სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, საფრანგეთის შემდეგ, ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში, გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.

შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა განიხილეს.

როგორც პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა,  დღეს არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის ინსტრუმენტები საქართველოს არ გააჩნია და დამოკიდებულია მეგობრებზე, რათა მოახდინონ გავლენა და ზეწოლა რუსეთზე, რომ მან საკუთარი პოზიციები შეცვალოს.

“ჩვენი პოზიციაა – საქართველოს მეგობრები და პარტნიორები: გერმანელები, ფრანგები, ამერიკელები
უფრო აქტიურად ჩაერთონ დიალოგში, გაუმეორონ რუსეთს და როგორღაც გააგებინონ, რომ საჭიროა,  პოზიციები შეიცვალოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ძალიან ტექნიკურ დონეზე ჩამოვიდა.

“ჩვენთვის უცვლელია ჟენევა, რადგან სხვა საერთაშორისო ფორმატი არ გაგვაჩნია, მაგრამ დრო მოვიდა, მოვითხოვოთ მეტი ჩვენი პარტნიორებისგან და მათ გამოიყენონ საკუთარი ბერკეტები. როდესაც ჩვენ გვეკითხებიან: – რას გავაკეთებთ? ჩვენ ვპასუხობთ, რომ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. ეს არის  პატარ-პატარა, ჰუმანიტარული ნაბიჯები, რათა არ გავწყვიტოთ კავშირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობასთან. თუმცა ეს ძალიან რთულია და  ვითარებას არ ცვლის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •