სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში რუსი სამხედროების შემოსვლას არ ადასტურებს

სუს-ი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან

ხურვალეთში რუსი სამხედროების შესაძლო გადაადგილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება:

“ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადაადგილებას ამ ეტაპზე არ ადასტურებს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), რომელიც ვითარების გასარკვევად ხურვალეთში შევიდა.

როგორც ცნობილია, 25 მარტს საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოდის.  საქართველო-ნატოს თანამშრომლობას, რუსეთის მხრიდან კვლავ მუქარა მოჰყვა. ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს “უსიამოვნო მოულოდნელობები” ელის.

  • 6
  •  
  •  
  •  
  •