სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით თავშესაფარი არ მოუთხოვია – გერმანელი ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტზე

სტატიის ავტორის თქმით, საქართველო დღეს ნახევრად დემოკრატიული სახელმწიფოა

დებატები უსაფრთხო ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით უპერსპექტივოა, – ამ სათაურით გავლენიანი გერმანული გაზეთი taz .de საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ჟურნალისტი წერს, რომ საქართველო დისკუსიის ჩრდილშია, რადგან მაღრიბის ქვეყნების, ალჟირის, მაროკოსა და ტუნეზიის პარალელურად, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს საქართველოსაც ანიჭებენ, თუმცა საკითხზე შეჯერება ვერ ხდება.

ბუნდესრატს კანონპროექტისთვის მხარი ჯერ არ დაუჭერია. კანონპროექტის წინააღმდეგ არის მწვანეთა პარტია, რომელიც საქართველოს ამ საფეხურზე აყვანას არარეალურად მიიჩნევს. მწვანეთა ფრაქციის სპიკერი ლტოლვილთა პოლიტიკის საკითხებში, ლუის ამსტბერგი აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა მცდარი საგარეო პოლიტიკის სიგნალი იქნება, რადგან სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი რეფორმები საქართვეოში არ არის საკმარისი, ხოლო გერმანიაში მუშა ხელის საჭიროებაა. შესაბამისად, ქართველების ლეგალური გზით დასაქმება ერთ-ერთი კარგი ვარიანტი იქნებოდა.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველო 3,7 მილიონიანი ქვეყანაა შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც დღეს-დღეობით ნახევრად დემოკრატიული სახელმწიფოა. ხშირია ინფორმაცია პოლიციის მიერ ძალადობის ფაქტებსა და მთავრობის მიერ მართული სასამართლოს მიერ მიკერძოებული განაჩენების შესახებ.

რას მოუტანს გერმანიას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადება? –  კითხვას სვამს ჟურნალისტი და იქვე პასუხობს: უფრო სწრაფად და მარტივად მოხდება გერმანიიდან ქართველების გადეპორტება, რაც დღეს-დღეობით დროში გაწერილი პროცესია.

ჟურნალისტი სტატიაში საქართველოს პრეზიდენტის ფოტოს აქვეყნებს ცინიკური წარწერით: “მას ჯერჯერობით თავშესაფარი არ მოუთხოვია. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტუმრად შტაინმაიერთან”.

 

  • 388
  •  
  •  
  •  
  •