Aurora Station – პირველი კოსმოსური სასტუმრო ორბიტაზე, სავარაუდოდ, 2022 წელს გაიხსნება

შესაძლოა, არარეალურად გამოიყურება, მაგრამ 2022 წლიდან ადამიანები შვებულების გატარებას უკვე კოსმოსში მდებარე სასტუმროში შეძლებენ.  

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2018 წლის აპრილში, Space 2.0-ის კონფერენციაზე, სან-ხოსეში (კალიფორნია) გამოაცხადეს, რომ Aurora Station (სადგური “ავრორა”) იქნება მსოფლიოში პირველი სასტუმრო ორბიტაზე. 

“ავრორას” სტუმრებს, 12 დღე-ღამის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ, ისიამოვნონ დედამიწის კოსმოსიდან ყურებით და დააკვირდნენ ჩრდილოეთის ნათებას. მათ არ მოუწევთ ასტრონავტების მსგავსად ცხოვრება, რადგან სასტუმრო – საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ლუქს-ვერსია იქნება. ამასთან, ისინი ნამდვილად კოსმოსში დაიძინებენ, ორბიტაზე, რომელიც ჩვენი პლანეტიდან 200 მილით იქნება დაშორებული.

რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ძვირადღირებული შვებულება იქნება მსოფლიოში. ყველაზე იაფი ბილეთი ერთ პერსონაზე 9,5 მლნ დოლარი ეღირება. თუმცა, როგორც ამ ბიზნესის შემოქმედის – კომპანია Orion Span-ის წარმომადგენლები აცხადებენ, მსურველთა ტევა აღარ არის – მთელი 7 თვის ბილეთები უკვე წინაწარ დაჯავშნილია.

“ჩვენ გვინდოდა, ადამიანებისთვის გაგვეცნო პროფესიონალი ასტრონავტების კოსმოსური ცხოვრების გამოცდილება, – ამბობს Orion Span-ის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ ბანგერი, – თუმცა ველით, რომ სტუმრების უმეტესობა ილუმინატორებს ვერ მოსწყდება… და თუ ვინმე მაინც მოიწყენს, ჩვენ ვირტუალური რეალობის მთელი პროგრამა გვაქვს მომზადებული, სადაც ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რაც კი თავში აზრად მოგივათ – უჰაერო სივრცეში ცურვა, მთვარის ზედაპირზე სიარული, გოლფის თამაში”…

ასე რომ, ნამდვილ ორბიტალურ სადგურზე ასკეტური ცხოვრების სირთულეები კოსმოსურ ტურისტებს არ ემუქრებათ. თუმცა რამდენიმე მსგავსება მაინც შენარჩუნებულია: 4 სტუმარი და ეკიპაჟის 2 წევრი ისეთივე საძინებლით ისარგებლებენ, როგორითაც პროფესიონალი ასტრონავტები და საკვებიც გაყინული იქნება. მაგრამ მათ არ მოუწევთ საკუთარი გადამუშავებული შარდის დალევა – სასმელი წყლით დამსვენებლებს დედამიწიდან მოამარაგებენ. სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, ჩაატარონ მინი-ექსპერიმენტები: მაგალითად, მოიყვანონ საკვებად ვარგისი მცენარეები, რასაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის ყველა წევრი რეგულარულად აკეთებს. კოსმოსში გამგზავრებამდე კი, ყველა მათგანი სერიოზულ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

და რა თქმა უნდა, ყველა მოგზაურს მოუწევს იმავე განცდების დაძლევა, რასაც ნებისმიერი კოსმონავტი გრძნობს, როცა რაკეტა დედამიწის მიზიდულობის ძალას არღვევს.

“ავრორას” პროექტს მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეცნიერთა ნაწილი ამას კაცობრიობის მიერ წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯად აფასებს, ნაწილი კი – შედარებით, სკეპტიკურადაა განწყობილი.

” Aurora Station – ეს ჯერჯერობით მხოლოდ ლამაზი სათამაშოა, გაჯეტი, – ამბობს შვეიცარიის სანკტ-გალენის უნივერსიტეტის ტურიზმისა და ტრანსპორტის კვლევით ცენტრის წარმომადგენელი კრისტიან ლესერი, – ვნახავთ, რამდენად იქცევა პროექტი რეალობად”.

აშშ-ის ემბრი-რიდლის აერონავტიკის უნივერსიტეტის მკვლევარი რობერტ გეჰლიგი კი შენიშნავს, რომ “დღესდღეობით კოსმოსური ტურიზმი არის სფერო, სადაც ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული რეალობა, ილუზია და სამეცნიერო ფანტასტიკა. ამასთან, ძნელი გასარკვევია, რა არის სინამდვილე და რა ირეალობა”.

ამასთან, გეჰლიგიც და ლესერიც აცხადებენ, რომ კოსმოსური ტურიზმი – ეს უკვე რეალობაა.

ყველაფერი კი 2001 წელს დაიწყო, როცა ამერიკელმა დენის ტიტომ რუსულ კოსმოსურ სააგენტოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 7 დღიანი ვიზიტისთვის 20 მილიონი დოლარი გადაუხადა.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა უკვე ემზადება კოსმოსური მომავლისთვის, რასაც მათ ეს ინდუსტრია სთვაზობს: მაგალითად, აშშ-ში შენდება 10 კომერციული კოსმოსური პორტი.

კოსმოსში კომერციული ფრენების ფედერაციის პრეზიდენტი და პროექტ Aurora Station-ის ერთ-ერთი ყველაზე მხურვალე მხარდამჭერი, ერიკ სტალმერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს კანონმდებლობა (Commercial Space Launch Competitive Act), რომელიც 2016 წელს მიიღეს. ის არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პასუხისმგებლობა, რისკი, კომპენსაცია და ა.შ.

მთავარი საკითხი ახლა “სამოქალაქო” კოსმოსური ხომალდების უსაფრთხოებაა. Orion Span-ის დამაარსებელი, ფრენკ ბანგერი ამტკიცებს, რომ “ავრორა”, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მართვის შედარებით მარტივი სისტემითა და მცირე ზომებით, (რაც მნიშვნელოვანია მეტეორიტებთან შეჯახების ალბათობის გასათვლელად), უფრო უსაფრთხოა, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური. ამასთან, ის აღიარებს, რომ სანამ “ავრორა” არ აფრინდება, არავინ არაფრისგანაა დაზღვეული.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ბევრ კითხვას აჩენს – საიდან უნდა მოხდეს “ავრორას” გაშვება და პლანეტის რომელ ადგილას უნდა ეძებონ შემდეგ კოსმოსიდან დაბრუნებული ტურისტები.

თანაც, ეს ინდუსტრია ჯერჯერობით კონკრეტული თარიღების დასახელების შესაძლებლობას არ იძლევა. მაგალითად, Virgin Galactic, რომელმაც გასული წლის დეკემბერში თავისი პირველი წარმატებული სატესტო ფრენა განახორციელა, კვლავაც 9 წლით ჩამორჩება ადრე განსაზღვრულ გრაფიკს. SpaceX და Blue Origin ჯერ ისევ ცდიან საკუთარ ხომალდებს, XCOR Aerospace-მა კი 2017 წელს გამოაცხადა, რომ გაკოტრდა.

ასე რომ, არსებობს სრულიად რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ იმ დროისთვის, როდესაც სასტუმრო “ავრორა” ორბიტაზე ფუნქციონირებას დაიწყებს, ორბიტალურ სადგურზე გაფრენის რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ახლაც საკმაოდ ასაკში არიან, კოსმოსისთვის უკვე ძალიან ხანდაზმულები იქნებიან, ან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმ დროისთვის, გაუარესდება. Aurora Station-ის მოდულის აწყობა ჯერ არ დაწყებულა.

ამასთან, ვისაც კლაუსტროფობიის შიში აქვს, Aurora Station-ზე ადგილის დაჯავშნისგან, უმჯობესია, თავი შეიკავოს – ნომერი 43,5 ფუტი სიგრძის და 14,1 ფუტი დიამეტრისაა. ვერც ფანჯარას გააღებ და “სელფსაც” კი ვერ გადაიღებ – დაბალი გრავიტაციის პირობებში, სახეს არც ისე ჯანსაღი იერი ექნება. ტურისტებს გულისრევის შეგრძნებაც შეაწუხებთ – იქამდე, ვიდრე ორგანიზმი უწონადობას არ მიეჩვევა. დაბალი გრავიტაციაზე ხანგრძლივი ყოფნისას დასუსტდება ძვლები და შეიცვლება თვალის გუგის სტრუქტურა, რაც, შესაძლოა, მხედველობაზეც აისახოს. მართალია, ეს ყველაფერი სასტუმროს სტუმრებს ნაკლებად შეეხება, ვინაიდან ისინი ორბიტაზე მხოლოდ 12 დღეს დაჰყოფენ, მაგრამ მომსახურე პერსონალს კი ნამდვილად ექნება სანერვიულო. როგორც ცნობილია, ნასა, რიგი ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ასტრონავტებს ფრენის დროს სექსისგან თავის შეკავებას ურჩევს, იგივე რეკომენდაცია შეეხება ტურისტებსაც – ასე რომ, რომანტიკული მოგზაურობა ორბიტაზე გამორიცხულია. და რაც ყველაზე საფრთხილოა – ეს დაბინძურებული ნაწილაკებია, რომლებიც კაბინაში აღწევენ. პოტენციურად, კოსმოსურმა რადიაციამ, რომლისგანაც ხომალდის მთლიანად დაცვა ვერ ხერხდება, შესაძლოა, დააზიანოს ადამიანის დნმ-ი.

“კოსმოსური მისია, კერძოდ კი – კომერციული ფრენა არ შეიძლება, განხორციელდეს პრინციპით: “მოდი, ვცადოთ და ვნახოთ, რა გამოვა”, – ამბობს გეჰლიგი – კოსმოსური ხომალდები უნდა იყოს უსაფრთხო, მათი გაშვება არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს გარემოსთვის და, რაც მთავარია, მთელი ეს ოპერაცია უნდა იყოს ეკონომიკურად გამართლებული”.

ლესერის თქმით კი, კოსმიური ტურიზმი ბუნებრივი პროცესის ნაწილია, რომელიც ვერ უნდა შეაფერხოს ვერავინ: “ჯერ კიდევ 30 წლის წინ ანტარქტიდა მიუღწეველი ჩანდა, მასზე კვლევების განხორციელება კი – შეუძლებელი. ახლა ადამიანები იქ მუდმივად მიემგზავრებიან. ჩვენს წინაშე სულ უფრო ხშირად იხსნება ახალი საზღვრები, და კოსმოსი – ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც უნდა გავხსნათ”.

თუმცა, როდის გაიხსნება საბოლოოდ ეს საზღვარი, ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.

წყარო: BBC

ფოტოები:  GETTY IMAGES

 

 

  • 8
  •  
  •  
  •  
  •