ფეხბურთიდან UFC-მდე – ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან

რომან დოლიძე: ვცდილობ, ვიყო საუკეთესო იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ

ქართველმა მებრძოლი რომან დოლიძე, „იუ-ეფ-სი“-ს (UFC) ეგიდით, პირველ ჩხუბს რუსეთში, 20 აპრილს გამართავს. დაღესტნელ მეტოქესთან შერკინება სანკტ-პეტერბურგში გაიმართება. ცოტამ თუ იცის, რომ რომან დოლიძე, რომელსაც ახლა ტიტულოვან ორგანიზაციასთან აქვს კონტრაქტი, შერეული ორთაბრძოლებით 28 წლის ასაკში დაინტერესდა, ახლა კი ლეგენდარული მებრძოლის, ჯონ ჯოუნსის გვერდით ვარჯიშობს.

როგორ ემზადება “ჯექსონ ვინკის” აკადემიაში ლეგენდრულ სპორტსმენთან ერთად დოლიძე, რა პირობებია კონტრაქტში გაწერილი, UFC-ს კონტრაქტის ექსკლუზიური დეტალები “რეკორდერის” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

– როგორ ემზადებით UFC-ის ეგიდით პირველი ჩხუბისთის?

– რთული ვარჯიშები მაქვს, დამემატა სავარჯიშოები ფიზიკური გამძლეობისთვის, ასევე, ინდივიდუალურად ბევრს ვემზადები  მწვრთნელებთან.

რამდენად მნიშნველოვანია პირველი ჩხუბი ამ პრესტიჟული ორგანიზაციის სახელით?

– ჩემთვის ყველა ბრძოლა მნიშვნელოვანია, ამიტომ განსაკუთრებით არ ვუდგები ამ პირველ ჩხუბს.

რა გაძლევთ მოტივაციას ჩხუბების მოსაგებად?

– მოტივაცია არ მჭირდება, როგორც ასეთი. სულ ვცდილობ, გამოვიდე, ვასახელო ჩვენი ქვეყანა, თუ შეიძლება ამას მოტივაცია დავარქვათ, მაშინ ეს არის. ზოგადად, ვცდილობ,  საუკეთესო ვიყო იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. ეს არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნიუანსი ჩემთვის.

როდის და რატომ დაინტერესდით სპორტით და როგორი იყო პირველი ნაბიჯები?

– სპორტით ბავშვობიდან ვარ დაკავებული. თავიდან, ბავშვობაში, ფეხბურთს ვთამაშობდი, შემდეგ უკვე, 22 წლიდან, სამბოს სექციაზე შევედი უნივერსიტეტში, თუმცა არ მომეწონა და შევეშვი, მერე მეგობართან ერთად დავიწყე ჭიდაობა და ვარჯიში ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუსა და გრემპლინგში, 28 წლიდან კი, გადავედი შერეულ ორთაბრძოლებში. საკმაოდ გვიანია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია,  როგორც ხედავთ.

მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ ამერიკამდე, უკრიანასა და თურქეთამდე?

– თურქეთში სამი წელი ვთამაშობდი ფეხბურთს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, უკრაინაში წავედი სასწავლებლად. თავიდან, კარგად ვსწავლობდი გემთმშენებელი ინჟინერიის ფაკულტეტზე, შემდეგ  მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე გადავედი, რომლის მაგისტრატურაც დავამთავრე. საბრძოლო ხელოვნებაში მარტივად წამივიდა ყველაფერი. თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი, დავიწყე სწრაფად ჩემპიონატებზე გამოსვლა და  გამარჯვებები. მოვიგე უკრაინის ჩემპიონატი, ევროპა, მსოფლიო, აზია. ჭიდაობაში დიდ ტურნირებზე ვარ გამოსული, შერეულ ორთაბრძოლებშიც სულ მოგება მაქვს.

– ძალიან ცნობილ და ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენ ჯონ ჯოუნსთან ხართ კლუბში. როგორია შიდა სამზარეულო, რა განწყობებია, როგორია ურთიერთობები?

– ჯოუნსი ლეგენდარული სპორტსმენია, მასთან ვარჯიში ბევრ გამოცდილებას მაძლევს, კლუბშიც თბილად მიმიღეს. ეს დარბაზი ჯოუნსის არ არის, მისი მწვრთნელების დაფუძნებულია, რომლებიც ჩემთან მუშაობენ და ამ პირველ ბრძოლაშიც, ჩემს კუთხეში იქნებიან. მართალია, ჯოუნსზე  სხვადასხვა რაღაცას ამბობენ, თუმცა ის ძალიან თბილი და მეგობრული ადამიანია. ჩვენ არა მარტო დარბაზში ვმეგობრობთ, არამედ მის  გარეთაც ხშირად ვართ ერთად. ძალიან კარგი ადამიანია.

– რამდენხნიანი კონტრაქტი გაქვთ  UFC-შ და რა პირობებია გაწერილი?

– 4 ბრძოლიანი კონტრაქტი მაქვს ამ ეტაპზე. თანხა, რასაც ბრძოლაში ვღებულობ, დამოკიდებულია სპონსორებისგან შემოსულ ფინანსებზე, მედიასთან მუშაობაზე. გამარჯვებაზე სხვა თანხაა, არის ბონუსებიც. ფიქსირებული თანხა არ არის.

– რა გრძნობაა, იბრძოდე მსოფლიოს ყველაზე უმაღლეს ლიგაში, იქ, სადაც ყველაზე ძლიერი მებრძოლები არიან?

– რა გრძნობაა, ასე ვერ გეტყვით, UFC-ში ვარ და ესაა მთავარი, ასევე სერიოზულად ვუდგებოდი ყველა ჩემს შეჯიბრებას.

რა არის თქვენი ძლიერი მხარე ბრძოლისას, პარტერი თუ დგომი?

– პარტერია უფრო, მაგრამ ამ  ბოლო დროს დგომშიც კარგად გამომდის.

  გყავთ ფავორიტი მებრძოლი?

–  ალბათ, არ მყავს.

– ვისთან ისურვებდით შემდეგ ბრძოლას?

– ამ ეტაპზე ეს ძნელი სათქმელია. უნდა დავანახო, როგორი სპორტსმენი ვარ და ამის შემდეგ რაღაც-რაღაც მოთხოვნებს აუცილებლად ვიტყვი.

– ცოლ-შვილი თუ გყავთ?

– კი, მყავს, ცოლი, ბავშვიც – პატარა ამირანი.

– როგორც ვიცი, უზომოდ ხართ შეყვარებული საქართველოზე და ქართველებზე, ჯოუნსს აჭარულის ცეკვას ასწავლიდით, კიდევ სხვა კოლეგასთან ერთად ქართულად მღეროდით. ხშირად უყვებით უცხოელებს საქართველოზე, იწვევს ეს აღფრთოვანებას?

– საქართველო ძალიან მიყვარს და ძალიან მენატრება, რადგან ამ ბოლო პერიოდში იშვიათად ვარ მანდ.  ბოლო რვა წლის განმავლობაში უკრიანაში უფრო მეტად ვიყავი. მიხარია, რომ ქართველებიც მგულშემატკივრობენ, ადრე უკრაინელები და რუსები აქტიურობდნენ, ახლა ქართველებიც, ეს მახარებს და მაბედნიერებს. ბრძოლის შემდეგ ჩამოვალ საქართველოში აუცილებლად. ძალიან მენატრება. ზოგადად, ჯოუნსი საერთოდ ბევრს ცეკვავს. ერთი საღამო იყო, ვისხედით ვარჯიშის შემდეგ და ის ცეკვავდა თავისებურად, მეც ავდექი და დავიწყე აჭარულის ცეკვა, ისიც დაინტერესდა, დაიწყო ილეთების სწავლა და ამყვა. ასე იყო ცეკვის ამბავი. კი, ხშირად ვუყვები აქ, ჩვენს ბუნებაზე, ჩვენს კულტურაზე, ჩვენს ტრადიციებზე.

მიშა ხაჩიძე

  • 178
  •  
  •  
  •  
  •