როგორ გავხდე ბედნიერი? – ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის 5 მარტივი რჩევა

იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ლორი სანტოსი ამტკიცებს: იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ, საჭიროა ზუსტად ისევე ივარჯიშოთ, როგორც მუსიკოსები და სპორტსმენები ვარჯიშობენ წარმატების მოსაპოვებლად.

“ბედნიერების განცდა არ ჩნდება თავისთავად, საჭიროა ისწავლოთ, როგორ შეიგრძნოთ ის”, – ამბობს სანტოსი. მისი კურსი “ფსიქოლოგია და ბედნიერი ცხოვრება,” უნივერსიტეტის 317 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე პოპულარულად ითვლება. გასულ წელს კურსზე სტუდენტთა რეკორდული რაოდენობა ჩაეწერა- 1200 ადამიანი.

“მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ბედნიერების მისაღწევად სრულიად გააზრებულ ძალისხმევას უნდა მიმართო, ეს კი არც იოლია და დროც სჭირდება”, – ამბობს ლორი სანტოსი.

“ბედნიერებისთვის” მან 5 სავარჯიშო შეიმუშავა:

  1. შეადგინეთ ცხოვრებისეული წარმატებების სია

სანტოსი სტუდენტებს სთავაზობს, კვირის განმავლობაში, ყოველ საღამოს, დღიურში ჩაიწერონ ის მოვლენები, რომლებიც მათ აგრძნობინებს, რომ დღემ ფუჭად არ ჩაიარა. ასე ჩნდება ჩამონათვალი, რის გამოც ადამიანი ბედის მადლიერია.

“შესაძლოა, ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სტუდენტები, რომლებიც ამ სავარჯიშოს რეგულარულად ასრულებენ, თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობენ”, – ამბობს ფსიქოლოგიის პროფესორი.

      2. იძინეთ ბევრი და ღრმად

ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა იძინოთ დღე-ღამეში 8 საათი, მთელი კვირის განმავლობაში.  სანტოსის თქმით, ამის მიღწევა სტუდენტებისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ კარგი, ხანგრძლივი ძილი დეპრესიის რისკს ამცირებს და საერთო განწყობას აუმჯობესებს”, – ამბობს პროფესორი.

  3. დაკავდით მედიტაციით

სანტოსის რეკომენდაციის თანახმად, ადამიანი დღეში 10 წუთი მედიტაციით უნდა დაკავდეს. ის ამბობს, რომ მედიტაცია მას, სტუდენტობის წლებში, სტრესთან გამკლავებაში დაეხმარა. ახლა კი თავად აცნობს სტუდენტებს რამდენიმე კვლევის შედეგებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მედიტაცია და ყურადღების კონცენტრაციის სხვა მეთოდები ბედნიერების განცდას აძლიერებს.

4. მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებსა და მეგობრებს

ფსიქოლოგის თქმით, სულ უფრო მეტი სამეცნიერო შრომა ადასტურებს, რომ ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა განწყობას აუმჯობესებს და ფაქტობრივად, ადამიანებს ბედნიერებს ხდის.

ფსიქოლოგიის ენაზე, ამას “ჯანსაღი პიროვნებათშორისი ურთიერთობები და სოციალური კავშირები” ჰქვია. თუ თქვენს ცხოვრებაში ასეთი რამ არის, მაშინ შანსი, იგრძნოთ თავი ბედნიერად, მნიშვნელოვნად იზრდება.

ამის მიღწევა კი, სანტოსის აზრით, რთული არ არის. საჭიროა, უბრალოდ “შეაჩერო წამი”, შეიგრძნო ახლობელ ადამიანებთან ყოფნის ფასი და იმის მნიშვნელობა, რომ საკუთარ დროს სწორედ მათ უთმობ.

საერთოდ, დროის კონცეტრაცია ბედნიერების განცდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. “ჩვენ ხშირად ვაიგივებთ კეთილდღეობას ფულის რაოდენობასთან, – ამბობს სანტოსი, – თუმცა სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ სინამდვილეში მნიშვნელოვანია ის, რამდენი დრო გვაქვს ჩვენ”.

 5. არ დაჰყოთ დიდი დრო სოციალურ ქსელებში

“სოციალური ქსელები ბედნიერების ყალბ განცდას ქმნის, – ამტკიცებს სანტოსი, – და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას დავუპირისპირდეთ.

ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იყენებენ “ინსტაგრამს”, უფრო ნაკლებად კმაყოფილნი არიან ცხოვრებით, ვიდრე ისინი, ვინც მას არც ისე აქტიურად იყენებს”.

ასე რომ, ყველაფერი მარტივია: თუ თქვენ გსურთ, იყოთ ბედნიერი, საკმარისია, ბედის მადლიერი იყოთ, ბევრი იძინოთ, მეტად მოდუნდეთ, დაუთმოთ დრო ახლობელ ადამიანებს და არა სოციალურ ქსელს.

წყარო: BBC

ფოტოები: GETTY IMAGES, YALE UNIVERSITY OPAC.

 

 

  • 64
  •  
  •  
  •  
  •