დავით სერგეენკო დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებას არ აპირებს

მინისტრის განცხადებით, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ის საქმის კურსშია

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საავადმყოფოში მონახულებას არ აპირებს.

მინისტრის განმარტებით, დეკანოზის ჰოსპიტალიზაციის დღიდან, ის საქმის მართვაში ჩართულია და იცის, თუ რა კვლევები ჩაატარეს მედიკოსებმა.

“მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზე კვლევები ტარდება. ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და დიახ, რა თქმა უნდა, მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ. როდესაც ადამიანი ხდება ავად, ოჯახის წევრებს აქვთ ყველაფრის უფლება – დასვან ნებისმიერი კითხვა და ჰქონდეთ ნებისმიერი მოთხოვნა და ვალდებულები ვართ, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ. რაც შეეხება იმას, რომ პირად კონტროლზე მყავდეს, მე, სამსახურებრივი მოვალეობების გამო, უამრავი, ასეულობით პაციენტი მყავს პირად კონტროლზეც და ამ შემთხვევაშიც, პირველივე წუთებიდან საქმის კურსში ვარ პარამეტრებისა და კვლევის შედეგების დონეზე”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით, მე-9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •