მამუკა ხაზარაძე: მივიტანე წერილის ასლი. ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე

TBC ბანკის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მუქარის შემცველი წერილის შინაარსი, შეუძლია, თავად პროკურატურამ გაასაჯაროოს

TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ მუქარის შემცველი წერილი, რომლის თაობაზეც მან გუშინ, პარლამენtტის ტრიბუნიდან ისაუბრა, პროკურორებს უკვე გადასცა.

„ვიყავი გამოკითხვაზე, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები, მოსამართლის თანდასწრებით. გადავეცი წერილის ასლი. გავაკეთე კომენტარები. მე კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა მენტალიტეტის პროკურატურა… წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება წერილის შინაარსს, ბიზნესმენი აცხადებს, რომ ეს “პროკურატურის კომპეტენციაა” და თავად შეუძლიათ, გაასაჯაროონ.

მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა, დაახლოებით, 2 საათს გრძელდებოდა. გამოკითხვას, პროკურორებთან ერთად, მოსამართლე ესწრებოდა.

გუშინ, პარლამენტში გამართული საკომიტეტო მოსმენისას, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას თავად გიორგი გახარია არ ადასტურებს.

ფოტო: რადიო თავისუფლება

 

  • 7
  •  
  •  
  •  
  •