Facebook-ში მილიონობით მომხმარებლის პაროლები დაუშიფრავი აღმოჩნდა

Facebook-ის თითქმის 20 ათასამდე თანამშრომელს სოციალური ქსელის რამდენიმე მილიონი მომხმარებლის პაროლებთან წვდომა ჰქონდა, – განაცხადა კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტმა ბრაიან კრებსმა. მისი თქმით, უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობის შესახებ, წყარომ მას Facebook-დან აცნობა: 600 მილიონი პაროლი ბაზაში დაუშიფრავად, ჩვეულებრივი ტექსტის სახით ინახებოდა. ამ პაროლებით, მომხმარებლები, ძირითადად, 2012 წელს დარეგისტრირდნენ.

Facebook-ის ცნობით, პრობლემა ამჟამად აღმოფხვრილია. კომპანიის წარმომადგენელი სკოტ რენფრო აღნიშნავს, რომ ჩატარებულმა შიდა გამოძიებამ აღნიშნული პაროლების ბოროტი განზრახვით გამოყენების ვერც ერთი ფაქტი ვერ გამოავლინა.  Facebook-მა არსებული პრობლემა იანვარში, უსაფრთხოების სისტემის რეგულარული შემოწმების დროს აღმოაჩინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პრობლემა, ძირითადად, Facebook Lite-ის მომხმარებლებს შეეხო, რაც “ფეისბუკის” გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პაროლის აუცილებლად შეცვლა მხოლოდ იმ ადამიანებს მოუწევთ, რომელთა ლოგ-ინი და პაროლი ბოროტი განზრახვით იყო გამოყენებული.

ბოლო პერიოდში, კომპანია Facebook არაერთხელ დაადანაშაულეს მომხმარებელთა მონაცემების არასათანადო დაცვის გამო. 2018 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ლონდონური კომპანია Cambridge Analytica “ფეისბუქის” მომხმარებელთა მონაცემებს აგროვებდა, რათა ისინი პოლიტიკური რეკლამის მიზნით გამოეყენებინა. სამი თვის შემდეგ გაირკვა, რომ Facebook პარტნიორ-კომპანიებს მომხმარებელთა მონაცემებთან წვდომას აძლევდა, მათი ნებართვის გარეშე. სექტემბერში კი “ფეისბუქმა” აღიარა, რომ 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები, უსაფრთხოების სისტემაში არსებული ხარვეზის გამო, დაუცველი იყო.

ფოტო: Reuters

 

 

  • 3
  •  
  •  
  •  
  •