მამუკა ხაზარაძე: მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ გამოსავლის ძიება

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე  და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი ჯაფარიძე სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ და მზად არიან, ყველა სადაო დოკუმენტაცია გაასაჯაროონ.

ამის შესახებ, ხაზარაძემ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რომ ჩვენს პარტიორებს, აქციონერებს, თანამშრომლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაცნობოთ, რომ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი ერთიანი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად.

პირველ რიგში, გვინდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, „თიბისის“ დაარსების დღიდან, ჩვენ ღირებულებებს წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, TBC ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე რეგულატორის გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება. ველოდებით მართლმსაჯულებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ ამ სიტუაციიდან, ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკაზე. რაც შეეხება პროკურატურის გამოძიებას ფულის გათეთრების მუხლით – კატეგორიულად უარვყოფ ასეთი ფაქტის არსებობას. ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობას. ამასთანავე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფაქტის გარშემო, ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იურიდიული კომპანია მსოფლიოში, DENTONS-ის დასკვნა, რომელშიც საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ამ ტრანზაქციებს, არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის ინტერესთან კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დარღვევასთან კავშირიც კი არ აქვს.

მზად ვართ, საერათაშორისო კომპანიის, უკვე ჩვენს ხელთ არსებული იურიდიული დასკვნა და ასევე, 2007-2008 წლის ამ კონკრეტული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებს და ასევე, სხვა შესაბამის პირებს.

ასევე მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არჩეული იქნას თქვენს მიერ დასახელებული ადგილობრივი თუ უცხოური იურიდიული კომპანიები, NGO-ები, საბჭოს წარმომადგენლები, სპეციალური კომისია, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, ნებისმიერ ამონაწერს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც თქვენც შეგაწუხეთ და ჩვენც შეგვაწუხეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

  • 4
  •  
  •  
  •  
  •