რომან დოლიძის ჩხუბის თარიღი ცნობილია

UFC-ს ეგიდით, პირველ ჩხუბს დოლიძე დაღესტნელ გაჯიმურად ანტიგულოვთან გამართავს

ქართველი სპორტსმენი, რომან დოლიძე UFC-ის ეგიდით პირველ ჩხუბს რუსეთში გამართავს.

ბათუმელი მებრძოლი სანქტ-პეტერბურგის ოქტაგონზე 20 აპრილს გამოვა. როგორც რომან დოლიძემ “რეკორდერს” განუცხადა, ამ ორთაბრძოლის კონტრაქტს ხელი მან დღეს მოაწერა.

სპორტსმენი, ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში, დაღესტნელ გაჯიმურად ანტიგულოვს დაუპირისპირდება. როგორც ცნობილია, დოლიძე 20 აპრილამდე მასტერკლასებს UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლ ჯონ ჯონსთან გაივლის.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელიც UFC-იში გამოდის და ეს მისი პირველი ჩხუბი იქნება, ორგანიზაციის ეგიდით. რომან დოლიძე​ WWFC–ის ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელია.

MMA-ში მას ხუთიდან ხუთი შეხვედრა აქვს მოგებული. 2008 წლიდან ის ოდესაში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. დოლიძე გრეპლინგში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, უკრაინის ჩემპიონობა კი ექვსჯერ აქვს მოპოვებული.

სულ ცოტა ხნის წინ, UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჯონ ჯონსმა, დოლიძე, თავისთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში, Jackson Wink MMA Academy-ში მიწვევია.

  • 94
  •  
  •  
  •  
  •