“სუსტი გუნდი საბოლოოდ იშლება”- მამუკა ხაზარაძე იდეალური და სუსტი გუნდის სტრუქტურაზე

რა მესიჯს უგზავნის ბიზნესმენი საზოგადოებას

  • სუსტი გუნდი საბოლოოდ იშლება და ამის მიზეზი ხშირად არის ის, რომ ლიდერებს ეშინიათ ნიჭიერი და ძლიერი ადამიანების შემოკრება.
  • ნამდვილი ლიდერი გუნდში არჩევს თავისზე ძლიერ ადამიანებს.
  • არასოდეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გვქონია გარიგებები.
  • ჩვენთან ყოველთვის არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ეომება პროგრესს.
  • მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების.
  • ანაკლიის პორტი, შესაძლოა, ძალიან კარგი შანსი აღმოჩნდეს აფხაზ ძმებთან დაახლოების.

ეს  ის მესიჯებია, რომელსაც “თიბისი” ბანკის თანადამფუძნებელი საზოგადოებას უგზავნის. მამუკა ხაზარაძე საკომუნიკაციოდ, ამჯერად, საზოგადოებრივ პლატფორმას ირჩევს. პირველი განცხადება მან სოციალურ ქსელში, ვრცელი ლექცია კი, მისი ჯგუფის საქმიანობის შესახებ – “კავკასიის უნივერსიტეტში”, სტუდენტებთან გააკეთა. საზოგადოებამ მამუკა ხაზარაძის ლექცია პოლიტიკური გზავნილების ერთობლიობად შეაფასა, თუმცა იგივე საზოგადოება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი ბიზნესმენისგან უფრო თამამ ნაბიჯებს და მეტ კონკრეტიკას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის “თიბისი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა და მათ ხელმოწერის უფლება შეუზღუდა. “თიბისი” ბანკმა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

რა იქნება მამუკა ხაზარაძის მორიგი ნაბიჯი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, როგორც პირველ განცხადებაში თქვა, ის დანებებას არ აპირებს და თავისუფლების და ღირსების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.

„დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ამიტომ მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორის გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალებით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება“,- ამის შესახებ ბიზნესმენმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველი საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება, რადგან ანაკლიის პორტი ე.წ საზღვრიდან 4 კილომეტრშია. თუმცა, როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რისკების პარალელურად – ანაკლიის პორტი შესაძლოა, ძალიან კარგი შანსი აღმოჩნდეს აფხაზ ძმებთან დაახლოების“.

„ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ჩვენ ძალიან ბევრი გალელი დავასაქმეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, როდესაც პორტის მშენებლობა დასრულდება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აფხაზ მეგობრებთანაც. იმიტომ, რომ გამოსავლის პოვნა ყველას უნდა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვარ და ვფიქრობ, ეკონომიკისა და ბიზნესის ენა არის ის, რითიც შეგვიძლია, რომ გარემო შევცვალოთ. ანუ, ერთის მხრივ, არის საშიშროება, რომელსაც ვერაფერს ვშველით, მაგრამ მეორე მხრივ, არის ახალი ფურცელი, რომლითაც ვეუბნებით, ახლიდან დავიწყოთ, მოდი, ერთად ვაკეთოთ ბიზნესი…

რაც შეეხება მეორე საფრთხეს, ისტორიულადაც ყოველთვის შიგნიდან მოდის. ჩვენთან ყოველთვის არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რატომღაც ეწინააღმდეგება ან ეომება პროგრესს. სამწუხაროა, რომ დღესაც კი ამ რეალობაში ვართ. ჩერჩილს აქვს კარგი ნათქვამი, თუ გინდა მიზნამდე მიხვიდე, ყველა ძაღლს არ უნდა მოუქნიო ჯოხი, თორემ ვეღარასად ვეღარ მიხვალ (შედარებას არავისთან ვაკეთებ, უბრალოდ, ციტატაა ასეთი). დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ამიტომ მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორების გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალებით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება. ეს ძალიან დამაფიქრებელია და ამოსახსნელი, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ დაპირისპირებაში ვართ და მუდამ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

  • ნამდვილი ლიდერი თავის გუნდში არჩევს თავისზე ძლიერ ადამიანებს

“ლიდერი სჭირდება ყველას, მაგრამ ნამდვილი ლიდერი თავის გუნდში არჩევს თავისზე ძლიერ ადამიანებს. თუ ხარ ლიდერი, შინაგანად უნდა ეძებო შენზე ძლიერი ადამიანი, ანუ შენ არ გეშინია სწავლის, არ გეშინია, რომ შენზე ძლიერი ადამიანი დაგჩაგრავს თავისი ცოდნით. შენ თუ ამ ნაბიჯს დგამ, რომ შენს გვერდით გინდა იმუშაოს ასეთმა ცნობილმა ადამიანმა და ის დაგეთანხმება, რომ შენს გუნდში შემოვიდეს, ე.ი. შენში უკვე რაღაც არის. ანუ შენ შეგიძლია მისი დარწმუნება, მაგრამ გაქვს ძალიან ცოტა დრო, მაგიდასთან რომ დაჯდები, თუნდაც მის დონემდე კითხვა-პასუხი იცოდე.

ვფიქრობ, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ სუსტი გუნდი საბოლოოდ იშლება და ამის მიზეზი ხშირად არის ის, რომ ლიდერებს ეშინიათ ნიჭიერი და ძლიერი ადამიანების შემოკრება”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

  • არასდროს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გვქონია გარიგებები

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის ტენდერში 2014 წელს გაიმარჯვეს, მიუხედავად იმისა, რომ პროექტით სხვა მსხვილი კომპანიებიც იყვნენ დაინტერესებული.

“მე მოგიყვებით, რატომ გავიმარჯვეთ ჩვენ, რადგან ძალიან დიდი კომპანიები მონაწილეობდნენ იქ… მთელი ჩემი ბიზნესკარიერის განმავლობაში, არასოდეს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით არ მიყიდია არაფერი. პირდაპირი მიყიდვის წესი ხშირად არის ხოლმე გამოყენებული სხვადასხვა მთავრობის დროს. არასდროს სახელმწიფოს ანგარიშები ჩვენს ბანკში არ ყოფილა.

რატომ ვარსებობთ დღესაც? რადგან არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, ე.წ. სახურავებთან არ გვქონია გარიგება. ეს არის იმის გამოძახილი, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი და არასოდეს არავის გავურიგდებით იმის გამო, რომ მან გვითხრას, ჩვენ შეგიქმნით სასათბურე პირობებს. ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის ცხოვრების პრინციპი.

ჩვენ რაშიც ვიარეთ ბოლო 29 წლის განმავლობაში, ეს არის ცალკე ბლოკბასტერი. ჩვენი გადამრჩენი კი ყოველთვის იყო გამჭვირვალობა, სწორედ ის, რომ არავისთან კავშირში არ ვართ. თვითონ კითხვა: ესენი კიდევ ბიზნესში არიან? ამის პასუხია, რომ დიახ, ვართ ბიზნესში და ვიქნებით, იმიტომ, რომ ვაკეთებთ სუფთად. ჩვენ ვიყავით პირველი ჯგუფი, რომელმაც 93 წელს გააკეთა განცხადება, რომ “თიბისი” ჯგუფი არის თეთრ ბიზნესში”,- განაცხადა ხაზარაძემ.

  • ყველა ქართველ ბიზნესმენს, რომელიც უცხოეთშია, სპეციალური პირობებით ჩამოვიყვანდი

ბიზნესმენის განცხადებით, საქართველო პატარა ქვეყანაა და საკმარისი შიდა რესურსი განვითარებისთვის არ გააჩნია, ამიტომ საჭიროა უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების საქართველოში ჩამოყვანა.

“ჩვენს ქვეყანას აქვს იმის საშუალება, რომ ბიზნესი მოიწვიოს და ამით ახალი კულტურა შემოიტანოს. ჩვენ შიდა რესურსი, სამწუხაროდ, არ გვაქვს. პირველი, მე ამას გავაკეთებდი და ყველა ქართველ ბიზნესმენს, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს, სპეციალური პირობებით ჩამოვიყვანდი. უნდა დაპატიჟო ეს ხალხი. ვთქვათ, წარმატებული ხარ რუსეთში, უკრაინაში, ბელგიაში, გერმანიაში, ამერიკაში და ა.შ. 20- 30 კაცი სპეციალურად უნდა ჩამოიყვანო და უნდა უთხრა, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ უკან დაბრუნდეთ? ამ დროს იმათ ყველას რაღაცა ნაყიდი აქვთ აქ. ზოგს ბინები, ზოგს საწარმო, ზოგს მიწა და არაფერს არ აკეთებენ”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

“დავანებოთ თავი კინკლაობას. მგონია, რომ დეჟავუ მემართება, მგონია, რომ ერთი და იმავეს ვუყურებ ტელევიზორში. ვეღარ ვგრძნობ, რომელი წელია, 90-იანები თუ… იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ვაკრიტიკებ. ჩემს თავს ვაკრიტიკებ, პირველ რიგში, მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ თქვენთან ერთად”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

  • ყბადაღებულ მილიარდნახევარში, რომელიც ჩამოიწერა, ბანკების წილი იყო 20-25%

მისი თქმით, როცა ვინმეს გულის მოგება სურთ, მაშინვე ბანკების ლანძღვას იწყებენ და არავინ ახსენებს იმ ონლაინ კომპანიებს, რომლებმაც რეალურად გამოიწვიეს ჭარბვალინობა.

“ბანკებს ეს არ გამოუწვევიათ. ყბადაღებულ მილიარდნახევარში, რომელიც ჩამოიწერა, ბანკების წილი იყო 20-25%, მაგრამ ყველაფერი პიარულად და შედეგობრივად მიეწერა ბანკებს. დანარჩენი იყო პატარ-პატარა კომპანიები, რომელთა სახელებიც, დარწმუნებული ვარ, არც ერთმა არ იცით”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

  • “თიბისი: ბანკის თანადამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბანკი არ არის ის ინსტიტუტი, რომელმაც შეიძლება სტარტაპი დააფინანსოს.

“სამწუხაროა, რომ არავინ არ საუბრობს მთავარზე, რაც ამ სტარტაპების ამუშავებას სჭირდება. ყველა ხელს იშვერს ბანკებისკენ. ბანკი არ არის ის ინსტიტუტი, რომელმაც შეიძლება სტარტაპი დააფინანსოს. ეს არის საკრედიტო ინსტიტუტი, ძალიან მკაცრი რეგულირებით.

სიმართლე არის მთავარი, რითიც შეგიძლია ეკონომიკა ააწყო. არ შეიძლება ტყუილი იძახო, მერე მოტრიალდე და არჩევნები რომ დამთავრდება, მერე სხვანაირად თქვა ეს ყველაფერი. სანამ საქართველოში კაპიტალური ბაზარი არ განვითარდება, სანამ საქართველოში არ შეიქმნება ვენჩურ კაპიტალი და “ენჯელ ინვესტორები” არ გაჩნდებიან, რომლებიც პორტფოლურად დააფინანსებენ სტარტაპს. მათ წინასწარ იციან, რომ მათი სტარტაპიდან, შესაძლოა, მხოლოდ ერთმა გაამართლოს, დანარჩენი, შეიძლება, კაპიტალის რისკი იყოს. სანამ ამას არ შევქმნით, მე ვერ ვხედავ პერსპექტივას სტარტაპის განვითარების”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

 

 

  • 2
  •  
  •  
  •  
  •  
  •