დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი – წარწერები ტერორისტების იარაღზე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე – 40 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანული Daily Mail თავდამსხმელების იარაღის მჭიდის ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს წარწერა ქართული ასოებით – დავით აღმაშენებელი, დავით სოსლანი.

ვაზნაზე, ქართველი მეფის გარდა, სხვა ისტორიული პირებების სახელებიც წერია, როგორებიც არის: ტრაფარგალის ბრძოლის მონაწილე ადმირალი ედუარდ კოდრინგტონი და რუსი ადმირალი დიმიტრი სევიანიმი.

მომხდარს სპეციალური განცხადებით ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

“უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

The Guardian-ის ინფორმაციით, ტერაქტთან კავშირის ბრალდებით, ამ დროისთვის დაკავებულია 3 კაცი და ერთი ქალი. დაკავებულებს უამრავი საბრძოლო და ასაფეთქებელი მოწყობილობა უპოვეს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალქეა და ის მემარჯვენე ულტრანაციონალისტური დაჯგუფების წევრი იყო.

თავად ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია. მომხდარის გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. პოლიციამ მოქალაქეები გააფრთხილა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეჩეთში მისვლისგან თავი შეიკავონ. გამოცემის ცნობით, თავდამსხმელებს სროლის პერიოდში, სავარაუდოდ, ლაივი ჰქონდათ ჩართული. The Guardian წერს, რომ თავდამსხმელების ობიექტში ორი მეჩეთი – “ალ ნურისა” და ლინვუდის ისლამური ცენტრი – იყო. პირველში მოკლულია 30, ხოლო ისლამურ ცენტრში  – 10 ადამიანი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯასიდა არდენის თქმით, თავდასხმა წინასაწარ იყო დაგეგმილი, ხოლო თავდამსხმელებმა ახალი ზელანდია მისი მულტიკულტურული ღირებულებებიდან გამომდინარე შეარჩიეს.

  • 33
  •  
  •  
  •  
  •