EXCLUSIVE: ყალბი პასპორტების გამო, ვენის აეროპორტში 15 ქართველი დააკავეს

დაკავებული ქართველების დეპორტაცია უახლოეს პერიოდში მოხდება

ყალბი პასპორტების გამო, ვენის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

როგორც “რეკორდერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ყალბი პასპორტების გამოყენების ფაქტზე, ავსტრიის დედაქალაქში 15 ქართველია დაკავებული, რომლებიც ამ ეტაპისთვის, სადეპორტო განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

ავსტრიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ირმა ცირამუამ “რეკორდერს” განუცხადა, რომ დაკავებულები სლოვაკური, უნგრული, პოლონური და სხვა ევროპული ქვეყნების ყალბი პასპორტებით, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში აპირებდნენ გადასვლას.

“ისინი ქართული პასპორტებით ქუთაისი-ვენის რეისით ჩამოფრინდნენ, ქვეყანაში შესვლის შემდეგ კი, წინასწარ ნაყიდი ბილეთებით, აეროპორტში შებრუნდნენ და უკვე ყალბი პასპორტებით დუბლინის რეისზე გაიარეს რეგისტრაცია, რა დროსაც პოლიციამ ისინი დააკავა”, – აცხადებს ცირამუა.

მისივე ინფორმაციით, ავსტრიის სადეპორტო განყოფილებებში, ამ დროისათვის, სხვადასხვა ფაქტზე დაკავებული უამრავი ქართველია, რომელთა დეპორტიც ახლო პერიოდში მოხდება.

ცნობისათვის, ყალბი პასპორტების დამზადება 4 000- 4 500 ევრომდე ჯდება.

მოამზადა მიხეილ ხაჩიძემ.

  • 1.2K
  •  
  •  
  •  
  •