ექსკლუზიური ინტერვიუ  UFC-ის ქართველ ვარსკვლავთან

მერაბ დვალიშვილი: "რინგზე ქართულ მუსიკაზე გამოვდივარ, სამშობლოს დროშით, ეს მოტივაცის მაძლევს"

UFC-ს ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, 4 მაისს, კანადაში, ორგანიზაციის სახელით, თავის მეოთხე ბრძოლას გამართავს. დვალიშვილს UFC-ში პირველი ორი ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ მოგებად უღიარა, მსაჯების გადაწყვეტილებით, წაგებად დაუფიქსირდა. სექტემბერში კი, მოსკოვში, ტაირონ ვეარი დაამარცხა და რუსეთის დედაქალაქში საქართველოს დროშა აფრიალდა.

ამჯერად ქართველის მეტოქე კანადელი ბრედ „სუპერმენ“ კატონა იქნება, რომელიც დაუმარცხებელია და კონორ მაკგრეგორთან ერთად ირლანდიაში ვარჯიშობს. მას 9-დან 9 მოგება აქვს, მათ შორის, 2 – UFC-ში. მიუხედავად ამისა, ქართველ მებრძოლს გამოწვევები და ძლიერი მეტოქეები უყვარს. ის მაქსიმალურად ემზადება დაპირისპირებისთვის და გამარჯვებაშიც დარწმუნებულია. 

როგორია ქართველი მებრძოლის ამერიკული ცხოვრება, რატომ მუშაობს ის მშენებლობაზე და როგორ ეხმარება საქართველოდან ამერიკაში ჩასულ ემიგრანტებს – „რეკორდერმა“ მერაბ დვალიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

მიშა ხაჩიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როდის და რატომ დაინტერესდით სპორტით?

– სპორტით ღრმა ბავშვობიდან ვარ დაკავებული. სულ მქონდა სურვილი, რომ კარგი სპორტსმენი გავმხდარიყავი და ჩვენი ქვეყნისთვის წარმატება მომეტანა. ჭიდაობაზე დავდიოდი ბავშვობაში, 9 წლის ასაკიდან თბილისში გადავედით და 11-12 წლიდან შევედი ძიუდოზე, შემდეგ სამბოშიც გამოვდიოდი. ახალგაზრდებს შორის, საქართველოს ტურნირებზე, საპრიზო ადგილებს ხშირად ვიკავებდი. მერე უკვე, ცოტა გვიან, ბრძოლა წესების გარეშე გამოჩნდა, რომელიც ჩემს სახეობად მიმაჩნდა. დაახლოებით, 19 წლის ასაკში, დავიწყე აქტიური ვარჯიში სპორტის ამ სახეობაში.

– რა გზა გაიარეთ ამერიკამდე?

– საქართველოს ჩემპიონატზე გამოვდიოდი, როდესაც 3 გამორჩეული სპორტსმენი სხვადასხვა წონით კატეგორიაში ამერიკაში მიგვიწვიეს, ნორდ-კალორინას შტატში სამოყვარულო ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად. მოწვევა გვქონდა, ვიზები ავიღეთ და წავედით. იქ ვიჩხუბეთ, მოვიგეთ და გამარჯვებულები დავბრუნდით საქართველოში. ამ პერიოდში, ჯარში ვმსახურობდი, საქართველოში. სამხედრო სამსახური მალე დავამთავრე და 2012 წლის ბოლოს წავედი, უკვე დიდი ხნით, ნიუ-იორკში.

– სამსახურის შესახებ რას გვეტყვი. როგორც ვიცით, მშენებლობაზე მუშაობთ ვარჯიშების პარალელურად?

– ამერიკაში ჩამოსვლის დღიდანვე დავიწყე მუშაობა, აქ არავინ გადაგიხდის გადასახადებს, ვერც ნათესავი გაცხოვრებს, ამიტომ უნდა იმუშაო, შენი საქმე უნდა აკეთო. მე ენაც არ ვიცოდი თავიდან და დავიწყე მუშაობა მშენებლობაზე, ზამთრის პერიოდი იყო. კვირაში ერთი ან ორი დღე გვიწევდა მუშაობა, შავ სამუშაოებზე, ძირითადად, დანგრევებზე. მერე ნელ-ნელა რომ გამიცნეს და მოვეწონე, უკვე ინტენსიურად დამასაქმეს და მას შემდეგ, თან ვვარჯიშობ და თან ვმუშაობ.

– UFC-ს შემოსავალი საკმარისი არ არის ცხოვრებისთვის, ისევ რატომ აგრძელებთ მუშაობას მშენებლობებზე?

– წესით, საკმარისია, მაგრამ ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში, ოჯახი მაქვს, ბევრი ხარჯია. ჩხუბში მიხდიან თანხას, საკმაოდ კარგი თანხა ავიღე ბოლო 3 ბრძოლაში, მაგრამ საქართველოში ვიყავი სამჯერ ჩამოსული. ნათესავებს, მეგობრებს სულ ვეხმარები ფინანსურად, საბუთების გაკეთებისთვის გადავიხადე სერიოზული თანხა და შესაბამისად, ისევ ვმუშაობ, პარალელურად.  ბოლოს, ბონუსი მოვიგე. საუკეთესო ბრძოლად აღიარეს ჩემი ჩხუბი რიკი საიმონთან, რომელიც წავაგე აპრილში, თუმცა გადამიხადეს 50 ათასი ევრო ბონუსი და 10 ათასი ჩხუბში. ამის შემდეგ, რვა თვე არ ვმუშაობდი და სულ ვვარჯიშობდი. მაგრამ, როგორც გითხარით, ხარჯი დიდია, ახლა სულ რომ არ ვიმუშავო, არ გამოვა. რა არის თანხა, როცა არ მუშაობ, მალე იხარჯება.

– როგორ მოხვდით ამერიკის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში?

– თავიდან რომ ჩამოვედი, დავიწყე მოყვარულებში. საქართველოში მქონდა პროფესიული წესებით ნაჩხუბარი, მაგრამ არსად იყო დაფიქსირებული ოფიციალურ საიტზე, შესაბამისად, არ ითვლებოდა. დავიწყე ამერიკაში თავიდან, შემდეგ გადავედი პროფესიონალებში. რთული იყო, რა თქმა უნდა, ამ გზების გავლა. მოყვარულებს თანხას არ უხდიან, ვმუშაობდი და ვვარჯიშობდი. Ring of Combat-ის ჩემპიონი გავხდი მალევე. მათი ვერსიით, გავხდი მსოფლიო ჩემპიონიც. დანა უაითს აქვს შოუ – “ვეძებთ მებრძოლებს”, გადაცემის ფორმატში მიდის სხვადასხვა ორგანიზაციაში, ესწრება ჩხუბებს და თუ ვინმე გამოიჩენს თავს ბრძოლით, გადაჰყავს UFC-ში. მე ვისაც ვხვდებოდი, ის იყო წაუგებელი და დანა უაითსი ამ ჩხუბს ესწრებოდა, მისი გადაყვანა უნდოდა, მე კი მას მოვუგე 15 წამში და იმ ბრძოლის შემდეგ, მე გამიფორმა კონტრაქტი და ასე დაიწყო ჩემი კარიერა “იუ ეფ სიში”.

 

 

 

– როგორც ვიცი, UFC-ს ყოფილ ჩემპიონთან, კრის ვეიდმენთან ერთად ვარჯიშობთ და  საუკეთესო მწვრთნელები გყავთ. როგორია შიდა სამზარეულო, რა განწყობებია, როგორია ურთიერთობები?

– ოჯახური და მეგობრული სიტუაციაა დარბაზში. მე განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა მაქვს ქრის ვეიდმანთან, ალია კვინტასთან, რომელიც ახლა ქამარზე ჩხუბობს, ალჯამეინ სტერლინგთან, რომელიც ჩემი წონაა და ერთი ბრძოლის შემდეგ ქამარზე იჩხუბებს, ეგეც ჩემი სპარინგ პარტნიორია. მართლა კარგი ურთიერთობა მაქვს, დიდ პატივს მცემენ, აპირებენ ჩემთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას, შეიძლება, ჩემი მწვრთნელებიც წამოვიდნენ. გუნდური სიტუაციაა, კარგი და ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი ატმოსფერო გვაქვს დარბაზში.  ეს, რა თქმა უნდა, კიდევ დიდი სტიმული და მოტივაციაა, ასეთ კარგ ხალხთან რომ მიწევს მეგობრობა და ურთიერთობა.

– ვარჯიშსა და მუშაობას როგორ ახერხებთ?

– ჩემი სამსახური დილით, რვის ნახევარზე იწყება და 4-ზე ვამთავრებ. 6-დან 9-მდე ვვარჯიშობ, ყოველდღიურად, ბოლო 1 თვე რომ დარჩება ჩხუბამდე, მხოლოდ 3 დღე ვიმუშავებ კვირაში და დანარჩენ დღეებს დღეში 2-ჯერ, გაძლიერებულად ვივარჯიშებ.

– როგორ შეაფასებთ შემდეგ მეტოქეს, როგორია მოლოდინები კანადაში დანიშნულ ჩხუბზე. როგორც ვიცი, მოწინააღმდეგეს კონორ მაკგრეგორის მწვრთნელი ავარჯიშებს, მართალია?

– კარგი მოწინააღმდეგეა, ძლიერი ბიჭია, წაუგებელია, მოყვარულებშიც და პროფესიონალებშიც, კანადელია, მაგრამ ირლანდიაში ვარჯიშობს კონორთან, მისი გუნდელია და ამ ბიჭს აქვს მოგებული დანა უაითსის კიდევ სხვა შოუ, წაუგებელი ჩხუბების. ფრთხილი მოწინააღმდეგეა, ჭიდაობაც კარგად იცის და დგომში ფრთხილია, აგრესიულობით არ გამოირჩევა, თუმცა აქვს ძლიერი დარტყმები. ძლიერი მოწინააღმდეგეა, მაგრამ მე მიყვარს ძლიერი მოწინააღმდეგეები. უფრო მოტივირებული ვარ და აუცილებლად გავიმარჯვებ.

რამდენხნიანი კონტრაქტი გაქვთ UFC-შიდა რა პირობებია გაწერილი?

– ჯერჯერობით, ვჩხუბობ UFC-ში და ვნახოთ. დროში არ არის გაწერილი, ბრძოლების მიხედვით გიგრძელებენ. უბრალოდ, საინტერესო უნდა იყო და ყურებადი. შეიძლება, ოთხივე შეხვედრა წააგო, მაგრამ მაინც გაგიგრძელონ კონტრაქტი, შოუს უნდა დგამდე და მოჩხუბარი იყო. შეიძლება, ოთხივე მოიგო, მაგრამ არ გაგიგრძელონ, საინტერესოდ არ ჩხუბობდე, გარბოდე ან  ა.შ უნდა იჩხუბო გულიანად, სისხლი უყვართ და დაძაბული მომენტები.  “იუ ეფ სიში” პატივს მცემენ, ვუყვარვარ ყველას და კიდევ დიდ ხანს ვიქნები მათთან.  მთავარია, ჩემი ჩხუბები უყვართ და სტილი მოსწონთ.

– რა გრძნობაა, იბრძოდე მსოფლიოს ყველაზე უმაღლეს ლიგაში, იქ, სადაც ყველაზე ძლიერი მებრძოლები არიან?

– ამაღლებული განწყობაა და ძალიან სასიხარულოა, როცა ყველაზე უმაღლეს ლიგაში ჩხუბობ, სადაც ვარსკვლავები არიან. თავიდან უფრო ემოციური იყო, რთულად მეჩვენებოდა, წარმოუდგენელიც კი იყო, თუმცა მერე ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ვფიქრობ, რომ დამსახურებულად ვარ უკვე “იუ ეფ სის” მებრძოლი, ყველასთვის საშიში მეტოქე ვარ და ანგარიშგასაწევი ძალა. ქამარზეც რომ ვიჩხუბო, დარწმუნებული ვარ, მოვიგებ, თუმცა ჯერ არ დამიმსახურებია. მინიმუმ, სამი შეხვედრის მოგება მჭირდება, შემდეგ ქამრისთვისაც ვიბრძოლებ. უნდა დავიმსახურო ქამრისთვის ჩხუბი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

– რა არის თქვენი ძლიერი მხარე, პარტერი თუ დგომი?

– ადრე უფრო პარტერში ვცდილობდი, ახლა მიქსს ვაკეთებ. ალბათ, ყველგან თანაბრად შემიძლია ჩხუბი, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებ მოწინააღმდეგის წაქცევას და ზემოდან მძიმე დარტყმების მიყენებას. დგომშიც საკმაოდ კარგი ვარ, გააჩნია მოწინააღმდეგეს და ამის მიხედვით ვარჩევ ტაქტიკას.

– ვინ არის თქვენი ფავორიტი მებრძოლი?

– ჯორჯ სიტპიერი,  კანადელი ჩემპიონი იყო რამდენიმე წელი. ორ წონაში მოიგო ქამარი. დისციპლინირებული, ჭკვიანი და მოწესრიგებული მებრძოლი იყო და ერთ-ერთი მისაბაძი ჩემთვის. შრომასა და დისციპლინას ძალიან ვაფასებ.

– ბრძოლის წინ, რიტუალი ან რაიმე სახის თილისმა ხომ არ გაქვთ?

– ჩემს თავს ვაბრაზებ ხოლმე ჩხუბის წინ, რათა კარგად ვიჩხუბო, პირჯვარს გადავიწერ ხოლმე, რინგზე ქართულ მუსიკაზე გამოვდივარ, სამშობლოს დროშით, ეს მოტივაცის მაძლევს.

– როგორია ამერიკული ცხოვრება?

– მე თავიდანვე მიზნით ჩამოვედი, რომ ვიყო კარგი სპორტსმენი, მოვუტანო ჩემს ქვეყანას სახელი, ვიბრძოლო “იუ ეფ სიში”. ბევრი სირთულის მიუხედავად, ეს შევძელი. შაბათ-კვირას ქართველებთან ვარ, ემიგრანტებთან. ბევრი ქართველი ჩამოდის, დახმარება სჭირდებათ, გაყოლა, მიხმარება და ვეხმარები ყველას, რითიც შემიძლია. სანაცნობო წრე დიდი მყავს,  ქართულ ღონისძიებებზეც ვესწრები, ვცდილობ, ყველგან ვიყო, აქციებზე, კონცერტებზე და ა.შ.

– წაგება რა მოტივაციას გაძლევთ  მომავალი ბრძოლებისთვის და რას სწავლობთ წაგებისგან?

– გამოცდილებას, რა თქმა უნდა.  წაგების დროს სხვანაირად ხედავ შეცდომებს, ცდილობ, შემდეგში გამოასწორო და ამაზე ისწავლო.  რაც წაგება მაქვს, ძირითადად, რაღაც მიზეზების გამო. ერთხელ სიცხიანი ვიყავი, გავედი, მაინც ვიჩხუბე, ახლო ჩხუბი იყო ძალიან და მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოწინააღმდეგეს მისცეს. მეორე ჩხუბს ვიგებდი, ბოლო წუთი იყო დარჩენილი, წაქცევა გავუკეთე, მახრჩობელაზე დამიჭირა და ხელი არ დავარტყი. დრო გავიდა და მსაჯებმა იმას მისცეს მოგება. ანუ რაღაც ტრაგიკული წაგებები არ მქონია, ან ჯანმრთელობის პრობლემა იყო ან მსაჯების ფაქტორი. თუ ვაგებ, ეს იმისთვის მოხდა, რომ უფრო მეტი გამოცდილება მივიღო და ვისწავლო.

  • 370
  •  
  •  
  •  
  •  
  •