აშშ-ს კვლავ “შათდაუნი” ემუქრება

800 ათასი ფედერალური მოსამსახურე, შესაძლოა, ისევ უმუშევარი დარჩეს

აშშ-ის კონგრესში, მოლაპარაკებები რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, ჩიხში შევიდა. ამიტომ ქვეყანა კვლავ “შათდაუნის” ზღვარზეა, რაც სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს.

მოლაპარაკების მონაწილეები შეთანხმების მიღწევას ორშაბათს იმედოვნებდნენ, რაც კონგრესს საშუალებას მისცემდა, პარასკევამდე ბიუჯეტი დაემტკიცებინა. 15 თებერვალს მთავრობის მუშაობის დროებითი ამოქმედების ვადა იწურება.

სახელმწიფო დაწესებულებების, სამი კვირის ვადით, სრულფასოვანი მუშაობის განახლების შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 იანვარს განაცხადა – აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 35 დღიანი “შათდაუნის” შემდეგ.

თუმცა “შათდაუნის” შემდეგ დაწყებული მოლაპარაკებების დროს, ყველაზე სადაო საკითხი კვლავ პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნა გახდა – ერთი კონკრეტული, სასაზღვრო პროექტისთვის 5,7 მლრდ დოლარის გამოყოფის თაობაზე. საუბარია აშშ-მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობაზე, რასაც ტრამპი, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თავის წინასაარჩევნო დაპირებად განიხილავს.

მოლაპარაკება ჩიხში დემოკრატების პოზიციის გამოც შევიდა, რომლებიც საიმიგრაციო სამსახურებს სთხოვენ, მთელი ძალისხმევა კრიმინალური წარსულის მქონე მიგრანტების დაკავებისკენ მიმართონ და არა მათ წინააღმდეგ, ვისაც ვიზის მოქმედების ვადა ამოეწურა.

როგორც გაზეთი New York Times წერს, საუბარია იმაზე, რომ საიმიგრაციო ცენტრებში დაკავებულთა  რაოდენობა შემცირდეს და იქ მხოლოდ პოტენციური დამნაშავეები ისხდნენ. დემოკრატები მათი რაოდენობის განახევრებას იმედოვნებენ, რაც 16,5 ათას ადამიანს ნიშნავს. გაზეთ Washington Post-ის ინფორმაციით, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, სწორედ ამდენი არალეგალი მიგრანტი იყო დაკავებული.

ამასთან, მოლაპარაკების მონაწილეები, პირველ ეტაპზე, კედლის დაფინანსების შემცირებას განიხილავდნენ – 1,3 მლრდ დოლარიდან 2 მლრდ დოლარამდე. დემოკრატებს, რომლებიც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას წარმოადგენენ, ასეთი კედლის მშენებლობა არამიზანშეწონილად და ფულის უმიზნო ხარჯვად მიაჩნიათ.

ტრამპმა ოპონენტებს კრიტიკით უპასუხა. “არ მგონია, რომ სასაზღვრო საკითხთა კომიტეტში მყოფ დემოკრატებს მათი ლიდერები შეთანხმების მიღწევის საშუალებას მისცემენ. ისინი ძალიან მცირე თანხას გვთავაზობენ ასეთი უაღრესად მნიშვნელოვანი – სასაზღვრო კედლის მშენებლობისთვის, ახლა კიდევ მოძალადე დამნაშავეების რაოდენობის შემცირება მოითხოვეს,” – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა “ტვიტერზე”.

მან დემოკრატების ქმედებებს არარაციონალური უწოდა და დაადანაშაულა, რომ მათ “მკვლელების ციხეში ჩასმა” არ სურთ. “რა ხდება?” – დასვა ტრამპმა რიტორიკული კითხვა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები “დროის ფუჭი ხარჯვა” აღმოჩნდა.

მთავარმა მომლაპარაკებელმა რესპუბლიკელების მხრიდან, სენატორმა რიჩარდ შელბიმ კვირას ტელეარხ Fox News-ს განუცხადა, რომ “მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა”, რადგან დემოკრატებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იმ ადამიანების რაოდენობის შემცირება უნდათ, ვინც აშშ-ში უკანონოდ შემოვიდა. შელბის თქმით, “შათდაუნის” აჩრდილი ქვეყანას მუდმივად თან სდევს.

დემოკრატმა ჯონ ტესტერმა კი, რომელიც ასევე მონაწილეობდა მოლაპარაკებების პროცესში, აღნიშნა, რომ პარასკევამდე შეთანხმების მიღწევას კვლავ იმედოვნებს. “ეს მოლაპარაკებებია. მოლაპარაკებები კი არ არის იოლი საქმე”, – თქვა მან Fox News-თან ინტერვიუში.

ბოლო “შათდაუნი” 800 ათას ფედერალურ მოსამსახურეს შეეხო, რომლებიც უვადო, უხელფასო შვებულებაში გაუშვეს ან სამსახურში დატოვეს – ოღონდ, ასევე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

 

ფოტო: AFP

 

 

 

 

  • 5
  •  
  •  
  •  
  •