Burberry ბოდიშს იხდის – ინგლისური მოდის სახლი მძაფრი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა

ბრიტანული მოდის სახლი Burberry იძულებული გახდა, ლონდონის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე წარმოდგენილი ტანსაცმლის დიზაინის გამო ბოდიში მოეხადა. კაპიუშონი, რომლის თასმებიც ყულფის მსგავსად იკვრება, კრიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც მინიშნება თვითმკვლელობასა და ლინჩის წესით გასამართლების პრაქტიკაზე.

ჩვენება მოდურ ადამიანებს ეძღვნებოდა, მათ “ხმას” და იმედებს – ასე შეაფასა თავისი კოლექცია Burberry-ის კრეატიულმა დირექტორმა რიკარდო ტიშიმ.

თუმცა, ჩვენების შემდეგ, კრიტიკამ არ დააყოვნა. მოდელმა ლიზ კენედიმ, რომელიც ამავე ჩვენებაში თავადაც მონაწილეობდა, “ინსტაგრამზე” დაწერა: “თვითმკვლელობა – ეს მოდა არ არის. რიკარდო ტიში და ადამიანებო Burberry-დან, არ მესმის, როგორ შეგეძლოთ პოდიუმზე გამოგეყვანათ ადამიანი, რომელსაც ყელზე ჩამოსახრჩობი ყულფი ჰკიდია”. კენედიმ ასევე დასძინა, რომ ჩვენების დროს ორგანიზატორებისთვის ამის თქმას შეეცადა, მაგრამ არავინ მოუსმინა.

მოდელის ინსტაგრამ-პოსტის შემდეგ, Burberry-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკო გობეტიმ ბოდიში მოუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მოდელიერის გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. მან განაცხადა, რომ ეს სიტუაცია კომპანიისთვის კარგი გაკვეთილია. პატიება ითხოვა რიკარდო ტიშიმაც და დასძინა, რომ მისი გადაწყვეტილება საზღვაო თემატიკით იყო ნაკარნახევი და არც თვითმკვლელობაზე და არც ლინჩის წესით გასამართლებაზე არ უფიქრია.

ტანსაცმლის მწარმოებლები სულ უფრო ხშირად ხდებიან იძულებული, ბოდიში მოიხადონ იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც მათი დიზაინი აღაშფოთებთ. თებერვლის დასაწყისში, Gucci-ის სახლი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ სვიტერი “ბლექფეისი” – თეთრი მსახიობების შავი გრიმი, აფროამერიკელებს აღნიშნავდა.

იანვარში Prada-ს სახლმა Pradamalia-ს კოლექცია გამოუშვა, რომელშიც წარმოდგენილი იყო გასაღები ჯაჭვი ჰიპერტროფირებული ტუჩებისა და გადმოვარდნილი თვალების მქონე მაიმუნის გამოსახულებით. კომპანია რასიზმში დაადანაშაულეს.

Dolce და Gabbana კი კრიტიკის ქარცეცხლში 2016 წლის გაზაფხულზე აღმოჩნდა – სანდლების გამო. ფეხსაცმელი 2 ათას დოლარზე მეტი ღირდა და იყიდებოდა, როგორც “მონის სანდალი პომპონებით”. პროტესტის შემდეგ, სახელწოდება შეცვალეს.

ფოტოები: GETTY IMAGES

 

  • 5
  •  
  •  
  •  
  •