მაიკლ ჯექსონის და ჯორჯ ჰარისონის დაკარგული ინტერვიუ – BBC-მ 40 წლის წინანანდელი ჩანაწერი იპოვა

40 წლის წინ, ორი უდიდესი ვარსკვლავი BBC-ის რადიოსტუდიაში კვირის მუსიკალურ სიახლეებზე სასაუბროდ შევიდა. მაიკლ ჯექსონი და ჯორჯ ჰარისონი საათნახევრის განმავლობაში განიხილავდნენ ნიკოლეტ ლარსონის, The Blues Brothers და Foreigner-ის სინგლებს და იმაზეც ჰყვებოდნენ, თუ როგორ წერდნენ საკუთარ სიმღერებს.

BBC-ის რატომღაც ეს ისტორიული ჩანაწერი არქივში სრულად არ შეუნახავს, შემორჩა მხოლოდ გადაცემის მცირე ფრაგმენტი. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ჯექსონისა და ჰარისონის ინტერვიუს სრული ჩანაწერის აღმოჩენა და აღდგენა მოხერხდა.

ჩანაწერში ისმის, რომ მაიკლ ჯექსონი – მისი ალბომის, Off The Wall გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, წუხს, რომ Motown Records მას საკუთარი მუსიკის დაწერის შესაძლებლობას არ აძლევს, ჰარისონი კი ჰყვება, რამდენად რთული იყო მისთვის ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის ჩრდილში მუშაობა.

ინტერვიუს დროს, ჯექსონი ყოფილ”ბითლზელს”ეკითხება, თავად წერდა თუ არა “ბითლზი” სიმღერებს დასაწყისიდანვე. 

“როგორ გითხრა, ჯონი და პოლი სიმღერებს ჯერ კიდევ მანამდე ქმნიდნენ, ვიდრე ჩვენი პირველი ალბომი გამოვიდიდა”, – პასუხობს ჰარისონი. 

ჩანაწერში ჩანს, რომ ჯექსონს ეს უკვირს და კითხულობს, როგორ ახერხებდნენ ისინი ამას. 

“არ ვიცი, – პასუხობს ჰარისონი, – ისინი მოხერხებული ბიჭები იყვნენ”. 

ჯექსონიც და ჰარისონიც იმ დღეს კარგ განწყობაზე იყვნენ და სრული სერიოზულობით ეკიდებოდნენ მათ წინაშე მდგარ ამოცანას: უკანასკნელი ჰიტების რეცენზირებას. თუმცა ერთგან, ჰარისონი იმასაც ამბობს, რომ უკვე ვეღარ იგებს, რა ითვლება ჰიტად და რა არა.

ინტერვიუ BBC Radio 1-ის გადაცემა Roundtable-ისთვის ჩაიწერა. წამყვანი დევიდ “ქიდ” ჯენსენი იყო.

“მათთან საუბარი ძალიან სასიამოვნო იყო, – ასე აღწერა ჯენსენმა ჯექსონთან და ჰარისონთან შეხვედრა, – სტუდიაში შექმნილი ატმოსფეროდან გამომდინარე, ჯერ კიდევ პირდაპირი ეთერის დაწყებამდე მივხვდით, რომ შესანიშნავი შოუ გამოვიდოდა”. 

იმის მიუხედავად, რომ თავად დევიდ “ქიდ” ჯენსენი ამ ინტერვიუს საუკეთესოდ თვლიდა, BBC-მ საარქივო მასალა გაანადგურა და წლების განმავლობაში, მხოლოდ რადიომიმღებიდან ჩაწერილი, ცუდი ხარისხის ასლები იყო ხელმისაწვდომი, რომლებზეც, ფაქტობრივად, არაფერი ისმოდა. თავად BBC-ს კი საათნახევრიანი შოუს მხოლოდ 4 წუთიანი ჩანაწერი ჰქონდა.

თუმცა, ცოტა ხნის წინ, რადიოსადგურ BBC Radio Solent-ის პროდიუსერმა, რიჩარდ ლატომ გადაწყვიტა, ეპოვა ინტერვიუს ხარისხიანი ჩანაწერი. ის ცნობილ კოლექციონერებს დაუკავშირდა და შოუს ასლს ვინმე რიჩარდ უაიტთან მიაკვლია. ეს ასლი 1979 წელს იყო დამზადებული. ჩანაწერი რადიომიმღებიდან გაკეთდა და მას ბევრი ხარვეზი ჰქონდა. ხმის გასაწმენდად, ლატოს მრავალსაათიანი, დაუღალავი შრომა დასჭირდა.

BBC-მ აღდგენილი ჩანაწერი რადიოეთერში 9 თებერვალს, პირველი ტრანსალაციიდან 40 წლის თავზე გადასცა.

ინტერვიუს ჩაწერაზე მისულ ჯექსონს თავზე უცნაური შლემი ეკეთა. ჰარისონი კი ჩანაწერში ჰყვება, რომ ერთი წლის განმავლობაში, მუსიკას თავი იმიტომ დაანება, ცხენზე ჯირითი რომ ესწავლა. ის, ასევე, საუბრობს იმაზეც, რომ “ბითლზის” ჰიტის – Something დაწერისას, რეი ჩარლზზე ფიქრობდა. 

– შენ დაწერე Something? – გაუკვირდა ჯექსონს, – არ ვიცოდი. მეგონა, ლენონმა ან მაკარტნიმ დაწერა. 

-კი, – უპასუხა ჰარისონმა, – ყველას ასე ჰგონია. 

 

წყარო: BBC

 

 

  • 3
  •  
  •  
  •  
  •  
  •