47 დაღუპული – აფეთქება ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში

ჩინეთის აღმოსავლეთით, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “სინხუა” ავრცელებს.

აფეთქება “ცზიანსუ ტიანცზიაის” ქარხანაში, ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 14:50 საათზე მოხდა. აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა, რომელიც მეზობელ შენობებზეც გავრცელდა.

640-მდე ადამიანი, სხვადასხვა დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქედან 90-მდე დაშვებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

აფეთქების ტალღამ ინციდენტის ადგილიდან 5 კილომეტრის რადიუსში მდებარე შენობებზე ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქების დროს, რყევამ 2,2 მაგნიტუდა შეადგინა.

Henglida-ს ქარხნის თანამშრომლებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან 3 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ, აღნიშნეს, რომ იმ დროს, როცა ისინი ქარხნის ტერიტორიის დატოვებას აპირებდნენ, სახურავი ჩამოინგრა.

ხანძრის ჩასაქრობად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროვინციის სხვა რეგიონებიდან დამატებითი სახანძრო ბრიგადები გამოიძახა. ხანძრის ლოკალიზება პარასკევს, ადგილობრივი დროით 03:00 საათზე მოხერხდა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა სააგენტო “ფრანს პრესს” განუცხადა, რომ ქარხანაში სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, დიდი ხანია, არსებობდა: “ვიცოდით, რომ ერთ დღესაც ავფეთქდებოდით”, – თქვა მან. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ქარხანაში რეგულარულად ხორციელდებოდა შემოწმება და სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა არ აღმოჩენილა. ამასთან, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში ყველა ქიმიურ ქარხანას და საწყობს თავიდან შეამოწმებენ.

ჩინეთში სხვადასხვა ინციდენტი, მათ შორის, ხანძრები და კონსტრუქციების ჩამონგრევა, ხშირია. ამის მიზეზად უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფას ასახელებენ. ერთ-ერთი უდიდესი აფეთქება ჩინურ საწარმოში 2015 წლის აგვისტოში მოხდა, ქალაქ ტიანცზინში, რის შედეგადაც 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1000-მდე კი – დაშავდა.

ფოტოები: REUTERS, GETTY IMAGES.

 

  • 2
  •  
  •  
  •  
  •  
  •