ვლადიმირ ვაისი: ძალიან მაინტერესებს, როგორი რესურსი აქვს საქართველოს ნაკრებს

სლოვაკი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ხვალ გულშემატკივრები ფეხბურთელებს პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარებიან

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავკაცი, ვლადიმირ ვაისი, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ, მის ხელთ არსებული რესურსის სრულად გამოყენებას აპირებს.

ამის შესახებ განცხადება სლოვაკმა სპეციალისტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ვაისის განმარტებით, შესაძლოა, შვეიცარია მიმდინარე შესარჩევი ციკლის და კონკრეტული შეხვედრის ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალინდელ მატჩში საქართველოს ის აუცილებლად მოუგებს.

„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შვეიცარია ამ შეხვედრაში ფავორიტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოიგებს. ფავორიტია, იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიო კვალიფიკაციაში მეშვიდე ადგილს იკავებს. თუმცა ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მდგომარეობაში ვართ, როგორ თამაშს ვაჩვენებთ და როგორი ხარისხი იქნება ჩვენზე ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზეც და ამხანაგურ შეხვედრებშიც საკმაოდ სტაბილური თამაშები აჩვენა. რაც შეეხება ხარისხს, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ გუნდის წინააღმდეგ ვაჩვენოთ ის რესურსი, რაც საქართველოს ნაკრებს ამ ეტაპზე გააჩნია“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

ეროვნული ნაკრების თავკაცმა გულშემატკივრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი დახმარებით, ბევრმა მოთამაშემ იმაზე მეტი შესაძლებლობა გამოავლინა, ვიდრე გააჩნდა.

„ვფიქრობ, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგებაში, საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვნად დაეხმარა ის გულშემატკივარი, რომელიც მრავლად მოდიოდა საშინაო თამაშებზე. მთელი გუნდი და ჩვენი შემადგენლობა გრძნობდა იმ მხარდაჭერას, რაც მათგან მოდიოდა. 55 ადამიანის ქომაგობა სტადიონზე – ეს საკმაოდ დიდი რამ არის, განსაკუთრებით, იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც ტრავმა ახლა მოიშუშეს და განსაკუთრებით სჭირდებათ ახლა ეს. ასეთ შემთხვევაში, 20%-30%-საც  კი ნიშნავს ამ ფეხბურთელებისთვის მხარდაჭერა, ძალის და ენერგიის დამატებითი სტიმულია. ვფიქრობ, ხვალინდელი შეხვედრაც არ იქნება გამონაკლისი. რაც შეეხება ჩვენი გუნდის მომავალს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და მზადებაზე, რომელსაც მოთამაშეები კლუბებში გადიან. სამწუხაროა, რომ ტრავმების გამო ფეხბურთელები გვაკლდება, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს ნაკრებს არ ეხება. შვეიცარიაც იგივე მდგომარეობაშია. კიდევ ერთხელ, ძალიან მაინტერესებს, როგორი რესურსი აქვს საქართველოს ნაკრებს და ეს ხვალინდელ შეხვედრაში გამოჩნდება“, – განაცხადა ვაისმა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ, “დინამო არენაზე”, შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: სალომე ბალახაშვილი

  • 32
  •  
  •  
  •  
  •  
  •