ნიუ-იორკში მაფიის ბოსი მოკლეს

ფრენკ კალი გამბინოს კლანის მეთაური იყო

ნიუ-იორკის ხუთი უმსხვილესი მაფიოზური დაჯგუფებიდან ერთ-ერთის მეთაური – ფრენკ კალი, მეტსახელად, ფრენკი ბოი ნიუ-იორკში ჩაცხრილეს. ეს ნიუ-იორკის “მაფიის ოჯახის” ბოსის პირველი შეკვეთილი მკვლელობაა, 1985 წლის შემდეგ.   

52 წლის ფრენკ კალი გამბინოს კლანის მეთაური იყო. ნიუ-იორკის პოლიციის განცხადებით, მას სთეითენ-აილენდის რაიონში, საკუთარი სახლის კართან, 6-ჯერ ესროლეს. თვითმხილველთა ცნობით, ძირს დავარდნილ კალის ავტომანქანითაც გადაუარეს. 

თავდამსხმელი გაიქცა. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.  

ფრანჩესკო კალი გამბინოს კლანს სათავეში 2015 წელს ჩაუდგა. მან დომინიკო ჩეფალუ შეცვალა. კალი მხოლოდ ერთხელ იყო ნასამართლევი – რეკეტის ბრალდებით, როგორც ორგანიზებული დაჯგუფების წევრი. ციხეში მან 16 თვე გაატარა.

ფრენკ კალი ნიუ-იორკში, სთეითენ-აილენდის პრესტიჟულ მიკრორაიონში, ტოდტ ჰილში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, აქ, ტრადიციულად, მაფიოზების სახლები მდებარეობს. მარიო პიუზოს ლეგენდარული რომანის – “ნათლიმამას” სცენარის მიხედვით, ამ ადგილას ცხოვრობდა კორლეონეს ოჯახიც.

“იტალიურ” მაფიას ნიუ-იორკში დღეს 5 კლანი აკონტროლებს – ბონანო, გამბინო, ჯენეზოვე, კოლომბო და ლუკეზე. 

გამბინოს კლანმა გავლენა 1930 წლიდან მოიპოვა, როდესაც იტალოამერიკულ მაფიაზე კონტროლის დასამყარებლად, “კასტელამარული ომები” მიმდინარეობდა. გამბინო მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს. ეს კლანი, 5 იტალიურ კლანს შორის, ყველაზე ძლევამოსილად ითვლება.

ამ კრიმინალური ოჯახის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯონ გოტის, რომელიც გამბინოს კლანს 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე მართავდა. დიდი ხნის განმავლობაში, იგი ახერხებდა, ხელიდან გასხლტომოდა მართლმსაჯულებას. ამის გამო, მას “ტეფლონის დონი” შეარქვეს. 1992 წელს გოტი, როგორც იქნა, დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 2002 წელს ის ციხეში გარდაიცვალა.

გასულ კვირას, ნიუ-იორკის ციხეში გარდაიცვალა კარმაინ პერსიკო – 85 წლის განგსტერი და კოლომბოს კრიმინალური ოჯახის ბოსი. სიცოცხლის ბოლო 33 წელი მან ციხეში გაატარა, როდესაც 139 წლიან სასჯელს იხდიდა.

გასულ ოთხაშაბათს კი, ბონანოს ოჯახის ორი მეთაური – ჯოზეფ კამარანო და ჯონ ძანკოკიო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო – მათ ბრალად გამოძალვა და რეკეტი ედებოდათ.

ფოტოები: AFP, New York Daily News, The Washington Post.

 

 

  • 12
  •  
  •  
  •  
  •