გერმანული სოფლები და დასახლებები საქართველოში

რა ტრადიციები დანერგეს გერმანელმა გლეხებმა საქართველოში

ქართველი და გერმანელი ხალხის ურთიერთობის ისტორია საუკუნეებს ითვლის. მრავალი გერმანელი მოგზაური აღფრთოვანებულა ჩვენი ერის და ბუნების სილამაზით. ბევრის შემოქმედებისათვის კი საქართველო შთაგონების წყაროდ ქცეულა. კავკასიითა და საქართველოთი დაინტერესებაზე მიგვითითებს შუა საუკუნეების უდიდესი გერმანელი მწერლის, ვოლფრამ ფონ ეშენბახის სარაინდო რომანები, ასევე, ფონ ვოლკენშტაინის, ადამ ოლეარიუსის, გრიფიუსის, ვინკელმანის, კანტის, ლესინგის, ბოდენ-შტედტის და მრავალ სხვათა შემოქმედაბაში ასახული საქართველოს თემა. გერმანელ მოგზაურთა ცნობები კი ჩვენი ერის ისტორიის არაერთი საკითხისათვის პირველ წყაროს წარმოადგენს.
ერთ-ერთი პირველი გერმანელი, ვინც საქართველოში ჯერ კიდევ 1396-1417 წლებში იმოგზაურა, შიტბერგერი იყო, მოგვიანებით – შობერი, ვოლფი, შნეზე, XVIII-XIX საუკუნეებში – შტედერი, გიულდენშტედტი, რაინეგსი, კლაპროტი, აიხვალდი, ვაგნერი, ჰაქსტჰაუზენი და მრავალი სხვა.
სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში გერმანელთა ჩამოსახლება ცარიზმის უშუალო ხელშეწყობით ხდებოდა, რაც განპირობებული იყო პოლიტიკური და ეკონომიკური მოსაზრებებით. ეკონომიკური პოზიცია იგივე იყო, რაც რუსეთის იმპერიის სხვა კუთხეების კოლონიზაციისა. პოლიტიკური თვალსაზრისი იმაში გამოიხატებოდა, რომ საქართველოში უცხო ეთნიკური ეროვნებების ჩამოსახლებით მეფის ხელისუფლებას თავისი დასაყრდენი გაეჩინა ადგილობრივ მოსახლეობაში.
კოლონისტთა პირველი ჯგუფი 31 ოჯახის (181 სულის) შემადგენლობით თბილისში ჩამოვიდა 1817 წლის 31 სექტემბერს. ეს კოლონისტები სართიჭალის მახლობლად დაასახლეს, კოლონიას კი მარიენფელდი ეწოდა. 1818 წელს ჩვენს დედაქალაქს გერმანელთა დიდი ტალღა მოაწვა (500 კოლონისტი გერმანელის ოჯახი). ისინი თბილისის გუბერნიის სხვადასხვა ადგილას დაასახლეს. გერმანელების ჩამოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე, პერიოდულად, მთელი XIX საუკუნის მანძილზე და საბჭოთა რეჟიმის პირველ წლებშიც გრძელდებოდა.

უკვე XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან თბილისის სიახლოვეს განლაგებული გერმანელთა კოლონიები თბილისის მოსახლეობისათვის გარკვეული პროდუქტების აქტიური მიმწოდებლები გახდნენ. “მათი მეოხებით, თბილისში აუარებელი რძე, კარაქი, კარტოფილი და ლუდი იყო”. აღნიშნულ პერიოდში თბილისში მყოფი გერმანელი მოგზაურის ედუარდ აიხვალდის აზრით, საქართველოში “გერმანელთა მოახალშენეებმა, აგრეთვე, კარტოფილის კულტურაც შემოიტანეს”.

გერმანელების კოლონია “ახალი თბილისი” აკურატულად შეერთებული კოტეჯების ორ რიგს ქმნიდა, რომელთა შორის ფართო გზა გადიოდა. ირგვლივ პატარა ბაღები იყო განლაგებული. საოცრად ლამაზი სანახავი ყოფილა, როდესაც სადღესასწაულო ტანსაცმელში გამოწყობილი მოსახლეობა ეკლესიისაკენ მიეშურებოდა: “ქალები, სუფთა ქუდებითა და წელამდე მოსასხამებში, მათი წითური თმებითა და ჭორფლიანი სახეებით, – აღნიშნავს ინგლისელი მოგზაური რიჩარდ უილბრაჰამი, რომელიც თბილისში, 1837 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა, – მართლაც ვერ შეეცილებოდნენ სილამაზეში თავიანთ შავთვალა და გრძნობიერ მეზობლებს, მაგრამ მათი აკურატული და მოკრძალებული გარეგნობა საკმაოდ გამახალისებელია აღმოსავლელი ქალების უსუფთაო ტანისამოსს შეჩვეული თვალისათვის”.

“ახალი თბილისის” კოლონიაში, ძირითადად, შვაბიიდან გადმოსახლებული გერმანელები ცხოვრობდნენ. კოლონია თბილისიდან ჩრდილოეთით ნახევარი საათის სავალზე მდებარეობდა. დასახლება, ქართულ ღარიბულ სახლებთან შედარებით, მეტად კარგ სანახაობას წარმოადგენდა. “ახალ თბილისში” გერმანელების სახლები თითქმის ყველა ერთსართულიანი იყო. წინ პატარა, ხოლო უკანა მხრიდან დიდი ბაღი აკრავდა, რომელშიც ბოსტნეული მოჰყავდათ და ყვავილები და ხეხილი იყო გაშენებული. ყოველი კომლი ცალკე ცხოვრობდა თავის პატარა სახლში და მას ოჯახის სიდიდის მიხედვით აწყობდა. დიდუბეშიც, გერმანელ კოლონისტთა სახლები, ძირითადად, ერთ სართულად იყო აშენებული, მაღალი სახურავებით, რომელშიც დიდი სხვენი იყო მოწყობილი.
თბილისიდან ოთხი ვერსის მოცილებით განლაგებული იყო გერმანული კოლონია კუკია – იქ, სადაც იმავე სახელობის ქართული სოფელი მდებარეობდა. მისი მეურნეობა საგანგებო ხასიათს ატარებდა და თბილისის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან სამეურნეო ბაზას წარმოადგენდა. მოახალშენეები თესდნენ ხორბლეულს, კარტოფილს, ლობიოსა და სხვა ბოსტნეულს, რომელიც კარაქთან, ყველთან, ნაღებთან და რძესთან ერთად თბილისში ჩაჰქონდათ და იაფად ყიდდნენ. ასევე ამარაგებდნენ გერმანელები ქალაქებს ხბოს ხორცით და ისეთი სახის პროდუქტებით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას იშვიათად გამოჰქონდა. ამ პერიოდში, თბილისელები უფრო მეტად ცხვრის ხორცს ეტანებოდნენ, ხოლო ძროხის რძესთან შედარებით, კამეჩის რძეს აძლევდნენ უპირატესობას.
და მაინც, უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოსახლებული გერმანელებიდან ცოტა იყო მიწის მუშა. მათში ჭარბობდნენ ხელოსნები: მეშუშეები, მექუდეები, მეუნაგირეები, ლურსმნის მჭედლები, მესაათები, ხარატები, ნემსების მკეთებელნი, ზეინკლები, მეიარაღენი, ლუდის მხდელნი, ეტლის მკეთებელნი, მეპურეები, მეკასრეები, დურგლები, მეჩექმეები, კალატოზები და სხვ. 1826-1828 წლების რუსეთ-ირანის ომის დროს მძიმე დარტყმა განიცადეს ქვემო ქართლში მცხოვრებმა გერმანელმა კოლონისტებმა. კერძოდ, 1826 წლის 14 აგვისტოს ქურთების ცხენოსანი ჯარის ათასიანი რაზმი შეიჭრა დმანისთან ახლოს გერმანელთა კოლონია ეკატერინენფელდში და სულ ერთიანად გაანადგურა. დახოცეს 70 კაცი, ხოლო 150, უმთავრესად ქალები – ტყვედ წაიყვანეს.
ლუდის დამზადებას თბილისსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქალაქებში გერმანელი კოლონისტების მიერ დაარსებული საწარმოებით ჩაეყარა საფუძველი. 1850 წელს თბილისის კოლონიაში მცირე ზომის ლუდსახარში დააარსა მადერსმა. მის მიერ გამოშვებულ უხარისხო ლუდს ისევ კოლონისტები იძენდნენ. 1865 წელს დაარსდა ვეტცელის ქარხანა, სადაც ბავარიულ ლუდს ამზადებდნენ. მალე, იმავე კოლონიაში გაიხსნა ლუდის ორი ქარხანა.
გერმანელებმა ასევე ენერგიულად მოჰკიდეს ხელი მევანახეობა-მებაღეობის წარმოებას, განსაკუთრებით, XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ისინი ღვინოს, უმთავრესად, გასაყიდად ამზადებდნენ, ამიტომ მათ ღვინის რაოდენობა უფრო აინტერესებდათ, ვიდრე ხარისხი. ყურძნის ტკბილის გამოწურვის შემდეგ, ჭაჭაზე ასხამდნენ წყალს; განახლდებოდა სუსტი დუღილი და მზადდებოდა დაბალი ხარისხის ღვინო. სიმაგრე 5 გრადუსს არ აღემატებოდა. ასეთ ღვინოს ისინი “ვასერვაინს” – წყალღვინოს უწოდებდნენ, ხოლო გასაყიდად, ფალსიფიცირებულ ღვინოს შაქრით ამზადებდნენ. ისარგებლეს რა ადგილობრივი მუსლიმანური მოსახლეობის ღვინის საქმეში გაურკვევლობით, მრავალი გერმანელი გამდიდრდა შაქრისაგან დამზადებული ღვინის გაყიდვით.

საყურადღებო გარემოებაა, აგრეთვე, რომ საქარ-თველოში დასახლებულ გერმანელთა ახალშენებში გერმანელებმაც ვაზის ქართული ჯიშები შეითვისეს და ზოგიერთის ქართული სახელივე, ანდა მისი გერმანული თარგმანი შეინარჩუნეს: მაგალითად, 1. საფერაუ საპეაუ ანუ ფარბერ; 2. მწვანე გრუნბეერენ, ანუ მწვანემარცვალა; 3. რქაწითელი “ზოტჰოლრერ”, ე.ი. ლურჯლერწმიანი. ასეთი სახელები თბილისის სამხრეთით მდებარე გერმანელთა ახალშენებში – ეკატერინენფელდსში, ელიზავეტტალში, ალექსანდერსდორფში, მარიენფელდში, პეტერსდორფსა და ფროიდენტალში იყო გავრცელებული.
მნიშვნელოვნად იყო განვითარებული გერმანულ კოლონიებში მეფორნეობა, რასაც, უმთავრესად, თბილისის მახლობლად მდებარე კოლონიების შედარებით ღარიბი მოსახლეობა მისდევდა. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასასრულისათვის, სამხრეთ კავკასიაში რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით, მეფორნეობის მნიშვნელობა დაეცა და იგი თანდათან შემცირდა.
გერმანელების რაოდენობა საქართველოში მკვეთრად იზრდება განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უცხოურმა, და კერძოდ, გერმანულმა კაპიტალმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი რუსეთის იმპერიაში. XX საუკუნის დამდეგისათვის, გერმანელების ძველ კოლონიათა ბაზაზე წარმოიშვა ახალი დასახლებები. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კავკასიის ადმინისტრაციის ცდას – ჩაესახლებინა ისინი დასავლეთ საქართველოში, შედეგი არ მოჰყოლია. ამაში თვით კოლონისტებს მიუძღვოდათ “ბრალი”. მეფის მთავრობის ხელშეწყობით, კოლონისტები წარმოადგენდნენ კარჩაკეტილ კასტას, რომელთა მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო არა მარტო ადგილობრივ გლეხობასთან, არამედ თვით რუს კოლონისტებთან შედარებითაც კი. სწორედ ამით იყო გამოწვეული, რომ გერმანელი კოლონისტები, უკეთეს შემთხვევაში, ინდეფერენტულად იყვნენ განწყობილნი XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისში სამხრეთ კავკასიაში მომხდარი სოციალურ-პოლიტიკური ძვრების მიმართ.

ძველ თბილისში, როგორც ჩანს, გარკვეული “ეროვნული სპეციალიზაცია” შემუშავდა. იგი განაგრძობდა არსებობას საბჭოთა რეჟიმის პირველ წლებშიც.
კბილის ექიმები, ძირითადად, ებრაელები იყვნენ. ფოტოგრაფების უმეტესობაც ებრაელებით იყო დაკომპლექტებული: მაგალითად, “კოზაკი” – თავისუფლების მოედანზე, “შიხმანი” – პუშკინის ქუჩაზე და სხვ. აფთიაქები კი უმეტესად გერმანელებს ეკუთვნოდათ. თბილისელი ევგენი ზემელი, ეროვნებით გერმანელი, აფთიაქის მეპატრონე, ტრამვაის ვატმანებს ფულს უხდიდა, რომ აფთიაქთან ახლოს გაჩერებაზე მგზავრებისთვის ხმამაღლა შეეხსენებინა ზემელის გაჩერება.
გერმანელების მეურნეობაში შრომის მაღალი დონე განპირობებული იყო ქალებისა და ბავშვების “მტაცებლური” ექსპლოატაციით. მძიმე შრომის გამო, ქალებში გავრცელებული იყო კუჭნაწლავის ორგანოების დაავადება. გერმანელები ბაღებსა და მინდვრებში მუშაობას ერთდროულად აწარმოებდნენ: ისევე ცხადდებოდნენ თავის სამუშაო ადგილზე, როგორც ფაბრიკებსა და ქარხნებში მუშები. დისციპლინა და წესრიგი კოლონისტებში მისაბაძი იყო, სიმკაცრე კი, ზოგჯერ – ღიმილის მომგვრელი. მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლება ბავშვებს სჯიდა სხვისი ბაღიდან კიტრის ან თუნდაც ყურძნის ერთი მარცვლის აღებისათვის. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ მეფის მთავრობა იმედით უყურებდა კოლონისტებს, თითქოს ისინი ადგილობრივ მოსახლეობას მეურნეობის ევროპულ ყაიდაზე წარმოებას შეასწავლიდნენ. სინამდვილეში, ასურეთელი გერმანელები ადგილობრივი დიდი გუთნით ხნავდნენ მიწას და ქართული კევრით ლეწავდნენ პურის ყანას. ბორჩალოს მაზრის გერმანულ სოფელ ეკატერინენფელდში უკვე 1921 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა მევენახეობის და მეღვინეობის კოოპერატივი, რომელსაც თავისი წესდება გააჩნდა. ამავე მაზრაში, კოლონია ვალდჰეიმში, შეიქმნა მერძევეობის არტელი. ანალოგიური ამხანაგობა მოქმედებდა წალკის რაიონის ტერიტორიაზე, კოლონია ალექსანდერს ჰილში. საერთოდ, მერძევეობის განვითარებაზე საქართველოში გარკვეული გავლენა მოახდინეს გერმანელმა კოლონისტებმა. 1922 წელს მათი ქარხნები ბორჩალოს მაზრაში იჯარით ჰქონდათ აღებული კოოპერატივებს. ასე მაგალითად, სოფელ მაშუტლოში კურტ კუჩენბახის ქარხანა არენდით აღებული ჰქონდა მუშათა კოოპერატივს. სოფელ მოგაზ კასანეში, ალექსანდრე კუჩენბახის ქარხანა – მთლიან სამხედრო კოოპერატივს და სხვ.
ამავე პერიოდში, კოლონია ტრაუბენბერგში ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო ამხანაგობა, ხოლო კოლონია ელიზავეტტალში დაიწყო ელექტროსადგურისა და წისქვილის მშენებლობა.
თბილისის მოსახლეობის ზოგიერთი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე გერმანელებს განსაზღვრული მოვალეობა ჰქონდათ დაკისრებული. ამიტომაც ისინი სთხოვდნენ ხელისუფლებას, შეღავათი გაეწია ზემოაღნიშნული დავალების შესასრულებლად.
გერმანული სოფლების საერთო მდგომარეობა გამოირჩეოდა მეურნეობის აღმავლობით. კერძოდ, იზრდებოდა ღარიბი და საშუალო გლეხობის ეკონომიკური პოტენციალი. ამავე დროს შეიმჩნეოდა უკმაყოფილება ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკის მიმართ. ამას ემატებოდა კოლონია ლუქსემბურგის, როგორც სამაზრო ცენტრის კერძო და საზოგადოებრივი შენობების საერთო სამაზრო დაწესებულებებად გამოცხადება.
1927 წელს საქართველოში არსებობდა 13 გერმანული კოლონია 9253 მოსახლით: 1. ელიზავეტტალი, 2. ლუქსემბურგი, 3. როზენფელდი, 4. ლიბკნეხსდორფი, 5. როზენბერგი, 6. ვალდჰეიმი, 7. გეორგესტალი, 8. მარკსგეიმი, 9. ანენფელდი, 10. ვიზენდორფი, 11. შტეინფელდი, 12. გოფნუგსტალი, 13. გრიუნტალი. თბილისში ცხოვრობდა 4 200 გერმანელი. აღნიშნულ პერიოდში. გერმანელებზე გავრცელდა ტენდენციური აზრი, თითქოს ყველა მათგანი, შეძლების დონით, კულაკს წარმოადგენდა. ასეთი მიდგომა არასწორი იყო, რადგან ის გერმანელი, რომელიც თვითონ ამუშავებდა მისთვის განკუთვნილ მიწას, არ იყენებდა დაქირავებულ შრომას და მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად აწყობდა მეურნეობას და უკეთესად ცხოვრობდა, ვიდრე სხვა ეროვნული უმცირესობა, რატომ უნდა ჩათვლილიყო კულაკად? კულაკის სტატუსი კი, ვიცით, რა სასჯელსაც ითვალისწინებდა. რეალური მონაცემებით, გერმანელების 60% საშუალო გლეხი იყო, 30% – წვრილი და მხოლოდ 10% შეიძლება ჩაითვალოს, მაშინდელი შეხედულებით, შეძლებულ და კულაკ გლეხად. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაში ჩაბმული იყო გერმანული გლეხური მოსახლეობის 88%, სამომხმარებლო კოოპერაციაში – 70%, ხოლო საკრედიტო ამხანაგობაში – 40%. 1930 წელს გერმანელებისათვის შეიქმნა კოლმეურნეობები ასურეთსა და სართიჭალაში. იმავე წელს. ლუქსემბურგელი გერმანელების – ფრიც რაიზერის, მილლერ ფრანსის და სხვათა ინიციატივით, ჩამოყალიბდა გერმანელთა კოლმეურნეობა “ანფანგ” (დასაწყისი). 1933 წლის 1 იანვრისათვის “ანფანგში” უკვე გაერთიანებული იყო 480 ინდივიდუალური მეურნეობა. იმავე წელს, მას შეემატა კიდევ 27 ოჯახი. ასეთ ვითარებას ჰქონდა ადგილი გერმანელებით დასახლებულ სოფელ ტრაუბენბერგშიც. როზენფელდის მერძევეობის ამხანაგობა “ლაქტა” აერთიანებდა 260 გერმანელს. რძის რეალიზაციიდან მიღებული თანხის 19% მიმდინარე ხარჯებისათვის იყო გათვალისწინებული, 81%-ს კი იღებდნენ არტელის წევრები, ჩაბარებული რძის რაოდენობის მიხედვით. არტელის წევრებში ჭარბობდნენ შეძლებული გლეხები, რომელთაც 8-12 სული ძროხა ყავდათ, ღარიბ გლეხებს – მხოლოდ 1 ძროხა. 1926-1927 წლებში ღარიბი გლეხების შემოსავალი შეადგენდა 28 მანეთსა და 29 კაპიკიდან – 50 მანეთსა და 46 კაპიკამდე. მდიდარი გლეხის შემოსავალი მერყეობდა 302 მანეთი და 7 კაპიკიდან – 1949 მანეთსა და 31 კაპიკამდე.
საბჭოური პროპაგანდის გავლენითმ გერმანელებში ზოგჯერ იგრძნობოდა ე. წ. კლასობრივი თვითშეგნების ფაქტებიც. ღარიბი გლეხები უპირისპირდებოდნენ მდიდარ თანამემამულეებს. მაგალითად, სამანქანო ამხანაგობიდან მათ შეძლეს გაერიცხათ 14 მდიდარი და საშუალო შეძლების გერმანელი გლეხი. ბოლშევიკების გავლენით, ლუქსემბურგში მცხოვრები გერმანელების ერთი ნაწილის ბედი იმავე პერიოდში სხვაგვარად დატრიალდა. 1929 წელს აქ ადგილი ჰქონდა მოჯამაგირეთა მძლავრ გამოსვლებს. საქართველოს მიწა-ტყის მუშაკთა პროფკავშირის VIII ყრილობაზე (1930) ლუქსემბურგის რაიონის დელეგატმა გველესიანმა განაცხადა: 1929 წელს ცენტრალური გამგეობის მხარდაჭერით, ლუქსემბურგში გაიფიცნენ მოჯამაგირეები. გაფიცვის გამო, ლუქსემბურგის გერმანელი ქვეშევრდომები გერმანიაში წავიდნენ და უპატრონოდ მიატოვეს ბაღები.
გერმანელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ მომავალი თაობის განათლებას. თბილისის მაზრის გერმანულ კოლონიებში (8 კოლონია), რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა 4400 შეადგენდა, კულტურის დონე გაცილებით მაღალი იყო. სასკოლო ასაკის ბავშვები 100%-ით იყვნენ ჩაბმული სასწავლო პროცესში. ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, გერმანელთა თითქმის ყველა კოლონიაში იყო სასწავლო დაწესებულება. მასწავლებელი, კოლონისტებს შორის, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და პასტორის შემდეგ, ყველაზე საპატიო პიროვნებად ითვლებოდა. XIX საუკუნის 70-იან წლებამდე, სწავლება გერმანულ სკოლებში მხოლოდ და მხოლოდ გერმანულ ენაზე მიმდინარეობდა. გერმანული ენის გარდა, ასწავლიდნენ არითმეტიკას, გეოგრაფიას და საღვთო სჯულს. 1899 წელს ილია ჭავჭავაძე ასე ახასიათებდა გერმანელი კოლონისტების განათლებისადმი სწრაფვას: “გერმანელი პურს დაიკლებს, ღვინოს დაიკლებს, შიმშილს, წყურვილს არ შეუშინდება და შვილის გასაზრდელად კი თავის მონაგარს გროშს გადასდებს, შვილის მცოდნე კაცად ქცევისათვის არაფერს დაჰზოგავს და ყველაფერს გაიმეტებს. გერმანელმა იცის, რომ შვილის კაცად გამოსვლა, მაძღრად ყოფნა და უტკივრად რჩენა სწავლა-განათლებაზეა დამოკიდებული”. იგი გერმანელებს ქართველებისთვის მისაბაძ მაგალითად სახავს, რადგან თბილისში მცხოვრებ ქართველთა მხოლოდ მესამედმა იცის წერა-კითხვა, ხოლო თბილისში მცხოვრებ ხალხთაგან: “წერა-კითხვის ცოდნის კვალობაზე ყველაზე წინ არიან გერმანელები, რომელთა შორის მცოდინარი ოთხში სამია”. გერმანელებს ის უწონებს შვილთა განათლებისათვის ზრუნვას: “რაკი გერმანელისათვის ცოდნა, სწავლა-განათლება აუცილებელი საჭიროებაა, მის საეკონომიო ანგარიშში, მის საღვაწოსა და საამაგოში შვილის გასაზრდელად სახარჯოს მოპოვებას თითქმის უპირველესი ადგილი უჭირავს. ჯაფას, გარჯას იორკეცებს და, თუ ამით ვერას გამხდარა, სხვაგან იკლებს და ამ სახარჯოს კი ჰმატებს”.
გერმანელი ინტელიგენციის წარმომადგენლები მრავლად იყვნენ დასაქმებული ქართული საგანმანათლებლო კულტურის სფეროში. მაგალითად, თბილისელი გერმანელი კარლ ჰანი, 1874-1906 წლებში, თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გერმანულ და ბერძნულ ენებს ასწავლიდა. 1906-1909 წლებში იგი ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორი იყო, ხოლო 1909 წლიდან კვლავ ემსახურებოდა ვაჟთა პირველ გიმნაზიას.

XX საუკუნის დასაწყისში ბათუმის გიმნაზიას რუდოლფ ჰერცი განაგებდა. 1918-1921 წლებში მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართული პერიოდიკის როლი საჟურნალგაზეთო გრაფიკის, უპირველეს ყოვლისა, კარიკატურის განვითარებაში. ამ საქმეში დიდი დამსახურება მიუძღოდათ თბილისის მკვიდრს, გერმანელ ოსკარ შმერლინგს, ალექსანდრე ზალცმანს და ა. შ. საგულისხმოა, რომ 1926-1927 სასწავლო წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 11 გერმანული სკოლა, ხოლო გერმანელები საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა შორის განათლების დონით პირველ ადგილზე იყვნენ. ამავე დროს, გერმანული ოჯახი მთლიანად ინარჩუნებდა პატრიარქალურ პირნციპებს. ისინი განსხვავებული წეს-ჩვეულების ცხოვრებას მისდევდნენ. გერმანელი ქალები ტრადიციულად ერიდებოდნენ ურთიერთობას
სხვა ეროვნების ქალებთან, რაც მათ კარჩაკეტილ ცხოვრებას იწვევდა. იშვიათი იყო შერეული ქორწინება. ცოლის გარდაცვალების შემთხვევაში, გერმანელ მამაკაცს უფლება ჰქონდა, განსვენებული მეუღლის და მოეყვანა ცოლად. სხვა ეროვნებებთან ურთიერთობის დროს გერმანელები ქედმაღლობდნენ და საკუთარ თავს დიდ უპირატესობას ანიჭებდნენ. გერმანელების აზრით, ყველა დანარჩენი ველურები იყვნენ. რუსებს განსაკუთრებული ეპითეტით – “შვაინ” (ღორებად) მოიხსენიებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც მრავალრიცხოვან კოლონია ელენდორფში,გერმანელების კლუბში სტუმრად მისული რუსი მოქალაქეები ცემა-ტყეპით გამოუყრიათ.
როგორც ჩანს, გერმანელებს უფრო შორს მიმავალი გეგმებიც ჰქონდათ. კერძოდ, “ამიერკავკასიის გერმანელთა კომიტეტის” (მდებარეობდა თბილისში, მიხაილოვის ქ. #373) მიზანი იყო, საქართველოს ტერიტორიაზე შეექმნათ გერმანელთა ავტონომიური ოლქი. ამ მიზნით, ისინი გერმანიიდან იღებდნენ საჭირო დირექტივებს და ფინანსურ დახმარებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრებ გერმანელებს შექმნილი ჰქონდათ “გერმანელთა ეროვნული საბჭო”, რომელიც მათ ინტერესებს იცავდა. საბჭოს შენობა მდებარეობდა დღევანდელი აღმაშენებლის გამზირზე #108 ბინაში. გერმანელთა ყოველ კოლონიას არჩეული ჰყავდა კომისარი, რომელსაც ემორჩილებოდა მოსახლეობა.
სხვა ეროვნული უმცირესობისაგან განსხვავებით გერმანელები განზე იდგნენ ხელისუფლებისაგან. საერთოდ, დაძაბული ურთიერთობა სუფევდა გერმანელებსა და საბჭოთა რეჟიმს შორის. თავად ხელისუფლება მრავალ “შეცდომას” უშვებდა, რასაც შემდეგ აღიარებდა კიდეც. არასწორი იყო, როდესაც ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებით ყველა გერმანელს თმები შეკრიჭეს ერთ დონეზე.
საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებას გერმანელები უპირისპირდებოდნენ რელიგიური თემის მეშვეობით. რელიგიური საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს ეკლესია წარმოდგენდა. გერმანელები, კერძოდ ლუთერანები და მათი მისიონერები საქართველოში XVI საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ (მარტინ კრუსიუსი, სტეფანე გერლახი, იაკობ ანდრეა და სხვ.) თავიდან, როგორც ჩანს მათ საკმაო წარმატებითაც უმოღვაწიათ.
XIX საუკუნის დასაწყისში გერმანიაში აღმოცენდა სექტანტური მოძრაობა, ე. წ. “სეპარატიზმი”. ხელისუფლების დევნამ სექტანტები აიძულა, გადასახლებულიყვნენ ამერიკასა და რუსეთში. აღნიშნული მოძრაობა უფრო მეტად შესამჩნევი გახდა ვიურტემბერგში, ბავარიასა და შვეიცარიაში, რასაც ხელი შეუწყო იმ დროის ცნობილი მქადაგებლების -ბენგელისა და შტილინგის გავლენამ. ისინი წინასწარმეტყველებდნენ სამყაროს დასასრულის მოახლოებას და არწმუნებდნენ “სეპარატისტებს”, თავის გადარჩენა სამშობლოს გარეთ, კავკასიაში, არარატის მთასთან ახლოს ეძებნათ. შეშინებულმა სექტანტებმა კავკასიაში გამოგზავნეს “განსაკუთრებული მზვერავები”, ადგილის დასათვალიერებლად და კოლონიზაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შესარჩევად. რუსეთის ხელისუფლება დათანხმდა გერმანელების ჩამოსახლებას მათთვის სასურველ ადგილზე. ჩამოსახლებული გერმანელები, თავდაპირველად, რელიგიური ინსტრუქციების გარეშე იყვნენ, მაგრამ სომხებს შორის მოღვაწე ზოგმა გერმანელმა, დაინახა რა მათი ძალზე გაჭირვებული მდგომარეობა, კონსისტორიას მიმართა და, თუმცა რუსეთის მთავრობამ გარკვეული სიძნელეები შეუქმნა, პასტორებმა თავისას მაინც მიაღწიეს, რის შემდეგაც იმპერატორი მათ მცირე გასამრჯელოს უხდიდა.
ჩამოსახლებული “სეპარატისტების” დიდი ნაწილი სწორედ ეკატერინენფელდში დამკვიდრდა. ეს ტერიტორია, ამავე დროს, შერჩეულ იქნა სექტანტების ხელმძღვანელთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. ამის გამო, ეკატერინენფელდის კოლონიამ, დაარსების დღიდანვე, ყველაზე საპატიო ადგილი დაიკავა კავკასიაში არსებულ კოლონიათა შორის და ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, დიდ როლს თამა- შობდა კავკასიელ კოლონისტთა ცხოვრებაში. კოლონიებში და, განსაკუთრებით, ეკატერინენფელდში, ხშირი იყო რელიგიური დაპირისპირება, რის გამოც აუცილებელი ხდებოდა ხელისუფლების ჩარევა. გერმანელები ვერ ეგუებოდნენ, როდესაც კავკასიის ადმინისტრაცია ნიშნავდა პასტორს. 1843 წელს კოლონიებში გავრცელდა ცნობა, რომ ღმერთი სეპარატისტთა სასულიერო ხელმძღვანელის, მოხუცი ქალის, შპონის მეშვეობით, მოითხოვდა წმინდა მიწაზე – იერუსალიმში გადასახლებას. შპონის წინადადებით გადაწყდა, რომ სეპარატისტები გაყიდდნენ ქონებას, შეიკრიბებოდნენ ეკატერინენფელდში და აქედან გაემგზავრებოდნენ იერუსალიმში. ამის შემდეგ, მრავალმა გერმანელმა თავი მიანება მუშაობას და მოხლოდ ისე შრომობდა, რომ შიმშილით არ დაღუპულიყო. შედარებით მდიდრებმა გაყიდეს თავისი ქონება და მათხოვრობით ირჩენდნენ თავს.
ხმებმა სეპარატისტების გამგზავრების შესახებ ხელისუფლების ყურამდე მიაღწია. ეკატერინენფელდში გაიგზავნა კაზაკთა რაზმი პოლკოვნიკ კოცებუს მეთაურობით. დაუმორჩილებლობის გამო მოხუცი შპონი და ათამდე ლიდერი დააპატიმრეს და თბილისში გაგზავნეს. ცოტა ხნის შემდეგ, ვითარება შეიცვალა და გერმანელთა ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
საბჭოთა რეჟიმის პერიოდში, კერძოდ, 1927 წელს, ოფიციალური ეკლესიის საპირისპიროდ, აქ აღმოცენდა 9 წევრისაგან შემდგარი სექტანტური ოპოზიცია. ეს მოვლენა განსაკუთრებით მძაფრად გამოვლინდა გერმანელებით დასახლებულ სართიჭალის თემში. ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლებმა ორგანიზებულად დაარბიეს სექტანტები. ამ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია, მით უმეტეს, რომ “საბჭოთა კანონმდებლობით” მოქალაქეებს გარანტირებული ჰქონდათ სინდისის თავისუფლება.
ეკლესიის გავლენა ძლიერი იყო, როგორც მოხუცებში, ასევე ახალგაზრდებში. 15 წელს მიღწეული ბავშვი ვალდებული იყო, ეკლესიაში საჯაროდ, თემის წინაშე ჩაებარებინა გამოცდა ბიბლიაში, რის შემდეგ ის იღებდა უფლებას, გამხდარიყო რელიგიური თემის წევრი. მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად, საბჭოთა ხელისუფლებამ გაამკაცრა გერმანელებისადმი დამოკიდებულება. კერძოდ, ამიერკავკასიის სახლკომსაბჭოს დადგენილებით, გერმანელ კოლონისტებს მკაცრად მოსთხოვეს ბინის ქირის, გათბობის და სხვა სახის გადასახადი. თავის არიდების შემთხვევაში, პასუხისმგებლობაში მიცემით ემუქრებოდნენ. ძალოვანი სტრუქტურები გერმანელ მოსახლეობას მძიმე მდგომარეობაში აგდებდნენ. ზოგიერთი სამართალდამცავის დამოკიდებულება გერმანელებისადმი იმდენად მძაფრად გამოვლინდა, რომ ამიერკავკასიის ხელმძღვანელობამ შამქორის რაიონის პროკურორის თანაშემწე ხალილოვი თანამდებობიდან მოხსნა და ორი წლის განმავლობაში, საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავება აუკრძალა. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, გერმანელი კოლონისტების მიმართ მეფის რუსეთის მთავრობა განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა, რადგან მათი კავშირ-ურთიერთობა გერმანიასთან რუსეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების საშიშროებას ქმნიდა. შესაძლოა, ეს საშიშროება არსებობდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც. პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსეთის სახელმწიფო ადმინისტრაცია იმას დასჯერდა, რომ გერმანელთა კოლონიებს სახელწოდება შეუცვალა (მაგალითად, ალექსანდრესჰილფს ეწოდა ალექსანდროვსკოე, პეტერსდორფს – პეტროვსკოე, მარიენფელდს – მარინო, ფრაიდენტალს – ვესიოლოე (აწ. საქართველოს სასაზღვრო რაიონი რუსეთთან), ელიზავეტტალს – ასურეთი, ხოლო ეკატერინნფელდს – ეკატერინოვკა).

მეორე მსოფლიო ომის დროს, კერძოდ, ომის დაწყებისთანავე, განხორციელდა გერმანელი მოსახლეობის პირწმინდად გასახლება ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ რეგიონებიდან, მათ შორის, საქართველოდან, აღმოსავლეთ რაიონებში. საბჭოთა კავშირის მთავრობის მიერ საქართველოდან, და არა მხოლოდ საქართველოდან, გერმანელი მოსახლეობის აყრა უსამართლო აქცია იყო და, როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყვეს, ალბათ, არც აუცილებელი. მაგრამ მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ გასახლება განხორციელდა გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის ყველაზე მძიმე ეტაპზე. დაძაბულ სტრატეგიულ ვითარებაში, როდესაც ფაშისტური არმიის ნაწილები მოსკოვის მისადგომებს მიადგნენ, ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე იდგა. ამასთან, გერმანიის სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კავკასიის დაპყრობის ჰიტლერული გეგმის რეალიზაციას. საფიქრებელია, რომ საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ლამობდა, მოესპო დასაყრდენი მტრისთვის, გერმანელი მოსახლეობის სახით. ასეთ შიშსა და ზედმეტ სიფრთხილეს შეეწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. გასახლებულ გერმანელ მოსახლეობას შორის იყვნენ ბავშვები, მოხუცები და სხვები, ვინც ვერ გადაიტანა შორეული მოგზაურობა და გაჭირვება.
მართალია, გერმანელთა გასახლება, ოფიციალურად, ომის დაწყების შემდეგ მოხდა, მაგრამ ეს აქცია დიდი ხნით ადრე მზადდებოდა. უფრო მეტიც, აშკარაა, საბჭოთა ხელისუფლება ისეთ პირობებს უქმნიდა გერმანელ მოქალაქეებს, რომ იძულებული გაეხადა ისინი, თავად გამოეთქვათ გერმანიაში წასვლის სურვილი.
გასახლებული გერმანელების საცხოვრებელი ადგილი ქართლის მთიანეთიდან ჩამოსახლებულმა ქართველებმა დაიკავეს. ასე შემორჩა დღეს არსებული რამდენიმე ქართული სოფელი ბოლნისსა და მარნეულში… ეს პროცესები ბერიას უშუალო მითითებებით ხორციელდებოდა.
ომის პერიოდში შეიქმნა ე. წ. შრომითი არმიები, სადაც “საბჭოთა” გერმანელები იყვნენ ჩართულნი. 1947 წლის ბოლოს, შრომითი არმიები, ძირითადად, დემობილიზებული იქნა და მრავალ გერმანელს უფლება მიეცა, დაბრუნებულიყვნენ იქ, საიდანაც 1941 წელს გაასახლეს. მაგრამ 1948 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნდა ახალი ბრძანება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გერმანელები, როგორც კალმიკები, ინგუშები, ჩეჩნები, ყარაჩაელები, ბალყარელები, ყირიმელი თათრები და სხვა ხალხის წარმომადგენლები, გადასახლებული არიან მუდმივად და მათი წამოსვლა საცხოვრებელი ადგილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული ნებართვის გარეშე, ისჯება საკატორღო სამუშაოებით 20 წლის ვადით. აღნიშნულმა ბრძანებამ ადამიანებს  დაბრუნების იმედი გადაუწურა. ადამიანები გახდნენ დევნილნი საკუთარ ქვეყანაში. იმ წლებში, “საბჭოთა” გერმანელებს არ შეეძლოთ შესულიყვნენ პარტიაში, ესწავლათ უმაღლეს სასწავლებელში ან ემსახურათ არმიაში… მხოლოდ 1974 წლის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ მისცა უფლება გერმანელებს, დაბრუნებოდნენ მშობლიურ ადგილებს. თუმცა, მთლიანობაში, არც ეს გადაწყვეტილება განხორციელებულა.

ავტორი – ავთანდილ სონღულაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
წყარო – „ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი“, XI. თბილისი, 2009წ.

  • 53
  •  
  •  
  •  
  •