რომან ფიფიას წარმომადგენელი: საქართველოს ბანკი თავად ადასტურებს დავის არსებით განხილვას ინგლისის სასამართლოში

“საქართველოს ბანკი თავად ადასტურებს რომან ფიფიას და BGEO pls-ს დავის არსებით განხილვას ინგლისის სასამართლოში”, – ასე პასუხობს რომან ფიფიას წარმომადგენელი “საქართველოს ბანკის” განცხადებას, რომლითაც ბანკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ დავაში ის მოპასუხე მხარე არ არის.

“საქართველოს ბანკმა” თავადაც დაადასტურა, რომ ინგლისის სასამართლოში ჩაინიშნება რომან ფიფიას და BGEO plc დავის არსებითი განხილვა. აღსანიშნავია, რომ BGEO-ს  მცდელობა იყო არსებითი განხილვის გარეშე გაენეიტრალებინა ბ-ნი ფიფიას სარჩელი, რათა თავი აერიდებინა საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემას, რაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს ბ-ნი ფიფიას სიმართლეს.

რაც შეეხება ზიანის თანხას, დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნილია 286 მილიონი აშშ დოლარი დადასტურებული ზიანი რაც ბ-ნ ფიფიას მიადგა ქონების დაკარგვის გამო  და პლიუს ზიანი რაც მას მიადგა მიუღებელი მომავალი შემოსავლის გამო, რომლის მოცულობა დადასტურდება შესაბამისი ექსპერტების მიერ. არ არის გამორიცხული რომ საბოლოო თანხამ გადააჭარბოს 994 მილიონ აშშ დოლარს.

მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას”, – ნათქვამია რომან ფიფიას წარმომადგენლის განცხადებაში.

საქმე ეხება რომან ფიფიას კომპანია Loyal Capital Group S.A სარჩელს,  რომლის დავის საგანი, ფიფიას მხარის განცხადებით, ს.ს. საქართველოს ბანკის ინიციატივით უკანონოდ გასხვისებული რუსთავის აზოტის ქარხნის აქტივებია.

ბრიტანელმა მოსამართლემ არ გაიზიარა BGEO Plc ჯგუფის პოზიცია, რომ რომან ფიფია ამ საქმეში დაზარალებული მხარე არ არის, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვა ჩანიშნა.

  • 8
  •  
  •  
  •  
  •