ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება

ყოველდღიურად, 20-25 ახალი შემთხვევა ფიქსირდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება.

ყოველდღიურად, წითელათი დაავადების 20-25 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო იანვარ-თებერვალში აღრიცხული შემთხვევები, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაცილებით მეტია.

„ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში გვაქვს 2115 შემთხვევა, რაც შარშანდელი 2 თვის მონაცემებზე მეტია, რადგან შარშან, მთელი წლის განმავლობაში, გვქონდა 2000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა. წელს უფრო სერიოზულად მიმდინარეობს ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში, შეიმჩნევა ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკის შემცირება, ანუ ისეთი ინტენსივობით აღარ იმატებს შემთხვევების რაოდენობა, როგორც ეს იანვარ-თებერვალსა და თებერვლის პირველ ნახევარში იყო. ყოველდღიურად, მაინც 20-25 ახალი შემთხვევა გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, 19 იანვარს გამოცემული მთავრობის განკარგულების შემდეგ, რომელიც წითელას საწინააღმდეგოდ დამატებითი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს, აცრები ინტენსიური გახდა, თუმცა მაინც არასაკმარისია.

„აცრები საკმაოდ ინტენსიური გახდა, მაგრამ არ არის საკმარისი. ჯერჯერობით, ზრდის დინამიკა შემცირებულია, მაგრამ მაინც არის. სასურველია, რომ აცრები კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. იანვრის შუა რიცხებში, როდესაც წითელას საწინააღმდეგო დამატებით ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულება იქნა მიღებული, 19 იანვრიდან დღემდე, დამატებითი აცრა 95 000-მა ადამიანმა ჩაიტარა. ბავშვების რუტინული აცრა კი თვეში, დაახლოებით, 11000-12000 გაკეთდა.

საჭიროა, საზოგადოებამ გაითავისოს, რომ წითელა სერიოზული დაავადებაა, იწვევს სერიოზულ გართულებებს და მას აცრის გარდა ვერაფერი ვერ შეაჩერებს. თუ ჩვენ არ ავცერით ყველა, ვინც ვაქცინირებული არ არის ან წითელა გადატანილი არ აქვს, გაგვიჭირდება წითელას შეჩერება. მოვუწოდებ მოსახლეობას, პირველ რიგში, მშობლებს, ყველამ გადაამოწმეთ თქვენი შვილების აცრის კალენდარი. თუ თქვენ ბავშვს 2 აცრიდან ერთ-ერთი მაინც აქვს გამოტოვებული, მაინც მიიყვანონ და აცრან. წითელას 50% დღეს კონცენტრირებულია, დაახლოებით, 20-40 წლის ასაკის მოსახლეობაში. თუ ამ ადამიანებს არ ახსოვთ, გადატანილი აქვთ თუ არა წითელა ან აცრილები არიან თუ არა, მივიდნენ და პოლიკლინიკაში ერთი აცრა გაიკეთონ. ეს მათ და მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს დაიცავს“ , – განახადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასულ წელს წითელას დაავადებით 3 ბავშვი დაიღუპა, წელს კი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

  • 4
  •  
  •  
  •  
  •