კარლ ლაგერფელდი – ის, ვინც ქმნიდა “მოდას სხვა სამყაროდან”

შავი სათვალე, ტყავის ხელთათმანები, კლასიკური კოსტიუმი – ეს მოდის ლეგენდარული დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის საფირმო სტილი იყო.

სიცოცხლის ბოლო 35 წლის განმავლობაში, კარლ ლაგერფელდი Chanel-ის მოდის სახლს ხელმძღვანელობდა. მანამდე, იგი იყო იტალიური მოდის სახლის – Fendi-ის კრეატიული დირექტორი, Chloe-ს ბრენდის მთავარი მოდელიერი და ჰქონდა საკუთარი ბრენდიც – Karl. ყველგან, სადაც იყო, თითოეული ბრენდის ინდივიდუალურობას ინარჩუნებდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლაგერფელდი 1933 წლის 10 სექტემბერს დაიბადა, ჰამბურგში. მამამისი – ოტო ლაგერფელტი, შედედებული რძის მწარმოებელი კომპანიის მფლობელი იყო.

თავად კარლ ლაგერფელდი საკუთარი დაბადების თარიღად ხშირად განსხვავებულ წლებს ასახელებდა. ამბობდა, რომ ზუსტად არავინ იცოდა, როდის დაიბადა, “მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნებოდა არც 1933 და არც 1938 წელი”. ამის მიუხედავად, 2008 წლის 10 სექტემბერს ლაგერფელდმა ოფიციალურად აღნიშნა თავისი “70 წლის იუბილე”, თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ ის ნამდვილად 1933 წელს იყო დაბადებული. სხვათა შორის, მისი საკუთარი ბრენდის  – Karl Lagerfeld ოფიციალურ გვერდზე მოდელიერის დაბადების თარიღად, დღემდე, 1938 წელია მითითებული.

წარმოშობით გერმანელმა ლაგერფელდმა მთელი ცხოვრება საფრანგეთს დაუკავშირა. ფრანგული ჟღერადობისთვის, მან თავის გვარში ბოლო ასოც კი შეცვალა (“ტ”-ს ნაცვლად – “დ”).

კარლ ლაგერფელდმა პარიზში, მონტენიას პრესტიჟული ლიცეუმი დაამთავრა და სპეციალობად ფერწერა და ისტორია აირჩია.

1954 წელს მან პალტოს ესკიზი შექმნა და შალის მწარმოებელთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონკურსზე პირველი პრიზიც მიიღო. ეს პალტო, მისი ესკიზით, პიერ ბალმენის მოდის სახლში შეკერეს. ბალმენმა ახალგაზრდა კარლი თავისთან, ასისტენტად აიყვანა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“ყოველთვის მაინტერესებდა, რას იცმევენ ადამიანები, ჩემი საკუთარი თავის ჩათვლით. მაგრამ როცა პატარა ხარ, არაფერი იცი ამ მოდის სამყაროს შესახებ, ეს რაღაც ძალიან შორეულია, განსაკუთრებით, იმ წლებში. ისე არაა, როგორც ახლა, როცა ტელევიზორია და ათასგვარი რამ… მოდა მაშინ რაღაც ისეთი იყო… სხვა სამყაროდან, რაღაც ისეთი ვარსკვლავური, მილიარდობით წლით დაშორებული შენგან, შენი ცხოვრებისგან, განსაკუთრებით, ჩემგან – სოფელში. მაგრამ გარემოებები ისე აეწყო, რომ მე ეს გამომივიდა”, – ასე უპასუხა კარლ ლაგერფელდმა შეკითხვას იმის თაობაზე, ოცნებობდა თუ არა ოდესმე მოდელიერის კარიერაზე.

ეს იყო კითხვა, რომელიც ლაგერფელდმა საკუთარ თავს დაუსვა – ინტერვიუ მან 2012 წელს ჩაწერა, პორტალზე  Net-a-Porter, საკუთარი ტანსაცმლის კოლექციისა და აქსესუარების – Karl ჩვენების წინ.

1964 წელს ლაგერფელდი ფრანგული მოდის სახლის – Сhloe დიზაინერი გახდა და პრეტ-ა-პორტეს კოლექციებზე მუშაობდა. 1965 წელს კი დაიწყო მრავალწლიანი თანამშრომლობა იტალიურ ლუქს-ბრენდთან Fendi, რომელიც დიზაინერის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.

მოდის სწრაფადცვალებად სამყაროში ლაგერფელდი მუდმივად ინარჩუნებდა აქტუალობას, არ ღალატობდა სტილს, თუმცა არც თამამ გადაწყვეტილებებს და სიახლეებს ერიდებოდა. მოდის ინდუსტრია მისდამი ყოველთვის ლოიალური იყო.

“მოდა – ეს დროის სულია”, – ამბობდა ლაგერფელდი, რომელმაც 1980-იან წლებში შეძლო, კოკო შანელის მოდის სახლი გაეცოცხლებინა: მან მხრები გაადიდა, წელი ოდნავ დაავიწროვა, ქვედაბოლო დაამოკლა და “შანელი” ისევ აქტუალური გახდა.

Chanel-ის მოდის სახლში კარლ ლაგერფელდი 1983 წელს მივიდა. მან “შანელის”კლასიკური კოსტიუმების ახალი ქსოვილებით კერვა დაიწყო – ჯინსის ძაფით და ტყავით, რითაც მაღალ მოდაში დისკოს ეპოქას გამოხატავდა.

“თუ მარტო თვითგამოხატვას შეეცდები და რეალობასთან საერთო არაფერი გექნება, ასე არაფერი გამოვა, – თქვა ერთხელ დიზაინერმა, – უნდა იყო ის, ვინც ხარ – 100%-ით, მაგრამ უნდა შეძლო დროის კონკრეტული პერიოდის ასახვაც. რადგან მოდა – ეს დროის სულია, როგორც გერმანელები ამბობენ – Zeitgeist. მოდა – ეს არ არის პიკასოს მსგავსი გენიის გზა, ეს სხვა რამეა”.

დროის ასახვას ლაგერფერლდი ყოველთვის ახერხებდა, ზოგჯერ – მას უსწრებდა კიდეც: 2004 წელს ის პირველი, მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი იყო, რომელმაც შვედური მასობრივი მოხმარების ბრენდის – H&M-ისთვის კაფსულა -კოლექცია შექმნა.

ამასთან, თავად ლაგერფელდის განუმეორებელი იერსახე, მრავალი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად უცვლელი რჩებოდა და ეს იმიჯი მის თავისებურ ემბლემადაც კი იქცა: ელეგანტურად გადავარცხნილი და უკან შეკრული თმა – მოცარტის სტილში, შავი სათვალე, შავი პიჯაკი, პერანგის მაღალი, თეთრი საყელო, შავი ხელთათმანები.

კარლ ლაგერფელდს პატივს სცემდნენ არა მარტო მის მიერ შექმნილი დიზაინის, არამედ – ცოცხალი გონების და მახვილი ენის გამოც.  2013 წლის სექტემბერში გამოვიდა წიგნი “კარლის თვალით დანახული სამყარო” (The World According to Karl), სადაც მისი გამონათქვამები – “კარლიზმები” იყო თავმოყრილი, როგორიცაა: “ძალიან მიწიერი ვარ, მაგრამ არა დედამიწაზე”, “მე რაღაც საკუთარი თავის კარიკატურის მსგავსი ვარ, რაღაც ნიღბის მაგვარი, მაგრამ მე ეს მომწონს, რადგან ჩემთვის ვენეციური კარნავალი მთელი წელი გრძელდება”.

თუმცა, ეს გამონათქვამებიც ნიღაბი იყო. სინამდვილეში მას არ უყვარდა ხალხმრავალი წვეულებები, მუშაობას ამჯობინებდა. ერთხელ მან კითხვაზე, რაში იყო მისი წარმატების საიდუმლო, ასე უპასუხა: “ერთადერთი საიდუმლო ის არის, რომ უნდა იშრომო, არ იყო გონებაგაფანტული და, ალბათ, ნორმალური ცხოვრების წესითაც უნდა იცხოვრო: არ დალიო, არ მოწიო, არ მიიღო ნარკოტიკები – ესეც შველის. ყველაფერი არც ისე რთულია და ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რისი მიღწევა გინდა სინამდვილეში”.

მრავალი წლის განმავლობაში, კარლ ლაგერფელდი ცხოვრობდა მარტო, თავის საყვარელ, ბირმულ კატასთან – შუპეტთან ერთად. ერთხელ ისიც კი თქვა, რომ სიამოვნებით დაქორწინდებოდა შუპეტზე, ეს რომ კანონით ნებადართული ყოფილიყო.

2019 წლის იანვარში მოდის ლეგენდარული დიზაინერი პირველად არ გამოჩნდა Chanel-ის  მაღალი მოდის ჩვენებაზე. ფრანგული პრესა წერდა, რომ ის ავად იყო, თუმცა დეტალები არ ხმაურდებოდა.

ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ, Chanel-ის მოდის სახლმა განაცხადა, რომ კრეატიული დიზაინერის პოსტზე მას ვირჯინი ვიარი შეცვლის, რომელიც მანამდე სტუდიური დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

ფოტოები: REUTERS, GETTY IMAGES, AFP.

  • 17
  •  
  •  
  •  
  •