ICC Georgia, TBC ბანკის საქმეში, ხელისუფლების ინტერესზე საუბრობს

საერთაშორისო სავაჭრო პალატა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ICC Georgia (საერთაშორისო სავაჭრო პალატა) TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
„რამდენიმე კვირის განმავლობაში სს “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეზე კონცენტრირებული თავდასხმა ხორციელდება მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების მეშვეობით, მათ შორის პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის მიერ. ეს მიზანმიმართული თავდასხმები დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან საჯაროდ გააკრიტიკა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. თიბისი ბანკი არის საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. თიბისი ბანკზე მიზანმიმართულმა თავდასხმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს და საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობას. ჩვენი მოსაზრებაა, რომ მსგავსი ქმედებები მთავრობის მხრიდან ივანიშვილის პირად დღის წესრიგში დგას, როგორც თიბისი ბანკის, ასევე ანაკლიის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია სასამართლოსა და პროკურატურის საქმიანობაში საქართველოს მთავრობის ქრონიკულ ჩარევებზე, რამაც, ICC Georgias-ს თქმით, ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციამდე მიგვიყვანა:

„თიბისი ბანკის“ საქმის ირგვლივ ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მხრიდან იგივე ზეწოლა და ჩარევა ასევე გამოიწვევს ეროვნული ბანკის დისკრედიტაციას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას სთხოვს შეწყვიტოს თიბისი ბანკსა და მის დამფუძნებლებისადმი თავდასხმები; ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს, კობა გვენეტაძეს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების ზეწოლას, რათა შეუნარჩუნოს ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოვუწოდებთ მას გადადგომისკენ, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ღირსება და რეპუტაცია. ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუარესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავაჭრო პალატა შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს მთავრობას შეწყვიტოს მაფიოზური დამოკიდებულება ბიზნეს სექტორის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ICC Georgia აღნიშნავს, რომ აქტიური მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარესთან, რათა წერტილი დაუსვას უსამართლობას.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა აერთიანებს 350 კორპორატიულ და ახალგაზრდულ წევრს და 28 ბიზნეს ასოციაციას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს ორგანიზაციაა, რომელიც 6.5 მილიონზე მეტ ბიზნესსა და სავაჭრო პალატას მოიცავს.  გლობალურ დონეზე, ICC  თანამშრომლობს ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და გაერო.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •