UFC-მ, შესაძლოა, კონტრაქტი კიდევ ერთი ქართველთან გააფორმოს

ქუთათელაძე მე-3 ქართველი სპორტსმენი იქნება, რომელიც UFC-ში გამოვა

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ, შერეული ორთაბრძოლების ასოციაციას ახლო მომავალში კიდევ ერთი ქართველი შეემატება.

როგორც “რეკორდერისთვის” გახდა ცნობილი, 27 წლის  ქართველ მებრძოლ გურამ ქუთათელაძესთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ძალიან მალე მასთან კონტრაქტი გაფორმდება.

ქუთათელაძე მე-3 ქართველი სპორტსმენი იქნება, რომელიც UFC-ში (Ultimate Fighting Championship) იასპარეზებს. გურამ ქუთათელაძე უკვე 7 წელია შვედეთში ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ მან ამ ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო, თუმცა რინგზე ის საქართველოსა და შვედეთის დროშებით გამოდის და ორივე ქვეყანას ერთობლივად წარმოადგენს.

ქართველმა მებრძოლმა სპორტი 5 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ, არაერთი საბრძოლო ხელოვნება შეისწავლა. ქუთათელაძეს პირველი პროფესიონალური ბრძოლა ოქტაგონში, შერეული ორთაბრძოლების წესებით, მოსკოვში, 2001 წელს ჰქონდა, სადაც მოგება უფიქსირდება. სხვადასხვა დროს, ის ტაილანდურ კრივსა და k1 -ში წარმატებულად გამოდიოდა. დღეს კი შვედეთის ქალაქ მალმიოში ცხოვრობს, შერეული ორთაბრძოლების საუკეთესო გუნდებში ვარჯიშობს და სხვადასხვა სახის ჩემპიონატზე, ძირითადად, ნოკაუტით გამარჯვებებს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის UFC-ში მერაბ დვალიშვილი გამოდის, რომელიც ორგანიზაციის სახელით შემდეგ ბრძოლას კანადაში, 4 მაისის გამართავს. ასევე ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინ, კონტრაქტი უკრაინაში მოღვაწე ქართველ სპორტსმენთან,  რომან დოლიძესთან გააფორმა, თუმცა მას, ამ დრომდე, ჯერ ბრძოლა არ ჰქონია.

მოამზადა მიხეილ ხაჩიძემ.

  • 76
  •  
  •  
  •  
  •