ნინო ნანიტაშვილის “მშვიდობის თამაშები” და გენდერული თანასწორობა ტექნოლოგიებში

ქართველი გოგონას აღიარებული წარმატება გაეროში

ნინო ნანიტაშვილი 18 წლის იყო, როდესაც საქართველოში პირველი google developer group დააფუძნა. ის აქტიურად არის ჩართული ინოვაციების განვითარების ფონდში, სადაც სხვადასხვა პროექტის მეშვეობით ცდილობს, ქართველი ახალგაზრდების ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოს, ხელი შეუწყოს კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან მათ ადაპტირებას, ინოვაციური აზროვნების დამკვიდრებას. ნინომ მშვიდობის “მშენებლობაშიც” სცადა შეეტანა თავისი წვლილი – ის ცდილობს, ტექნოლოგიების მეშვეობით, კონფლიქტის სიმძაფრე გაანელოს. სწორედ ასეთი იყო მისი  ქართულ-აფხაზური პროექტი „მშვიდობის თამაშები“, რომელიც ქართველ და აფხაზ ბავშვებს ეძღვნებოდა. ამ ეტაპზე, 26 წლის ქართველი გოგონა UN ქალთა პროექტშია ჩართული, სადაც 100-ზე მეტი ქალბატონი და გოგონა, 5 სხვადასხვა რეგიონიდან, “დიჯითალ” ტექნოლოგიურ ცოდნას უზიარებს ერთმანეთს და უნარების დახვეწაზე მუშაობს.

ნინო ნანიტაშვილი: “როდესაც პროფესიას ვირჩევდი, არ ვიცოდი, რომელი ამერჩია – კომპიუტერული ტექნოლოგიები თუ საინჟინრო. არავინ იყო, ვინც მირჩევდა. ასე რომ, გადავწყვიტე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მესწავლა. ბევრმა გოგომ ამ დრომდე არ იცის, რომ მათ IT სფეროში კარიერის აწყობა ფანტასტიკურად შეუძლიათ. 18 წლის ვიყავი, როდესაც სხვა მოხალისეებთან ერთად, თბილისში Google Developer Group დავაარსეთ. ერთადერთი გოგო ვიყავი ორგანიზაციაში, მხოლოდ ბიჭები იყვნენ აქტიურები. ასე გაჩნდა იდეა, ქართულ რეალობაში პირველი ქალთა ტექნოლოგიური მოძრაობა შექმნილიყო,  რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა მეტ ჩართულობას  IT სფეროში. პირველი ღონისძიება 2013 წლის მარტში ჩატარდა და მას შემდეგ, ჩვეულებისამებრ, სულ მარტში იმართება. ჩვენ ვიწვევთ ქალებს, რომლებიც ამ სფეროში, წარმატებულები არიან და ისინი თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ სხვებს.  ღონისძიებაზე მამაკაცებიც მოდიან, ეხმარებიან ერთმანეთს. ამით ცხადი ხდება, რომ ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირი ტექნოლოგიური შესაძლებლობები და უნარი აქვთ, რაც ამ სფეროს თანაბარს ხდის, ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც.  ტექნოლოგია აერთიანებს თემებსა და ადამიანებს. ტექნოლოგიები არის საუკეთესო და ეფექტური ხელსაწყოები 21 -ე საუკუნეში, რაღაცეების შესაცვლელად. ორი წლის წინ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ‘’მშვიდობის თამაშების’’იდეა რეალობად იქცეოდა. თავიდან ცოტა სიგიჟესავით იყო. პროექტის მონაწილეებსა და მე გვსურდა, აფხაზი და ქართველი ახალგაზრდობა ერთმანეთთან დაგვეახლოვებინა, თაობების წარმომადგენლები, რომლებსაც ერთმანეთი არც კი ენახათ. შესაბამისად, გადავწყვიტეთ რაღაც სიახლის მოსინჯვა. ფაქტობრივად, ახალგაზრდების უმეტესობა ონლაინ-თამაშებშია აქტიური, ხომ ასეა? გადავწყვიტეთ, ვირტუალური სფერო შეგვექმნა, სადაც ისინი ერთდროულად ითამაშებდნენ და დამეგობრდებოდნენ კიდეც. შერეული წევრები აყალიბებდნენ სათამაშო გუნდებს. აფხაზი და ქართველი ახალგაზრდები იყვნენ ერთსა და იმავე გუნდებში, მათ ერთმანეთთან ინტენსიური კომუნიკაცია უწევდათ, იმისათვის, რომ თამაში მოეგოთ.  როდესაც 6 თვის შემდეგ თამაშები დასრულდა, მონაწილეთა ემოციებმა გვაჩვენა, რომ თამაში წარმატებული იყო. შემდეგ, სხვა პროექტად გადავქმენით, რომელიც 10 რეგიონალურ ქალაქში ახალგაზრდებისთვის პროგრამირებას ითვალისწინებდა. ჩვენ ახლა მსგავს ინიციატივას ვქმნით, რომლის მიხედვითაც, პროგრამას 5 რეგიონის ახალგზრდობაში გავუშვებთ და წამყვანებს, სპიკერებს მოვიწვევთ, ისინი მონაწილეების ინსპირირებას შეეცდებიან. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ქალთა ინტერესი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გააძლიეროს. უთანასწორობა დედაქალაქსა და რეგიონებში მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია, გოგონები რეგიონებში ტექნოლოგიებში დავაინტერესოთ”.

  • 17
  •  
  •  
  •  
  •