ისნის გამგეობა ავლაბარში ავტოფარეხების დემონტაჟს ახორციელებს

ქეთევან წამებულის გამზირის N76-ში ახალი სკვერის მოწყობა უკვე დაწყებულია

უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ თბილისის მერის ინიციატივას ავლაბარში, ქეთევან წამებულის N76 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობაც შეუერთდა.

აღნიშნულ მისამართზე, შვიდი ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოებს, რომელთა ნაცვლად, საცხოვრებელი კორპუსის ეზო მოწესრიგდება და თანამედროვე  პარკინგი მოეწყობა, ისნის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

ავტოფარეხების დემონტაჟთან დაკავშირებით, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

“მადლობა მინდა გადავუხადო ქეთევან წამებულის N76-სა და N76 ბ-ში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთაც ამ უსახური კონსტრუქციების დაშლის სურვილი გამოთქვეს და სანაცვლოდ, მათი საცხოვრებელი გარემო თანამედროვე, ცივილურ სახეს მიიღებს. გვერდითა ეზოში, სადაც ოთხი ფარეხი დავშალეთ, სკვერის მოწყობა უკვე დაწყებულია. ანალოგიურად, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ამ მისამართზეც გავალამაზებთ ეზოს და მოვაწყობთ თანამედროვე პარკინგს. დიდი იმედი მაქვს, ამ მხრივ მოსახლეობა წელსაც აქტიური იქნება”, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, 11 ავტოფარეხის დემონტაჟი ორ მისამართზე განახორციელა. ქეთევან წამებულის გამზირის N76-ში ახალი სკვერის მოწყობა უკვე დაწყებულია.

 

 

  • 2
  •  
  •  
  •  
  •