საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება

მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება. აღნიშნულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა  განაცხადა.

ბეზარაშვილის თქმით, დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.

დღეს არსებული მდგომარეობით, დასაქმების პოლიტიკას სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ახორციელებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 62% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. NDI ამბობს, რომ როცა მოსახლეობას დაუსვეს კითხვა – “ხართ თუ არა დასაქმებული”, განუმარტეს, რომ აქ იგულისხმება სრული ან ნახევარი განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული და ა.შ., მთავარია ამას მოჰქონდეს შემოსავალი. კითხვაზე გამოკითხულთა მხოლოდ 37% პასუხობს დადებითად, ხოლო 62% უარყოფითად.

ამასთან, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, ყველაზე მაღალი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია. რაც შეეხება პასუხებს ასაკის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად დასაქმებულები 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები და 18-34 წლის ადამიანები არიან. გარდა ამისა, გამოკითხულთაგან თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს ქალების 68%, ხოლო კაცების 55%.

აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანების უმრავლესობისგან, ვინც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, სამსახურს ეძებს 34%; 21% ამბობს, რომ პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით; 19% კი აღნიშნავს, რომ დიასახლისია.

მხოლოდ 6%-ია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც უმუშევარია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს. 6% სტუდენტია, ხოლო 4% საერთოდ არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

  • 15
  •  
  •  
  •  
  •