33 წლიანი პატიმრობა და 148 როზგი – ირანელ ადვოკატ ქალს განაჩენი გამოუტანეს

ნასრინ სოტუდეს სახელი კარგადაა ცნობილი არა მხოლოდ ირანში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. იურისტი, რომელიც სასამართლოში ოპოზიონერ აქტივისტებს, სიკვდილმისჯილებს და იმ ქალებს იცავს, რომლებიც ჰიჯაბის იძულებით ტარებას ეწინააღმდეგებიან, თავადაც არაერთხელ აღმოჩენილა გისოსებს მიღმა.

2018 წლის ივნისში 55 წლის უფლებადამცველი ისევ დააპატიმრეს და თეირანში, ევინის ქალთა ციხეში ჩასვეს.

ირანში ყველა, ვინც ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგ გამოდის – დამნაშავეა. ამგვარი დამნაშავეებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას კი ისლამური რესპუბლიკის სასამართლო სისტემა ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხედ თვლის.

ნასრინ სოტუდე, რომლის დაცვის ქვეშ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი შირინ ებადიც იყო, ბრალდებას უარყოფს. თუმცა სასამართლომ, საერთაშორისო ამნისტიის (Amnesty International) ცნობით, იგი “პროსტიტუციის ხელშეწყობაში”, “ცოდვის ღიად ჩადენასა” და სხვა დანაშაულებების ჩადენაში დამნაშავედ ცნო და ირანის კანონმდებლობის შესაბამისად, უმკაცრესი სასჯელიც შეუფარდა – 33 წელი პატიმრობა და 148 როზგი.

სოტუდეს განაჩენის შესახებ ციხეში უთხრეს და მანაც ქმარს ტელეფონით შეატყობინა. სწორედ მისი ქმრის, რეზა ჰანდანის “ფეისბუკის” გვერდიდან შეიტყო მსოფლიომ ირანელი უფლებდამცველი ქალის ბედი.

იმავე დღეს, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ სასამართლომ შედარებით მსუბუქი სასჯელი გამოიტანა – 7 წლით პატიმრობა (5 წელი – “ნაციონალური უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის მიზნით მოწყობილი შეთქმულებისთვის” და 2 წელი – “უმაღლესი სასულიერო ლიდერის, აიათოლა ჰომენეის შეურაცხყოფისთვის”).

სოტუდეს ოჯახს ხელისუფლებისგან სხვა განმარტებები არ მიუღია.

უფლებადამცველი ქალის მეუღლის ცნობით, სოტუდეს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიდან მისთვის მისჯილი პატიმრობის ყველაზე ხანგრძლივი ვადა – 10 წელია. მან გისოსებს მიღმა, მინიმუმ, ამდენი დრო უნდა გაატაროს. დანარჩენ – შედარებით მცირე ვადებზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპი შეიძლება გავრცელდეს.

ევროკავშირმა, აშშ-მ და რამდენიმე სახელმწიფომ, ასევე, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ირანის ხელისუფლების დამოკიდებულება ნასრინ სოტუდეს მიმართ.

“მან მთელი თავისი ცხოვრება ქალთა უფლებების დაცვას მიუძღვნა. ის გამოდიოდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, – განაცხადა “საერთაშორისო ამნისტიის” წარმომადგენელმა, ფილიპ ლუთერმა, – აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, რომ ირანის ხელისუფლება მას ადამიანის უფლებების დაცვისთვის სჯის”.

ნასრინის გარდა, 2018 წელს ირანში კიდევ 6 ადვოკატი დააპატიმრეს, რომლებიც სამოქალაქო უფლებებს იცავდნენ.

სოტუდეს განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, ქვეყნის სასამართლო სისტემის ახალ ხელმძღვანელად იბრაჰიმ რაისი დანიშნეს, რომელიც აითოლა ალი ჰომენეის პროტეჟედ ითვლება. მას ულტრაკონსერვატორის რეპუტაცია აქვს. რაისის დანიშვნა სასამართლოში, ასეთ მაღალ პოსტზე, მიმომხილველების მხრიდან შეფასდა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის პოლიტიკური გავლენის შესუსტების მცდელობა, რომელსაც, რიგ საკითხებთან მიმართებაში, უფრო რბილი პოზიცია უკავია, ვიდრე აიათოლას.

დაპატიმრებამდე, ნასრინი რამდენიმე ქალის საქმეს უძღვებოდა, რომლებიც ქუჩებში თავსაბურავის გარეშე გამოჩნდნენ.

2010 წელს სოტუდე “პროპაგანდის გავრცელებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების საზიანოდ შეთქმულების მოწყობისთვის” დააპატიმრეს. ერთი წლის შემდეგ, მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, პროფესიული საქმიანობა აუკრძალეს და ქვეყნის დატოვება 20 წლით აუკრძალეს. თუმცა, 2 წლის შემდეგ, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, ის მოულოდნელად გაათავისუფლეს – პრეზიდენტი როუჰანი გაეროში მიდიოდა, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო.

სანამ სოტუდე კვლავ ციხეში იმყოფება, ევროპის პარლამენტმა, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მას აკადემიკოს სახაროვის სახელობის პრემია მიანიჭა.

წყარო: BBC

ფოტოები: Amnesty International UK, AFP, GETTY IMAGES.

 

 

 

 

 

  • 13
  •  
  •  
  •  
  •