სალარიძე, მაჩალიკაშვილი და მუხთარლი – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი პოლიტიკურად მოტივირებულ თვალთვალსა და სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში, საქართველოში 2018 წელს მომხდარი მოვლენები კრიტიკულადაა შეფასებული. ანგარიშში საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტებზე, ასევე, 2017 წელს თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე.

“19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს თბილისში, ჰოსპიტალში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიჭრა. მისი მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მკვლელობას “გაუმართლებელად” მიიჩნევს. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა საქმის ობიექტური, გამჭვირვალე და დროული გამოძიების მნიშვნელობაზე. საქმის გამოძიება სამართლიანობის ნაკლებობის გამო გააკრიტიკეს არასამთავრობოებმა”, –  ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია მაჩალიკაშვილ-სარალიძის მიერ 2018 წლის მაისში თბილისში ორგანიზებულ აქციებზეც, რომლის მთავარი მოთხოვნა მკვლელობების ეფექტიანი გამოძიება იყო.

“პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც ოპოზიცია ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ გამოძიება არასათანადოდ წარიმართა პროკურატურის გავლენიანი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის სასარგებლოდ, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვა, მტკიცებულებების შეგროვება”, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთალის თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებამ, საქმის გამოუძიებლობამ და გამოძიების გარშემო არსებულმა სხვა გარემოებებმა გააჩინა დამატებითი წუხილი, რომ მუხთარლის გაუჩინარებაში საქართველოს ხელისუფლება იყო ჩართული.

ამავე კონტექსტში, სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულ თვალთვალსა და სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ცხინვალში დე ფაქტო სამართალდამცავების მიერ არჩილ ტატუნაშვილის დაკავების, წამებისა და გარდაცვალების შემთხვევაც.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებითაც და მოყვანილია პროკურატურის ციტატა, რომლის მიხედვითაც, პატარკაციშვილის მკვლელობა დაიგეგმა იმდროინდელი პრეზიდენტის, საააკაშვილის ბრძანებით, რადგან ის ხელისუფლების მოწინააღმდეგე იყო.

“მიუხედავად იმისა, რომ კონტიტუცია კრძალავს სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, არის ცნობები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მეთოდებს მიმართავენ”, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი და მიუთითებს არაერთ შემთხვევაზე, რომლის შესახებაც საქართველოს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად საუბრობენ.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ომბუცმენის მონაცემები აჩვენებს, რომ გაზრდილია პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყობის შემთხვევები, ასევე, დროებითი და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ფიზიკური დაზიანების შემთხვევები. გარდა ამისა, სახალხო დამცველი კვლავ მიიჩნევს, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველების მიმართ არსებულ ბრალდებებს წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, ზოგადი სიტუაციის გაუმჯებესების მიუხედავად, ციხეების ნაწილში კვლავ რჩება არაადამიანური გარემო, რაც გულისხმობს ვენტილაციის, დღის შუქისა და მინიმალური საცხოვრებელი სივრცის ნაკლებობას, ასევე არაადეკვატურ ჯანდაცვას.

“პატიმრებს შორის ძალადობა, კრიმინალური სუბკულტურები და არაფორმალური მენეჯმენტი რჩება სისტემურ პრობლემად”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

  • 21
  •  
  •  
  •  
  •  
  •