მაიამის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიშა ზვერევი იოლად დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-17 ჩოგანი გახდა

წარმატებით აიღო სტარტი მაიამის მასტერსზე, ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე, ძირითად ბადეში, მე-17 ნომრად იყო განთესილი და მისი პირველი მეტოქე, გერმანელი მიშა ზვერევი იყო, რომელიც ახლა, მსოფლიო კვალიფიკაციაში 75-ე ადგილს იკავებს, საუკეთესო მაჩვენებელი კი, კარიერაში 25-ე პოზიცია ჰქონდა.

ბასილაშვილს, მეტოქის დასამარცხებლად, სულ საათი და რვა წუთი დასჭირდა და ორ სეტში, იოლად – 6:3, 6:2 მოიგო.

საინტერესოა, რომ ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ და ქართველმა გერმანელს პირველად მოუგო. ბასილასშვილმა დღეს 20 სარეიტინგო ქულა შეიძინა და 1885 ქულით ახლა მსოფლიო კვალიფიკაციის მე-17 ნომერია, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ამ გამარჯვებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის 1000-იან მასტერსზე უკვე გამოიმუშავა 48 775 დოლარი.

ტურნირის ჩემპიონი, ჯილდოს სახით, 1 მილიონ 354 010 დოლარს მიიღებს.

  • 223
  •  
  •  
  • 0
  •  
  •