ჩინეთის უძველეს სამარხში “უკვდავების ელექსირი” იპოვეს

უძველეს სამარხში, ჩინეთის პროვინცია ხენანში, არქეოლოგებმა ბრინჯაოს დოქი იპოვეს – ლეგენდარული “უკვდავების ელექსირით”. ეს ელექსირი არაერთხელაა მოხსენიებული დაოსურ მითებში, მაგრამ აქამდე არ ყოფილა არანაირი დამადასტურებელი მასალა, არსებობდა თუ არა ის სინამდვილეში.

ხანის დასავლეთ დინასტიის ეპოქის სამარხი (ძვ.წ. 202 – ჩვ.წ. 8 წწ.) ქალაქ ლოიანში ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს და მასთან ერთად, 3,5 ლიტრიანი დოქი გაურკვეველი შიგთავსით. სითხეს ალკოჰოლის მსუბუქი არომატი დაჰკრავდა და მკვლევარებმა თავდაპირველად გადაწყვიტეს, რომ ეს იყო ძველი ჭურჭელი ღვინით.

თუმცა ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ სასმელი ინდური სელიტრის და შაბის ქვის, ალუნიტის ხსნარის ნაზავს წარმოადგენდა. როგორც არქოლოგების ჯგუფის ხელმძღვანელი, პან ფუშენი ამტკიცებს, სწორედ ეს ნივთიერებებია აღწერილი უძველეს დაოსურ ლიტერატურაში, როგორც უკვდავების მიმნიჭებელი ელექსირის მთავარი ინგრედიენტები.

“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთში მითიური “უკვადვების ელექსირი” აღმოჩნდა, – ამბობს ლოიანის კულტურული რელიკვიებისა და არქოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ში ცზიანჩჟენი, – ეს სითხე არის უდიდესი საგანძური, რომელიც დაგვეხმარება, შევისწავლოთ ძველი ჩინელების წარმოდგენები, როგორ უნდა მიაღწიო უკვდავებას და საერთოდ, როგორი იყო ჩინური ცივილიზაციის ევოლუცია”.

უკვდავების ელექსირი, რომელიც სამარხში ხელუხლებლად იყო 2 ათასზე მეტი წლის განმავლობაში, გამოიყურება, როგორც გამჭვირვალე სითხე, რომელსაც მოყვითალო ფერი დაჰკრავს.

მეცნიერებმა სითხე მინის ჭურჭელში გადაიტანეს და მისი შემადგენლობის შესწავლა დაიწყეს. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ეს ალკოჰოლი კი არა, არსებითად – კალიუმის ნიტრატისა და ალუნიტის ნაზავი იყო, რომელსაც სხვა მინარევებიც ჰქონდა დამატებული.

ამ რეცეპტით დამზადებული ელექსირი, რომელსაც თითქოს ადამიანისთვის უკვდავების მინიჭება შეეძლო, ბევრ უძველეს კულტურაში გვხვდება. ჩინურ მითებში ზოგჯერ ამ შემადგენლობას ოქროს, დარიშხანს და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებსაც უმატებდნენ.

როგორც მეცნიერები ამბობენ, უძველეს ტექსტებში არ ჩანს, დაულევია თუ არა მსგავსი ელექსირი ოდესმე ვინმეს თუ ეს მხოლოდ დაკრძალვის რიტუალის ნაწილი იყო და მას ადამიანისთვის, გარდაცვალების შემდეგ, მარადიული სიცოცხლე უნდა მიენიჭებინა.

ელექსირით სავსე დოქთან ერთად, არქოლოგებმა სამარხში ბრინჯაოს არტეფაქტები, ნეფრიტის სამკაულები და სხვა უძველესი ნივთები იპოვეს. კარგად შენახული აღმოჩნდა თავად ჩინეთის მაშინდელი ელიტის წარმომადგენლის ნაშთიც.

წყარო: BBC

ფოტო: XINHUA/LI AN

 

 

  • 8
  •  
  •  
  •  
  •