სამთავრობო ცვლილებები თეა წულუკიანის გადადგომით იწყება?

იუსტიციის მინისტრი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს - რა პირობა წაუყენა წულუკიანმა ოცნებას?

“ქართულ ოცნებაში” ცვილილებების კვირა იწყება – ინფორმაცია იუსტიციის მინისტრის გადადგომის შესახებ გასულ კვირას გავრცელდა და დღეს თეა წულუკიანმაც დაადასტურა, რომ შესაძლოა, პოსტი დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციით, წულუკიანს პარტიაში ბოლოდროინდელი ცვლილებები არ მოეწონა და გადაწყვიტა, გუნდს ჩამოშორებოდა. თუმცა, როგორც თავად აცხადებს, ის ამ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გუნდი მის პოზიციას არ გაიზიარებს.

“ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის. მიმდინარეობს დისკუსია, არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი”,- ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, დაწყებულია თუ არა მისი სამინისტროდან წასვლის პროცესი. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მას თანამდებობა არ დაუტოვებია, თუმცა უახლოეს მომავალში ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ გამოირიცხავს.

“არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, პროცესს ან პროცედურას არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც, მე ვთვლი, რომ არის ჩემს თვალში ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, რომ მე მგონია, ის არის ფასეული და ამ ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, რადგან თანამდებობა არ არის ფასეული”,- აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

სამთავრობო კულუარებში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბარი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოდან დაიწყო, როდესაც მმართველ ძალას, მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის გასაყვანად, დიდი ძალისხმევა და არჩევნების მეორე ტური დასჭირდა. მაშინ პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, საზოგადოების წინაშე პირობა დადო, რომ ერთ წელიწადში სიტუაციას რადიკალურად შეცვლიდა. საკადრო ცვლილებები სხვადასხვა უწყებაში დიდი ხანია დაიწყო, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა საუბარი გიორგი გახარიას გაპრემიერების შესახებ, თუმცა “თიბისის” და მამუკა ხაზარაძის წერილის გახმაურების შემდეგ, როგორც ამბობენ, ეს საკითხი “ჩაიხსნა” და  პრემიერ ბახტაძის შემცვლელად, უკვე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი დასახელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებებს დაექვემდებარებიან ეკონომიკის, განათლების და თავდაცვის მინისტრები.  გახმაურებული ქონებრივი და შიდა სკანდალების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის შემცვლელად  იმერეთის გუბერნატორი, გენერალი შავლეგო ტაბატაძე სახელდება. რაც შეეხება განათლების მინისტრს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტფელს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, ზურაბ ხონელიძე ჩაიბარებს.

  • 10
  •  
  •  
  •  
  •