რა პიროვნულ კომპრომატებს შეიცავს წერილი, რომლითაც დეკანოზ მამალაძის ოჯახი დაიმუქრა

ნიკა გვარამია: "ამ წერილს მეუფე პეტრემაც კი "საეკლესიო ბედუკაძეობა" უწოდა. ეს მაფიქრებინებს, რომ წერილი მძიმე მორალურ ინსინუაციებს შეიცავს"

მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავირებით, სიტუაციის უკიდურესი განვითარების შემთხვევაში, სკანდალური წერილის გამოქვეყნებით იმუქრება. განცხადება ამის შესახებ მსჯავრდებულის ძმამ, რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მისი თქმით, წერილის ერთი ნაწილი საეკლესიო ბიზნესს ეხება და სკანდალურ გზავნილში პატრიარქის ოჯახის წევრებზეა საუბარი, კონკრეტულად, მის დაზე:

“ამ წერილში საუბარია, მე როგორც ვიცი, პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად დაზე, რომელიც ფლობს ბიზნესებს. ბიზნესებს ფლობს საეკლესიო ხატების, ნივთების, სანთლების ბიზნესს. როდესაც ჩემი ძმა თავისუფალი იყო, პატრიარქთან არაერთხელ ჰქონდა ამაზე საუბარი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რაზეც პატრიარქი ძალიან გაბრაზდა, რომ ჩემმა ძმამ ბიზნესების გარკვევა დაიწყო და პატრიარქის ოჯახს შეეხო,“- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მამალაძის ძმის მუქარას, დეკანოზის მხარდამჭერების მხრიდანაც კი მწვავე განცხადებები მოჰყვა. მეუფე პეტრემ ამ წერილს, რუსთავი 2-ის ეთერში ღიად უწოდა  “საეკლესიო ბედუკაძეობა”. წერილს დეკანოზ მამალაძის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას  მწვავე რეაქციაც მოჰყვა. გვარამია აცხადებს, რომ არ იცის წერილის შინაარსი, თუმცა ვარაუდობს, რომ ის “მძიმე მორალურ” ინსინუაციებს შეიცავს. ის შიშობს, რომ წერილი “გაჟონავს”, რასაც უმძიმესი შედეგი მოჰყვება. ნიკა გვარამია მზად არის, მხარეებს შორის მედიატორის როლი იკისროს და მათ, ამ სახიფათო ვითარების ორმხრივად სასარგებლოდ განმუხტვაში  დაეხმაროს.

ნიკა გვარამია:

– აუცილებლად მივიჩნევ შემდეგ განმარტებას:

  1. დეკანოზი მამალაძის საქმეში ჩავერთე ფაქტებზე დაფუძნებული რწმენის გამო, რომ ის უდანაშაულოა. საქმის უმცირეს დეტალებში გარკვევის შედეგად, ეს რწმენა სრულიად გამიმყარდა და დღეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი მამალაძე არათუ უკანონო პატიმარი, არამედ ორი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის – საპატრიარქოს და ხელისუფლების ტყვეა.
  2. მისი უდანაშაულობა იცის ყველამ საპატრიარქოში, პატრიარქის ჩათვლით. თუმცა სწორედ საპატრიარქო ეწინააღმდეგება მის გარეთ გამოსვლას. პრეზიდენტი მარგველაშვილი მზად იყო მის შესაწყალებლად, მაგრამ საპატრიარქოს კატეგორიულმა პოზიციამ მიაღებინა განსხვავებული გადაწყვეტილება.
  3. რატომ აქვს საპატრიარქოს ამგვარი პოზიცია? გასაღები იმ წერილშია, რომელიც დეკანოზმა დაწერა მანამ, ვიდრე მისი ადვოკატი გავხდებოდი. მანამდე მას ყავდა და ახლაც ყავს დაცვის შესანიშნავი გუნდი, მაგრამ ეს გუნდი ძირითადად სამართლებრივ ხაზს განსაზღვრავს. ჩემგან დეკანოზი სხვა ტიპის რჩევებსაც იღებდა და იღებს (შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა პირველ შეთავაზებაზე, ჩავრთულიყავი საქმეში, უარი განმიცხადა და მხოლოდ მას შემდეგ გამოთქვა თავად ინიციატივა, როდესაც უკვე მისჯილი ქონდა 9 წლიანი სასჯელი). მე ეს წერილი არ წამიკითხავს, თუმცა ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც მაქვს მის შესახებ. საპატრიარქოს შუამავალი, ჩემთვის პატივსაცემი მაღალი საეკლესიო იერარქი, ცდილობდა გაერკვია, რა მითხრა მე დეკანოზმა და რის თქმას ვაპირებდი საჯაროდ, რაზეც ძალიან მკვახედ ვუპასუხე (რისთვისაც მოგვიანებით ბოდიშს ვუხდი), რომ არაფერი მორალზე და ამ ტიპის პიროვნულ კომპრომატებზე ჩემთვის დეკანოზს არ უთქვამს და რომც დაეპირებინა, ამას არ მოვისმენდი. მით უფრო, ამ ფაქტებზე წარმოდგენაც რომ მქონდეს, საჯაროდ მათზე რომ ვილაპარაკებ, ამის დაშვებითაც კი შეურაცხყოფა მომაყენეს (ამიტომაც ვიყავი მკვახე). მსგავსი რამ, რომ თითქოს მამალაძის კამერიდან გამოსული ვაპირებდი მაღალი სასულიერო იერარქების პირად ცხოვრებაზე საუბარს, ჩემზე განაცხადა ნანა კაკაბაძემაც – ყველაზე ამორალურმა პერსონაჟმა ამ და არამარტო ამ ისტორიაში, რომელიც დღემდე საპატრიარქოს სახელით საუბრობს. ამ წერილს მეუფე პეტრემაც კი (მამალაძის ყველაზე ღია მხარდამჭერმა) ჩემთან და ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუში ღიად უწოდა “საეკლესიო ბედუკაძეობა”. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ წერილი მძიმე მორალურ ინსინუაციებს შეიცავს, რაც, თუ ასეა, დიდი შეცდომაა დეკანოზის მხრიდან.
  4. მე სკრუპულოზურად ვაკვირდები შექმნილ სიტუაციას და შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი დასკვნები:
  5. საპატრიარქო ძალიან რისკიან თამაშში ჩაება. სრულიად ნათელია (გადახედეთ სასულიერო პირების ბოლო ინტერვიუებს), რომ შიგნით ეკლესიაში მომწიფებულია სიტუაცია, ეს რაღაც ყბადაღებული წერილი შიგნიდან გაიჟონოს და გასაჯაროვდეს. ამას გარდა, საპატრიარქო, დეკანოზის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებით , სრულ სასოწარკვეთამდე მიიყვანს მას და დააშვებინებს კიდევ ერთ საბედისწერო შეცდომას (მისთვისაც და ეკლესიისთვისაც) და აიძულებს თვითონ გამოაქვეყნოს ეს “საეკლესიო ბედუკაძეობა”. არის მესამე, ყველაზე უარესი ვარიანტი – დეკანოზი გარდაიცვალოს (რაც უკვე სრულიად არ გამოიყურება წარმოუდგენლად) და მისმა ძმამ, ასევე სასოწარკვეთილმა თორნიკე მამალაძემ გამაქვეყნოს ეს წერილი (რაზეც უკვე განაცხადა) და დეკანოზის ფაქტიურ მსხვრპლშეწირვასთან კომბინაციაში ეს რას გამოიწვევს, რთული და მძიმე წარმოსადგენია.
  6. მოკლედ, ორივე მხარისგან სრულიად მიუღებელია რაღაც “საეკლესიო ბედუკაძეობა” წერილის მოლოდინის ჰაერში გამოკიდება და მე, პირადად, სრულიად არ მსურს ამ მოლოდინის ნაწილი ვიყო, მით უმეტეს, შემოქმედი. ვემიჯნები ამ ვითარებას და მოვუწოდებ მხარეებს, დააახლოვონ პოზიციები.
  1. პოზიციების დაახლოვების უპირობო და მთავარი წინაპირობაა დეკანოზის უკანონო პატიმრობიდან/ტყვეობიდან გათავისუფლება/გამოხსნა. ის უნდა გამოვიდეს ციხიდან და დანარჩენი გაირჩეს ეკლესიის შიგნით. დანარჩენში ვგულისხმობ მორალისა და ეთიკის საკითხებს, რისი საზოგადოებაში გადმოღვრის დიდი ცდუნება შეიმჩნევა ცალკეული (და უკვე ბევრი) საეკლესიო თუ საერო პირების მხრიდან. რაც შეეხება დანაშაულის ნიშნების შემცველ ქონების მითვისება-გაფლანგვის საკითხებს – დიდი ხანია, დადგა დრო, საზოგადოებამ იცოდეს, მისი ჯიბიდან გადახდილი ყოველწლიური საეკლესიო დაფინანსება 25 მილიონის ოდენობით, მის საკუთრებაში მყოფი და ეკლესიისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ასიათასობით ჰექტარი მიწები და უზარმაზარი შენობები სად და რა მიზნით მიემართება და იხარჯება. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ პირველი სრულიად შიდა საეკლესიო საკითხია და მისი საზოგადოებრივი განხილვა არ წარმოადგენს ლეგიტიმურ ინტერესს, მეორე მიმაჩნია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხად და მისი განხილვა – ლეგიტიმურად.
  2. მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ, ეს ძალიან მძიმე ტვირთი იქნება და ისედაც არ მაკლია ცხოვრებაში სიმძიმე, მზად ვარ, მედიაცია ვიკისრო მხარეებს შორის და დავეხმარო მათ ამ სახიფათო ვითარების ორმხრივად სასარგებლოდ განმუხტვაში.

 ნიკა გვარამიას შეთავაზებას დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე ეხმაურება და ამბობს, რომ შეთავაზებას მიიღებს.

 თორნიკე მამალაძე:

” ჩემი ძმის მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს უკვე ოჯახის ერთადერთი საზრუნავია მამაოს ციხიდან გამოყვანა იმისთვის, რომ ის უბრალოდ ცოცხალი გადარჩეს. ასევე, ჩემი და ჩემი ოჯახის მიზანი არასდროს ყოფილა ეკლესიის დისკრედიტაცია. აქედან გამომდინარე, ოჯახი მზად ვართ, დავაახლოვოთ პოზიციები, რაფერც ნიკა ამბობს და სამუდამოდ დამთავრდეს ეს ქაოსი და მამაოს წამება.”

 

 

 

  •  
  •  
  •  
  •  
  •