კურტ ვოლკერი: ანაკლიის პორტი, პირველ რიგში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია

უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

“დასავლეთი დიდ იმედებს ამყარებს საქართველოზე და ამიტომ, მისგანაც დიდი მოლოდინები აქვს. ანაკლიის პორტი, პირველ რიგში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია. როდესაც ვფიქრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რაღა თქმა უნდა, იგულისხმება სამხედრო უსაფრთხოება, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერება,” –  ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა “რუსთავი 2”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

ტელეკომპანიის ცნობით, კურტ ვოლკერი დღეს,  TBC ბანკზე სასაუბროდ, საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს რეზიდენციაში შეხვდა.

“მთავარია, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია კონტრაქტები, როგორ აღიქვამენ ინვესტორები საქართველოში არსებულ გარემოს. ესეც მნიშვნელოვანია თქვენი მომავალი რეპუტაციისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ, ორივე მხრიდან, ჭკვიანი ხალხი, კანონის უზენაესობის დაცვით, სწორად მოაგვარებენ ამ საკითხს. ასე უნდა მოხდეს. დასავლეთი დიდ იმედებს ამყარებს საქართველოზე და ამიტომ, მისგანაც დიდი მოლოდინები აქვს. ანაკლიის პორტი, პირველ რიგში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია. როდესაც ვფიქრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რაღა თქმა უნდა, იგულისხმება სამხედრო უსაფრთხოება, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერება, რეფორმები, ეკონომიკის ზრდა, ტვირთების გადაზიდვა, ვაჭრობა. შესაბამისად, ამ პორტს აქვს პოტენციალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოებისთვის. თქვენ ახსენეთ ამ პროექტში ჩართული ამერიკული კომპანიები. ვაშინგტონის აზრით, ჩვენ კი არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ანაკლიის მიმართ, არამედ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, საქართველო იყოს წარმატებული,  პროგრესული და დაცული ქვეყანა. ამ პროექტს შეუძლია, ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს,“ – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

ვოლკერი რუსეთის ეჭვებზეც საუბრობს, რომ პორტმა, შესაძლოა, ამერიკული წყალქვეშა გემებიც მიიღოს. მისი განცხადებით, პორტი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მან როგორც გემები, ასევე წყალქვეშა ნავებიც მიიღოს.

„პორტი თავისთავად ნიშნავს, რომ უნდა მიიღოს გემებიც და წყალქვეშა ნავებიც. ამაში ახალი არაფერია,“ – აღნიშნა ვოლკერმა.

კურტ ვოლკერი იმედს გამოთქვამს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განვითარების გზას დაადგება.

„მე მჯერა, რომ ეს პროექტი წინ წავა. ეს საქართველოს ინტერესებშია, რადგან ყველა მხარეს სურს. დარწმუნებული ვარ, ქართველები ამ პროექტის განხორციელების გზას გამოძებნიან,“ – აცხადებს კურტ ვოლკერი “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

  • 11
  •  
  •  
  •  
  •