“საქართველოს ბანკი”: რომან ფიფიას დავაში ჩვენ მოპასუხე არ ვართ

“საქართველოს ბანკი” რომან ფიფიას წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი ამ დავაში მოპასუხე მხარე არ არიან.

“საქართველოს ბანკმა” ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც “რეკორდერი” უცვლელად გთავაზობთ.

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, შემდეგ ფაქტებს:

– საქართველოს ბანკი არ არის მოპასუხე ამ დავაში. მეტიც, 2018 წლის 27 აპრილს რომან ფიფიამ თავად შეწყვიტა წარმოება საქართველოს ბანკის მიმართ. დავა მიმდინარეობს საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია, BGEO Group Limited-სა და რომან ფიფიას შორის, ინგლისის სასამართლოში.

– რომან ფიფიამ ასევე თავადვე თქვა უარი 944 მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნაზე და განახლებული სარჩელით 286 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს. ანუ მოთხოვნილი თანხა შეამცირა.

– აღსანიშნავია, რომ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით მოპასუხე BGEO Group Limited სარჩელს სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს, კონკრეტული არგუმენტები კი სასამართლოში იქნება წარდგენილი,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

რომან ფიფიას წარმომადგენლის განცხადებით, ბრიტანელმა მოსამართლემ არ გაიზიარა BGEO Plc ჯგუფის პოზიცია, რომ რომან ფიფია ამ საქმეში დაზარალებული მხარე არ არის, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვა ჩანიშნა.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •