკეთებინა ჩემს მეგობარს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. წარმოიდგინეთ, როგორ უკანონობასთან გვაქვს საქმე.

– თქვენ ახსენეთ, რომ მთავრობის წარმომადგენლებსაც სარგებლის მიღება უნდათ, ისე არაფერს აკეთებენო, კონკრეტული წინადადება მიიღეთ?

– სწორედ ამაშია საქმე, რომ ვერ ბედავენ ამ შემოთავაზებას. არ გაუვათ, ყველაფერი კანონის ფარგლებშია და სწორედ ამიტომ ვართ ჩაკეტილი. პირველად, ხაბაძე-ჭეიშვილის დროს,(ჭეიშვილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, როდესაც დრო  გამიწელეს), ესპანელი ინვესტორი მყავდა ჩამოყვანილი. 4 თვე გველოდებოდა. როდესაც შეატყო, რომ კანონი არ მუშაობდა, გაიქცა. კომახიძემაც და რიჟვაძემაც იციან, რომ „საქართველოს ბანკიდან“ მაქვს კრედიტი აღებული, ამ პროექტის განსახორციელებლად. უნდათ,რომ პროცენტები ვიხადო და ჩავიძირო, შემდეგ კი მათ ვეხვეწო, თქვენს უკან რომ კაცია და ფული შემომთავაზეთ ამ პროექტში, იქნებ მიშველოთ და მათთვის სასურველ თანხაში დავუთმო პროექტი. ბრიფინგზე ვახსენე, რომ ეს არის რეიდერული თავდასხმა, რაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ გააკოტრონ ადამიანი და ბიზნესი მიითვისონ.

ფულზე შემოთავაზება, კონკრეტულად, ვისგან მოდიოდა?

– ლაშა კომახიძისგან, რომელმაც ბოლო შეხვედრაზე მითხრა, რომ ბატონმა თორნიკე რიჟვაძემ საერთოდ ამიკრძალა თქვენთან ურთიერთობა, გაეცალე ამ საქმეს და ყველაფერი ჩემსკენ გადმორთეო. ამავე შეხვედრაზე მითხრა, გარკვეულ თანხად ხომ არ დათმობ ამ პროექტსო, თანხის წარმომავლობაზე კი პასუხი ვერ მივიღე. მითხრა, მე გამწიეს თემიდან და ბატონ თორნიკესთან გექნებათ საქმეო. განვუცხადე, რომ სურვილი არ მაქვს რიჟვაძესთან შეხვედრის. რა უფლება აქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, მერიის კომპეტენციაში რომ ერევა? – არანაირი და ამიტომ, არც მე გამიჩნდა სურვილი, მას შევხვედროდი.

– სწორედ ეს უნდა მეკითხა, ანუ არ აპირებთ რიჟვაძესთან შეხვედრას?

– არა. ლაშა კომახიძემ შემომთავაზა მასთან შეხვედრა, რადგან მას აუკრძალეს ჩვენთან კომუნიკაცია. გადმორთე ეს კომპანია ჩემსკენ და შემახვედრეო. მე სურვილი არ მაქვს. მისი საქმე არ არის. თვითმმართველობაში, მერთან მივდივარ და მას ვთხოვ დემონტაჟის უფლებას. არც მერი ჰყავს ბათუმს და არც  აჭარას – მთავრობა. რასაც ეტყვიან თბილისიდან, იმას აკეთებენ, ამიტომ მიშვებდნენ თბილისში. არ ვიცი,თბილისში ვისთან რა უნდა გავარკვიო? –  დემონტაჟის ამბავი თუ, რატომ და ვისგან ვიბლოკებით?

ლევან კანთელაძემ აჭარის მთავრობას წამზომი უკვე ჩაურთო, ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირება ექნება ადგილობრივ ხელმძღვანელობას ბიზნესმენის გზავნილზე. თავად კანთელაძე უკან დახევას არ აპირებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ არ დათმობს კანონით მინიჭებულ უფლებებს და მის ხელთ არსებულ სამხილებს საზოგადოებას წარუდგენს.

 

  • 130
  •  
  •  
  •  
  •  
  •